The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ სტანისლავის ძე სოღორაშვილი

გრიგოლ სტანისლავის ძე სოღორაშვილი
Other name:ზონელი  (Pseudonym)
ოცნებელი  (Pseudonym)
Date of birth:30 March, 1867  (157 years)
Date of death:192?
Category:Interpreter, Politician, Journalist, Public Figure

Biography

   გრიგოლ სოღორაშვილი დაიბადა 1867 წლის 30 მარტს ქუთაისში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში.

   1875–1878 წლებში ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის გიმნაზიაში და რომელიც 1885 წელს დაამთავრა.

   1887–1891 წლებშ, სამხედრო სამსახურში რევოლუციურ ჯარისკაცთა წრის გავლენით, რევოლუციურ იდეებს ეზიარა.     1891–1894 წლებში ოდესის საჯარო ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა და იმავე დროს უნივერსიტეტში ლექციებს ისმენდა. 1893 წელს გერმანელთა ახალშენში, მანჰეიმში ასწავლიდა. 1894 წელს კიშინიოვში საფილოქსერო კომიტეტში მსახურობდა, სადაც „ნაროდოვოლცების“ ჯგუფს დაუახლოვდა.

    1891–1896 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“ და ჟურნალ „Поморя и суши“-ში,სადაც გამოაქვეყნა აფხაზეთში მოგზაურობის აღწერა სათაურით „Афхазия“.

    1895–1896 წლებში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუზეუმ-ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა და ქართულ პერიოდულ გამოცემათა ვრცელი კატალოგი შეადგინა.

   1896–1897 წლებში ბათუმში მარქსისტებს დაუახლოვდა და მარქსისა და ჰეგელის შესწავლას შეუდგა. აქვე თარგმნა „კომუნისტური მანიფესტი“, რომელიც ჰექტოგრაფით 100 ცალამდე დაბეჭდა, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ვარლამ ჩერქეზიშვილმა ბრიტანეთის მუზეუმისთვის წაიღო.

   1897–1901 წლებში კახეთში მოღვაწეობდა, სადაც წინანდდლის მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვებას ეწეოდა.

   1901–1902 წლებში ბაქოში საუფლისწულო უწყების გამგედ მუშაობის პერიოდში, ლადო კეცხოველი და აბელ ენუქიძე გაიცნო და მათი რევოლუციურ-არალეგალური მუშაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჟანდარმერიას, საიდუმლო თვალთვალი დაუწყო და სწორედ იმ დროს შეიპყრო, როცა სოღორაშვილი ბაქოს არალეგალური სტამბის მანქანის რუსეთში გადაგზავნის შესახებ ტელეფონით აბელ ენუქიძეს ელაპარაკებოდა. იგი ჯერ ბაქოს ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი თბილისში მეტეხის ციხეში, საიდანაც 5 წლით ბათუმში გადაასახლეს, სადაც ჩასვლისთანავე პარტიულ-რევოლუციური მუშაობა გააჩაღა.

    1904 წელს ბათუმში სოლოღორაშვილის გეგმით არალეგალური სტამბა მოეწყო, რომელსაც ჟანდარმერია გაფაციცებით ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო. სოღორაშვილი ბათუმი-გურიის კომიტეტის სათავეში იდგა და განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა, როგორც დიქტატორი. მასვე ებარა ორგანიზაციის ფული, პარტიული ბეჭედი და სტამბა.

   1906 წელს, გაძლიერებული რეაქციის გამო, სოღორაშვილი პარიზს გაემგზავრა, სადაც რუსეთის ემიგრანტები და საფრანგეთის რევოლუციონერთა ლიდერები გაიცნო. იგი არჩეული იქნა სოციალ-დემოკრატების გაერთიანებულ ორგანიზაციაში და ამავე წელს ჟენევის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაშიც მონაწილეობდა.

   1906 წლის დამლევს ბათუმის ორგანიზაციამ იგი ქალაქის ხმოსნად აირჩია, რის გამოც 1907 წელს საზღვარგარეთიდან ბათუმში დაბრუნდა. როცა ხშირი გაფიცვების გამო როტშილდმა ქარხანა დახურა, მისმა სალიკვიდაციო კომისიამ ამ საქმის მოსაგვარებლად სოღორაშვილი პარიზს გაგზავნა, სადაც სოღორაშვილმა, სალიკვიდაციო კომისიის დავალებისა და როტშილდის ქარხნის ყოფილ მუშა-მოსამსახურეთა მოთხოვნილების თანახმად, როტშილდს მუშებისთვის ჯამაგირები და პენსიები მოსთხოვა, რაც სამთვიანი დავის შედეგად დაკმაყოფილებული იქნა.

   1908 წელს სოღორაშვილი კვლავ ბათუმშია და ერობის საკითხის გამო მოსკოვს გაემგზავრა მუნიციპალური და ეკონომიური საკითხების პრაქტიკულად შესასწავლად, ხმოსნად ყოფნის დროს შეისწავლა თუ რა რა სახის ძარცვა ხდებოდა ქალაქის მმართველობაში, განსაკუთრებით ელექტრო-სადგურში, რომელსაც ინჟინერი გერმანი განაგებდა და რომელიც ასევე გახლდათ გაზეთ „Батумские вести“-ს ბატონ-პატრონი. სოღოლაშვილი ხშირად ილაშქრებდა მის წინააღმდეგ, მაგრამ რადგან სიტყვით ვერას გახდა, ქალაქის ინტერესების დასაცავად გამოსცა გაზეთი „Батумская правда“ (შემდეგ „Батумский день“), სადაც ამტკიცებდა გერმანის ქურდობას - „Герман – вор, – Герман – машенник“. ამას მოჰყვა გამოძიება, რის შემდეგ გერმანი ბათუმიდან გაიქცა.

   1913–1917 წლებში სოღორაშვილი თავის მიერვე დაარსებულ მომხმარებელ კოოპერატივს თავმჯდომარეობდა და ამავე დროს ლომბარდის გამგედ იყო არჩეული. იგი ასევე გახლდათ სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მუშათა და ჯარისკაცთა სურსათით მომარაგება ევალებოდა.

   1918 წელს ბათუმში თურქების შემოსევის დროს, როცა საზოგადო მოღვაწეთაგან უმრავლესობა ქალაქიდან გაიქცა, მხოლოდ ქალაქის გამგეობა დარჩა ბათუმში სოღორაშვილის წინადადებით და ახალ არჩეულ საბჭოშიც მუშაობდა. ინგლისელების შემოსვლისას სოღორაშვილი არჩეული იქნა ქუთაისის ერობაში სასურსათო განყოფილების გამგედ, აქედან გადაიყვანეს თბილისის სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარედ და შემდეგ ცენტრალურ ერობაში იგივე საქმეზე.

   1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების დღიდან, ცნობილ მოღვაწე-მუშაკთაგან მხოლოდ სოღორაშვილი დარჩა თბილისში, საბჭოთა ხელისუფლებას 20-ზე მეტი საწყობი ჩააბარა და სტატისტიკოს-კონტროლიორად დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ საქართველოს მეურნეობის უმაღლეს საბჭოს (სმუს) სტატისტიკური განყოფილების გამგედ.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: