The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვალერიან ვლადიმერის ძე სიდამონ-ერისთავი

ვალერიან ვლადიმერის ძე სიდამონ-ერისთავი
Date of birth:20 May, 1889
Date of death:29 June, 1943  (at 54 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Painter, Entertainer

Biography

       ვალერიან სიდამო-ერისთავი დაიბადა 1889 წლის 20 მაისს ყვარელში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიასა და სამხატვრო სკოლაში, საიდანაც 1905 წლის რევოლუციის მიზეზით სკოლის დახურვის გამო გამორიცხეს.

     ხატვა დაიწყო 1902 წლიდან და თანამშრომლობდა საქართველოსა და რუსეთში რევოლუციამდელ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში დამსურათებლად. ასურათებდა სახელმძღვანელოებსაც და 1905-1907 წლებიდან გამოფენებშიც იღებდა მონაწილეობას.

    1909 წელს ჩააბარა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ა. არხიპოვი, ა. ვასნეცოვი და ნ. კასატკინი. 1915 წელს სასწავლებელი ჟანრის ფერმწერის წოდებით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პედაგოგად მუშაობდა თელავის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში და ხატვას ასწავლიდა.

    1915-1916 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველოს" რედაქციასთან, ქმნიდა კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე.  მუშაობდა წიგნის დიზაინში. 1917 წელს ერზრუმში იმოგზაურა და შექმნა ტიპაჟები, ყოფითი სცენების ჩანახატები. ამავე წლებში მუშაობდა ისტორიული ჟანრის ფერწერაზე.

    ვალერიან სიდამონ-ერისთავი სხვადასხვა დროს მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა ჭიათურის, ოზურგეთის, რუსთაველის თეატრებში და გარდაცვალებამდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი და სადადგმო ნაწილის გამგე იყო.

    ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დიდი ამაგი დასდო კინომრეწველობასაც. იგი საქართველოს კინომრეწვის სადადგმო ნაწილს განაგებდა და დაახლოებით 35-მდე ფილმის მხატვარია.

    1929 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის პროფესორად აირჩიეს. იგი ხელმძღვანელობდა მოსკოვში 1937 წლის საქართველოს მუსიკალური დეკადის სპექტაკლების გაფორმებას, რომლის სანიმუშოდ შესრულებისთვის სსრ კავშირის სახკომსაბჭომ სახელობითი საათით დააჯილდოვა. იგი მოსკოვში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო გამოფენის პავილიონის მთავარი მხატვარი იყო.

   ვალერიან სიდამონ-ერისთავმა სარატოვში პირველად რუსულად დადგმული ოპერა „დაისში“ ქორწილის სცენა გააფორმა, რისთვისაც საბჭოთა ხელისუფლებამ შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა და ხელოვნების დამსახურებული მუშაკის წოდება მიანიჭა.

   ვალერიან სიდამონ-ერისთავი გახლდათ ქართული რეალისტური ფერწერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი ტილოები დაცულია თბილისში, კიევში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, თელავში, კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა მუზეუმებში. მისი დამზადებულია ჭადრაკის ახალი ფიგურები, როგორიცაა ქართველები და ლეკები, ქართველი მეფე-დედოფალი, საქართველოს ციხე-ბურჯები და სხვა.

   1925-1943 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოღვაწეობდა. მან აღზარდა ახალგაზრდა მხატვართა მთელი თაობა.

    ვალერიან სიდამონ-ერისთავი გარდაიცვალა 1943 წლის 20 ივნისს და დაკრძალულია ვერის ძველ სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1938 - სამხატვრო აკადემიის პროფესორი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: