The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე

სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე
Date of birth:1869
Date of death:1934  (at 65 years)
Burial location:ქალაქი გორი
Category:Interpreter, Educator, Public Figure

Biography

   სერგო რობაქიძე დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩხარში, საშუალო შეძლების გლეხის 25 სულიან ოჯახში. წერა-კითხვა მხოლოდ ქალებს სცოდნიათ, რაც სერგოს ბებიისგან შეუსწავლიათ, რომელიც მეტად წიგნიერი ქალი ყოფილა, სცოდნია ხარის ბეჭზე მხედრული წერა და „ვეფხისტყაოსანიც“ გაზეპირებული ჰქონია.

   1879 წელს, სერგოს მამას, რომელმაც კარგად იცოდა ქართული და რუსული წერა-კითხვა და რომელსაც ცოტაოდენი ფული გასჩენია, შვილი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიუბარებია, მაგრამ მსურველთა დიდი რაოდენობის გამო უკან გამოუბრუნებიათ. სწორედ ამ დროს ქუთაისში გახსნილა ექვსკლასიანი საქალაქო სასწავლებელი და სერგომ ამ სასწავლებელში ჩააბარა, სადაც სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული მასწავლებლები ყველა საგანს ასწავლიდნენ, გარდა საღვთო სჯულისა. ისწავლებოდა თითქმის ყველა საგანი და პარალელურად დურგლობა და წიგნის კაზმვა. კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლისკენ გზა დაკეტილი ჰქონდათ, რადგან  მხოლოდ სამასწავლებლო ინსტიტუტში თუ ჩააბარებდნენ.

   სასწავლებელში მაღალ დონეზე ყოფილა ქართული ენის შესწავლა. სერგო მადლიერებით იხსენებს იქაურ პედაგოგებს: ალექსანდრე სიმ. ძე ნიჟარაძესა და ბესარიონ კონსტ. ძე ლომინაძეს, რომელნიც „შრომასა და ენერგიას არ ზოგავდნენ, ოღონდ გვესწავლა რამეო“.

   1887 წელს სერგო რობაქიძემ დაამთავრა ქუთაისის სასწავლებელი და თბილისში გაემგზავრა სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩასაბარებლად, სადაც მხოლოდ სამი წლის მომზადების მერე ჩაირიცხა.  ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი კოლოვიჩი, რომელიც მეტად განათლებული და ჰუმანული პიროვნება ყოფილა. ინსტიტუტს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია, რომლით სარგებლობა მხოლოდ ინსტიტუტის მოწაფეებს შეეძლოთ და  სერგოც დიდი ყურადღებით ეცნობოდა ამ ლიტერატურას. სამასწავლებლო ინსტიტუტში გარდა სპეციალური საგნებისა, კარგად ყოფილა დაყენებული ხატვისა და სიმღერის სწავლებაც, რაც აუცილებელი იყო მომავალი მასწავლებლისთვის. ასწავლიდნენ მეაბრეშუმეობასა და მეფუტკრეობას, სამეცნიერო მიზნით აწყობდნენ ექსკურსიებს. ინსტიტუტის დირექტორი დიდ ყურადღებას აქცევდა სასცენო ხელოვნებასაც და ამ მიზნით, მოსწავლეთა ძალებით, ხშირად მართავდა კონცერტებსა და წარმოდგენებს ქართულ და რუსულ ენებზე და იწვევდა მშობლებს, ქართული კულტურის მუშაკებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ აქ გაუცნია სერგო რობაქიძეს კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, ლადო მესხიშვილი და სხვები.

    სერგო რობაქიძე, ამავე წლებში აქტიურად ებმება მოსწავლეთა არალეგალურ რევოლუციურ წრეებში. ეს წრეები ძირითადად ხალხოსნური მიმართულებისა იყო და მათზე დიდი გავლენა ჰქონდათ ცნობილ ხალხოსნებს.

    სერგო რობაქიძე მონაწილეობას იღებდა კაიდანოვის ქალის მიერ თბილისში წამოწყებულ საკვირაო სკოლების მუშაობაში, სადაც ახალგაზრდებს აკრძალულ ლიტერატურას აცნობდნენ.  1893 წელს მასწვლებლებმა მოსწავლეთა ოთახები გაცხრიკეს და სერგოსთან დიდძალი ლიტერატურა აღმოაჩინეს და იგი ინსტიტუტიდან გარიცხეს. სერგო თბილისში დარჩა და მეტი ენერგიით მოჰკიდა ხელი თვითგანვითარებასა და რევოლუციურ მუშაობას.

   1898 წელს ქუთაისის სააზნაურო სკოლის დირექტორმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა, სერგოს შესთავაზა მასთან მასწავლებლად მუშაობა, რასაც იგი სიამოვნებით დათანხმდა და ამ სკოლაში მან 20 წელი იმუშავა. მისი სახით სააზნაურო სკოლამ, შემდეგში გიმნაზიამ, შეიძინა შესანიშნავი მასწავლებელი და აღმზრდელი, ხოლო  ქუთაისმა ენერგიული და კულტურული მოღვაწე.

   მოსწავლეებისგან ნამდვილი მოქალაქეების აღსაზრდელად საკმარისი არ იყო მხოლოდ ცალკეული საგნებში ცოდნის მიცემა, საჭირო იყო მათ  გონებრივ განვითარებასა და ზნეობრივ სიწმინდეზე ზრუნვა, მათი კულტურული დონის ამაღლება. ამ ყველაფერს დიდ ყურადღების აქცევდა სკოლის შემდეგი ხელმძღვანელი იოსებ ოცხელი და მას ამ საქმეში დიდ დახმარებას უწევდა სერგო რობაქიძე. თითოეული კლასისთვის შეიქმნა ბიბლიოთეკები, გაიხსნა საკვირაო სკოლები, რომელსაც დიდძალი ახალგაზრდა მიაწყდა, რომლებიც სკოლის გარეშე იყვნენ დარჩენილები. ქუთაისში, საკვირაო სკოლა გადაიქცა მასიური განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერად. ალექსანდრე გარსევანიშვილისა და ელენე ხელთუფლიშვილის მზრუნველობით ქუთაისში დაარსდა სახალხო უნივერსიტეტი, სადაც სერგო რობაქიძეც ასწავლიდა.

   სერგო რობაქიძემ დიდი ამაგო დასდო ქუთაისის თეატრის სახალხო აუდიტორიად გარდაქმნას. იმ პერიოდის ქუთაისში შესანიშნავი მსახიობები მოღვაწეობდნენ, მაგრამ ხალხი არ იყო თეატრს მიჩვეული. იქ ძირითადად ინტელიგენციის შეძლებული ფენა იკრიბებოდა და ამის მიზეზი ბილეთების სიძვირე იყო. სერგო რობაქიძის ინიციატივით შესდგა საზოგადოება, რომელიც „იაფფასიან წარმოდგენებს“ მართავდა და ეს წარმოდგენები სცენისმოყვარეთა ძალებით  იმართებოდა. დასი წარმოდგენებს მართავდა არა მარტო ქუთაისში, არამედ ჭიათურაში, ხონში და სხვა დაბებში.

   სერგო რობაქიძე ლიტერატურულ მუშაობასაც ეწეოდა. იგი თარგმნიდა პოლიტიკური შინაარსის ბროშურებს, რომლებიც ხალხში კონსპირაციულად ვრცელდებოდა.

   1912 წელს სერგო რობაქიძემ დაბეჭდა „სამშობლოს აღწერა“, რომელიც იყო გეოგრაფიის სახელმძღვანელო სურათებითა და რუკით და რომელმაც მეტად შეუწყო ხელი ქართველ ახალგაზრდობას თავისი სამშობლოს გაცნობის საქმეში.

   სერგო რობაქიძემ თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა სკოლის მშენებლობის საქმეშიც. 1921 წლიდან იგი გორში პედაგოგიურ ინსტიტუტში მასწავლებლობდა. მონაწილეობას იღებდა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში სახალხო განათლები დარგში. გორის მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მოსახლეობაში იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

   სერგო რობაქიძე  გარდაიცვალა 1934 წელს და დაკრძალულია ქალაქ გორში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)

Bibliography


Share: