The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილი

ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილი
Legal name:ანა სიმონის ასული მესხი
Date of birth:1851
Date of death:1919  (at 68 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Interpreter, Journalist, Public Figure, Entertainer

Biography

    ანა მესხი დაიბადა 1851 წელს ქუთაისში სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ცამეტშვილიან ოჯახში. ამ ოჯახმა ქართულ კულტურას რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი შესძინა.

    ანამ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მამას სურდა ქალიშვილი ქუთაისის სასწავლებელში გაეგზავნა, მაგრამ ეკონომიური ხელმოკლეობა ზღუდავდა და ანას აღზრდა უფროსმა დამ პელაგიამ იკისრა.

    1870 წლიდან, ანა მესხი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში ირიცხებოდა. იმ დროს, თითქმის არცერთი ქალი არ თანხმდებოდა სცენაზე გამოსვლას. პატრიარქალურ საზოგადოებაში სცენაზე თამაში ჯერ კიდევ ჯამბაზობად ითვლებოდა და ყველა ერიდებოდა ამ ასპარეზს. ქუთაისში, აკაკი წერეთელის ინიციატივით ჩამოყალიბებულ სცენისმოყვარეთა დასში, ანა მესხი ელენე ლორთქიფანიძესთან, ეფროსინე კლდიაშვილთან და მარიამ ხელთუფლისიშვილთან ერთად გამოდიოდა. ამ დასში დაიდგა სპექტაკლები: "ყვარყვარე ათაბაგი", "მზის დაბნელება", "ფიგაროს ქორწინება", "სკაპენის ოინები", "დავა", "ქოროღლი", "ქმარი ხუთი ცოლისა" და სხვა.

    1875-1880 წლებში ანა მესხი გახლდათ ქუთაისის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. იგი ქართული ენისა და ლიტერატურის ჩინებული მცოდნე იყო და დედის მსგავსად, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი. თავის დროზე, გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენელთა კომისიაშიც მონაწილეობდა.

    1883 წელს, ქუთათური ქალების მიერ, ანა ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოსული ჟურნალის „ ქართული ბიბლიოთეკის“ სარედაქციო კომისიის წევრი გახლდათ, სადაც მუშაობის დროს ეტტი პირსის რომანი - „არა, არ არის დანაშაული“ თარგმნა.

    ანა მესხი თანამშრომლობდა გაზეთ „დროებაში“. მან შეკრიბა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: ლექსები, თქმულებები და იგავ-არაკები. იგი თავის ძმას, სერგეი მესხს ქუთაისიდან მუდმივად აწვდიდა "დროებაში" გამოსაქვეყნებელ მასალებს.

     1879 წელს, როცა ქართული დრამატული დასი ქუთაისში პირველად ჩავიდა, ქუთათელმა ქალებმა ანა მესხის თაოსნობით, ქართველს მსახიობებს ტანისამოსი შეუკერეს, რომლითაც ქართული დასი გამოირჩეოდა და ამ ჩაცმულობით მათ მთელი დასავლეთ საქართველო შემოიარეს.

    1904 წლიდან ანა მესხი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    ანა მესხი გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

Bibliography


Share: