The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი

ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი
Date of birth:1820  (204 years)
Date of death:18??
Category:Manufacturer

Biography

    ალექსანდრე ზუბალაშვილი დაიბადა დაახლოებით 1820-1826 წლებს შორის. მის შესახებ შედარებით მცირე ინფორმაციაა შემონახული, რადგან იგი ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მემკვიდრეც არ ჰყოლია.

    იაკობისა და ანა ზუბალაშვილების ოჯახში აღზრდილ ალექსანდრეს კარგი განათლება მიუღია, ამიტომაც ითვლებოდა საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ახალგაზრდობიდანვე ყოფილა დაინტერესებული ქართული კულტურული მემკვიდრეობით, გატაცებით აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერებს, წიგნებს, ფულის ერთეულებსა და სხვა ისტორიისათვის ფასეულ ნივთებს. 1870-იანი წლების ბოლოს უმოგზაურია ქართლში და საერთო შთაბეჭდილებების შესახებ სტატიაც გამოუქვეყნებია გაზეთ „დროებაში“.

    1870-იან წლებში "თბილისის მოამბეში" დაბეჭდილა ალექსანდრე ზუბალაშვილის სტატია, სადაც საინტერესო წინადადებები ყოფილა გამოთქმული ქ. თბილისის წყლით მომარაგების თაობაზე, რომელსაც თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. ერთ-ერთი ასეთი გამოხმაურება დაბეჭდილა "დროებაში", სადაც გამოხმაურების ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს, რომ ალექსანდრე თავის სტატიაში საფუძვლიანად ასაბუთებდა როგორ უნდა მომხდარიყო ქალაქის და მისი შემოგარენის წყლით მომარაგების საკითხი და რომ "უფ. ალ. ზუბალოვის აზრით" ქალაქმა წყლის გაყვანის საქმე არ უნდა მიანდოს უცხო ვინმე პირს, ან კომპანიას. წყალი ისეთ საჭიროებას წარმოადგენს მცხოვრებთათვის, რომ უთუოდ ქალაქის საკუთრება უნდა იყოსო.

   ალექსანდრე ზუბალაშვილი დაინტერესებული ყოფილა ფოლკლორული მასალებითაც. მას თურმე სასიამოვნო მოვალეობად მიაჩნდა გლეხკაცის მეხსიერებაში ზეპირი გზით შემონახული ხალხური შემოქმედების ჩაწერა და გამოქვეყნება, რათა არ დაკარგულიყო თაობების წინათ შექმნილი ზღაპრები, ლექსები და თქმულებები. შეკრებილ მასალას იგი ჟურნალ-გაზეთებს უგზავნიდა.

    ევროპაში დამკვიდრების შემდეგაც ალექსანდრე ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდა საქართველოს ამბებს, ინტერესით კითხულობდა მის შესახებ ყველაფერს. იქაც აგროვებდა ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან დაკავშირებულ მასალებს. ამ კუთხით მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოში სიძველეთა დაცვის მუზეუმის გახსნა, სადაც სხვა მასალებთან ერთად მოთავსდებოდა წლების მანძილზე ნაგროვები თავისი პირადი კოლექციაც. მისი აზრით, ამგვარი მუზეუმის დაარსების ინიციატორი უნდა გამხდარიყო  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „პატივცემულ ალექსანდრე ზუბალაშვილს განუზრახავს ფინანსური დახმარება  აღმოუჩინოს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, რომ ამ საზოგადოებამ გაიკეთოს საკუთარი შენობა, სადაც მოეწყობა მუზეუმი“.

   ალექსანდრეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, ძმასთან კონსტანტინესთან, ძმისშვილებთან და ხანდახან  საქართველოშიც ჩამოდიოდა. წინაპრებისგან გადმოცემული სიკეთის მადლი ალექსანდრეშიც უხვად იყო შთანერგილი, ამიტომ იგი ყველგან და ყოველთვის თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდა, შეწირულობის სახით ხშირად ეხმარებოდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აგრეთვე ქვეყნისთვის მოღვაწე ცალკეულ პიროვნებებს, არ ავიწყდებოდა ღარიბი მოსახლეობაც. იგი თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც „საქართველოს სიძველეთა ნაშთთა მოყვარე და ქომაგი“ (ზ. ჭიჭინაძე).

   ალექსანდრე ზუბალაშვილის გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1900)

Share: