The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი

მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი
Date of birth:23 September, 1865
Date of death:10 September, 1920  (at 54 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Agronomist, Educator

Biography

    მიხეილ ზაალიშვილი დაიბადა 1865 წლის 23 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ იგოითში აზნაურის ოჯახში. დედა მარინე ჯავახიშვილი იმ დროისათვის მეტად განათლებული ქალი ყოფილა და სოფლის მოსახლეობას „კარაბადინის“ მიხედვით წამლობდა.

   პირველდაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო, 10 წლისა ჩამოიყვანეს და უშვილო მამიდას ნატალია კარგარეთელს მიაბარეს, რომლის მეთვალყურეობითა და  მზრუნველობით 1887 წელს ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ საოსტატო ინსტიტუტი ოქროს მედალზე დაამთავრა და საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

   1888 წელს მიხეილ ზაალიშვილი პოლონეთში გაემგზავრა და ნოვო-ალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა.

   მიხეილ ზაალიშვილი სამწერლო ასპარეზზე ჯერ კიდევ ნოვო-ალექსანდრიაში სწავლის დროს გამოვიდა. იგი სისტემატურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მეურნეში“ და ამავე პერიოდში გამოსცა ორი სახელმძღვანელო: „საზოგადო ზოოტეხნია ანუ საქონლის მოვლა-მოშენება“ და „საზოგადო მიწათმოქმედება“. მიხეილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც განაგრძობდა ჟურნალ „მეურნეში“ თანამშრომლობას. ამავე დროს იგი აქტიური წევრი იყო „ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობისა“, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მიხეილი მუშაობდა წინამძღვრიანთკარის სკოლის ზედამხედველად, შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში, სტავროპოლის ოთხკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად და ამ პერიოდში იქ მოსახლე სექტანტებზე შრომაც დაწერა: „Менониты и их колонии на Кавказе“.

   მიხეილ ზაალიშვილი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და მუდამ ახლის ძიებაში იყო. სწორედ ამ მიზნით იგი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1897 წელს პირველი თანრიგის აგრონომის წოდებით დაამთავრა.

   სტუდენტობის პერიოდში მიხეილ ზაალიშვილი სერიოზულად მუშაობდა ქართულ ტერმინოლოგიაზე. მისი წერილები: „ქართული ტერმინების შესახებ“ და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ 1896 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მეურნეში“.  1896 წელსვე  მიხეილმა გამოსცა აგრონომიული სახელმძღვანელო „მეფუტკრეობა“. ამ სახელმძღვანელოს გამოცემა იმ დროისთვის დიდ მოვლენას წარმოადგენდა.

   მიხეილი კავკასიის სტიპენდიანტი იყო და 6 წელი ოლქის ფარგლებში უნდა ემსახურა. მოსკოვში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი სასწავლო ოლქმა 1897 წელს  ერევნის საოსტატო სემინარიის დამრიგებლად დანიშნა, სადაც იგი ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. პარალელურად მიხეილი ერევნის ქალთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებასა და ფიზიკას კითხულობდა.

    ერევანში მუშაობის პერიოდში მიხეილი დიდ აგრონომიულ დახმარებას  უწევდა სომხეთის სოფლებს. სემინარიის ტერიტორიაზე გააშენა ხილის ბაღი და იყო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი.

   1902 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ზაალიშვილი ქალაქ გორში საოსტატო სემინარიის დამრიგებლად მუშაობდა, ასწავლიდა აგრეთვე გორის  ქალთა პროგიმნაზიაში. 1907 წლიდან იგი ინიშნება გორის ვაჟთა პროგიმნაზიის ინსპექტორად. ეს სასწავლებელი მიხეილ ზაალიშვილის ინიციატივითა და თავდადების წყალობით 1912 წლიდან გიმნაზიად გადაკეთდა.

   მიხეილ ზაალიშვილის კალამს ეკუთვნის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოები: „არაორგანული ბუნება, ჰაერი, წყალი და დედამიწა“, „ბოტანიკა“, „ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია“ და „ზოოლოგია“.

   მიხეილ ზაალიშვილი გარდაიცვალა 1920 წლის 10 სექტემბერს და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1914-1915)

Bibliography


Share: