The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე

დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე
სხვა სახელი:დავით კახელი  (ფსევდონიმი)
დულაშვილი  (ფსევდონიმი)
ეკალი  (ფსევდონიმი)
ს. კახელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1962  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გერმანია, ქალაქი ესენი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    დათა ვაჩნაძე დაიბადა 1884 წლის 4 აგვისტოს, თბილისის მაზრის სოფელ დიდ ლილოში, არტილერიის პოლკოვნიკის ვლადიმერ ვაჩნაძისა და ელენე ვახტანგის ასული მაჩაბლის ოჯახში. წერა-კითხვა  ოჯახში შეისწავლა.

    1894-1902 წლებში სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში. 1902-1904 წლებში უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღო პეტერბურგის პავლე პირველის სამხედრო სასწავლებელში და  1904 წლიდან, პორუჩიკის რანგით, მსახურობდა  ვარშავაში, მესანგრეთა მე-15 ბატალიონში. 1905 წელს გადაიყვანეს ტფილისის მესანგრეთა მე-2 ბატალონში.

    1906 წლიდან შედიოდა "კავკასიის ოფიცერთა კავშირში", კავკასიაში დისლოცირებული რუსული არმიის საიდუმლო პოლიტკურ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციური მონარქიის დამყარების ხელშეწყობას. ალექსანდროპოლის (ამჯამინდელი გიუმრი, სომხეთი) არმიის ნაწილებში ჩაბმული იყო ამ კავშირის საიდუმლო ქსელის მუშაობაში.

    1907 წელს, საიდუმლო საქმიანობის გამო აღძრული ეჭვის შემდეგ, დათა ვაჩნაძე გადაიყვანეს დაღესტანში, თემირხანშურაში, სადაც, 1907 წლის 10 აგვისტოს  გადადგა სამხედრო სამსახურიდან, დაბრუნდა თბილისში და ამ პერიოდიდან დაუკავშირდა ქართულ ნაციონალისტურ წრეებს.

    1908 წელს დათა ვაჩნაძე დაქორწინდა თამარ ციციშვილზე.

    1909 წელს დააარსა "ლილოს მერძევეთა ამხანაგობა" და საკრედიტო ბანკი ლილოსა და ოძისში. მუშაობდა თავად-აზნაურთა საკრებულოს საადგილმამულო კომისიაში.

    1910 წლიდან დათა აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს  და  ასევე მუშაობდა  ევროპული ლიტერატურის თარგმანებზე. 1912 წელს რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ჟურნალი "კლდე", რომელიც ნაციონალისტური მიმართულების პოპულარულ გამოცემად იქცა. რედქაციაში შედიოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), შალვა ამირეჯიბი და მიხეილ ჯავახიშვილი. ჟურნალი აქტიურად აშუქებდა საზოგადოებრივ პროცესებს და მწვავე პოლემიკა ჰქონდა სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გამოცემებთან.

   1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ,  მონაწილეობდა "ტფილისის ქართული დრუჟინის" დაკომპლექტებაში, იყო უფროსის - გიორგი ჯანდიერის ადიუტანტი. "დრუჟინა" ფარულად ცდილობდა დაეცვა ფრონტისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველი მუსლიმები შევიწროვებისაგან.

    1915 წლიდან იყო საადგილმამულო კომისიის მდივანი. ამავე დროიდან დათა ვაჩნაძე "კლდის" რედაქციის სხვა წევრებთან ერთად კავშირს აბამს "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან". არსდება კომიტეტის საიდუმლო ფილიალი თბილისში, რომელიც გერმანული წყალქვეშა ნავების საშუალებით, უზრუნველყოფდა შავი ზღვის სანაპიროდან იარაღის საიდუმლო შემოტანას. ჟურნალი "კლდის" დახურვის შემდეგ დათა ვაჩნაძე მონაწილეობდა გაზეთ "საქართველოს" დაარსებაში, რომლის რედაქციაშიც შედიოდნენ: რევაზ გაბაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, სპირიდონ კედია, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა ამირეჯიბი, კოტე მაყაშვილი და სხვები.

   1917 წელს დათა ვაჩნაძე  საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაში იღებდა მონაწილეობას და არჩეული იქნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. ამავე წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. იგი  აქტიურად იყო ჩაბმული ქართული პარტიების ლიდერთა საიდუმლო მოლაპარაკებებში საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გარშემო.

   1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

   1918 წლის აპრილში, ოსმალეთთან ომის პერიოდში,  დათა ვაჩნაძე მუშაობდა ფრონტის მომარაგების ნაწილში გურია ბათუმის მიმართულებაზე. 1918 წლის მაისისათვის,  საქართველოს ოსმალთა აგრესიისაგან დაცვის გარანტიების მოსაპოვებლად, ეროვნული საბჭოს მინდობილობით, იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის იმპერიის დიპლომატიურ წარმომადგენელთან - გრაფ ფონ დერ შულენბურგთან. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტის დროისათვის, დათა ვაჩნაძე ჩაბმული იყო საქართველოში მყოფი გერმანელი სამხედრო ტყვეებისაგან რაზმების დაკომპლექტებაში, რომლებიც, როგორც გერმანული არმიის ნაწილები, ჩადგნენ ქართულ და ოსმალური არმიის ნაწილებს შორის ფრონტის ხაზზე და უზრუნველყვეს ცეცხლის შეწყვეტა.

   1918 წლის 26 მაისს, დათა ვაჩნაძემ, როგორც ეროვნული საბჭოს დეპუტატმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და  სამხედრო კომისიის წევრი. ამავე წლის  ნოემბერში ჩართული იყო გერმანული არმიის საქართველოდან ევაკუაციის უზრუნველყოფაში.

   1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, ჩაბმული იყო ზურგის თავდაცვის ღონისძიებებში. 25 თებერვალს  დარჩა დედაქალაქში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. ამ დროიდან,  იგი აქტიურად მონაწილეობდა სამხედროთა იატაკქვეშა ჯგუფების ორგანიზებასა და კოორდინაციაში. მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან.

   1922 წლის 10 თებერვალს,  საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ დათა ვაჩნაძე დააპატიმრა და მოათავსეს მეტეხის ციხეში. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1922 წლის აპრილში.

   1922 წლის აგვისტოში დათა ვაჩნაძე აქტიურად იყო ჩაბმული "ხევსურეთის აჯანყების" ორგანიზებაში, თუმცა მისი მარცხის შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარმა ორგანომ  „დამოუკიდებლობის კომიტეტმა“  იგი გაკიცხა თვითნებური მოქმედებების გამო და მუშაობას ჩამოაშორა.

   1923 წლის მარტიდან დათა ვაჩნაძე არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. ამავე წელს  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მას თურქეთში არალეგალურად გასვლა დაავალა.  1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დათა ვაჩნაძემ ვეღარ შეძლო სამშობლოში დაბრუნება და იძულებული გახდა თურქეთში დარჩენილიყო. 1924 წლის შემოდგომაზე დათა ვაჩნაძე მონაწილეობდა სტამბოლში "კავკასიის კონფედერაციის კომიტეტის" (ККК) დაარსებაში, რომელიც წარმოადგენდა ქართულ-აზერბაიჯანულ-ჩრდილოკავკასიური პოლიტიკური ჯგუფების კავშირს.

   1926 წელს დათა ვაჩნაძე პარიზში გადასახლდა, სადაც აქტიურად მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროში, თანამშრომლობდა ნაციონალისტური მიმართულების გამოცემებთან, აქვეყნებდა სტატიებს, კითხულობდა მოხსენებებს,  ჩაბმული იყო კავკასიური კონფედერაციის პოლიტიკური იდეის განხორციელების მცდელობებში. სხვადასხვა პოლიტიკური მისიებით მოგზაურობდა ვარშავაში, ბერლინში, რომში, პრაღაში,  სადაც თავმოყრილი იყო ქართული ემიგრანტული სათვისტომოები.

   1937 წელს დათა ვაჩნაძემ დატოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიურო და  1939 წლიდან ცხოვრობდა რომთან ახლოს, ფრანჩესკო ფრანზონისა და მარინა ციციშვილის ვილაში.

   1941 წელს, ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების შემდეგ, დათა ვაჩნაძე გაემგზავრა ბერლინში, თუმცა 1942 წლამდე მან ვერ მოახერხა შეეღწია გერმანულ პოლიტიკურ წრეებში, რომლებიც კავკასიის საკითხებს კურირებდნენ. 1942 წლიდან, დათა ვაჩნაძე ჩაერთო გრაფი ფონ დერ შულენბურგის მიერ ორგანიზებული ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ცდილობდა კავკასიის საკითხი "აღმოსავლეთის სამინისტროს" განკარგულებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასულიყო, თუმცა უშედეგოდ. რადგან კავკასიის საკითხეზე მუშაობა არა "ქართულ კომიტეტს", არამედ "ქართულ სამოკავშირეო შტაბს" მიენდო, 1943 წლის ნოემბერში დათა ვაჩნაძე ჩამოშორდა პროცესს და ავსტრიაში, დრიზენდორფში (გიორგი მაჩაბლის მეუღლის მამულში) გადასახლდა.

   1945 წელს, დათა ვაჩნაძე მიუნხენში გადავიდა, სადაც მოუსწრო  მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ.

   1951 წლის დეკემბერში, საქართველოში დარჩენილი დათა ვაჩნაძის ოჯახი, მეუღლე და შვილები მასობრივი დეპორტაციის ფარგლებში შუა აზიაში გადაასახლეს. მეუღლე - თამარ ციციშვილი გადასახლებაში გარდაიცვალა, ხოლო შვილები 1954 წელს გაათავისუფლეს.

   დათა ვაჩნაძე მიუნხენში მართა კილმანზე დაქორწინდა. იგი გარდაიცვალა  1962 წლის 23 იანვარს და დაკრძალულია ქალაქ ესენში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1907-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: