The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მარიამ (მაშო) ოტიას ასული ვარდოსანიძე

მარიამ (მაშო) ოტიას ასული ვარდოსანიძე
Date of birth:1864
Date of death:17 January, 1943  (at 79 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Educator

Biography

      მარიამ ვარდოსანიძე დაიბადა 1864 წელს ქალაქ ქუთაისში ხელოსნის ოჯახში. მარიამმა ქალთა გიმნაზიაში ჩააბარა, რომლის სრული კურსი 1883 წელს წარჩინებით დაამთავრა და მასწავლებლის ხარისხიც მიიღო. სიღარიბის გამო მარიამი გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც იძულებული იყო კერძო გაკვეთილები აეღო ჩამორჩენილ მოსწავლეებთან, ბევრს უფასოდაც ამეცადინებდა.

    მარიამ ვარდოსანიძემ პედაგოგიური მოღვაწეობა 1884 წელს ქუთაისის ერთ–ერთ კერძო სკოლაში დაიწყო, სადაც 1886 წლამდე მასწავლებლობდა. ეს იყო პერიოდი, როცა სკოლებში დედა–ენაზე სწავლება იდევნებოდა და შემოღებული იყო ე.წ. მუნჯური სწავლება. 1886 წლიდან კერძო სკოლა სამრევლო სკოლად გადაკეთდა, სადაც მარიამმა 1894 წლის სექტემბრამდე იმუშავა. 1894 წლიდან იგი იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1906 წელს გამგედ გადაიყვანეს და 1919 წლამდე პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. 1919 წელს მარიამ ვარდოსანიძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო 1922 წელს განათლების კომისარიატის დადგენილებით ქუთაისის მე–12 შრომის სკოლის გამგედ გადაიყვანეს, სადაც იგი 1928 წლამდე მოღვაწეობდა, როგორც გამგე და როგორც პედაგოგი.

    მარიამ ვარდოსანიძის მოღვაწეობის მეტად საინტერესო პერიოდია ქუთაისის საკვირაო სკოლაქუთაისში პირველი საკვირაო სკოლა 1891 წელს გაიხსნა და იარსება 1914 წლამდე. მარიამი სკოლის სასარგებლოდ სისტემატურად მართავდა საღამოებს. კონცერტებს, წარმოდგენებს, აგროვებდა კერძო პირებიდან შემოწირულობებს და ამის საშუალებით საკვირაო სკოლას არსებობისთვის საჭირო პირობებს უქმნიდა. მარიამს მიაჩნდა, რომ სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ბიბლიოთეკა. მან ამის აუცილებლობა "ქართველთა შორის წერა–კითხვის საზოგადოების" გამგეობას დაუსაბუთა და სათანადო დახმარებაც სთხოვა. საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება გამოიჩინა მარიამის თხოვნის მიმართ და ბიბლიოთეკაც შეიქმნა. ყველასთვის ცნობილია თუ რა დიდი კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ეს საზოგადოება, მაგრამ ხალხის კეთილდღეობისა და განათლებისთვის თავგადადებული ადამიანების გარეშე ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ქუთაისში ასეთი თავდადებული ადამიანები იყვნენ: გიორგი მაიაშვილი, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, მარიამ ვარდოსანიძე და სხვები. როცა მარიამ ვარდოსანიძის დამსახურებაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის, რაც მან წერა–კითხვის საზოგადოების ხაზით გააკეთა. საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ზდანოვიჩის დახმარებითა და ხელისშეწყობით მარიამი თავდადებით მუშაობდა: ახალი წევრების შემოკრება თუ საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით საქველმოქმედო კონცერტების გამართვა, სეირნობების მოწყობა, შემოწირულობათა შეგროვება, წიგნსაცავ–სამკითხველოს გახსნისათვის ბრძოლა, სკოლების დაარსება, მასწავლებელთა შერჩევა, ფართო საზოგადოებაში ქშწკგ საზოგადოების მიზნების პროპაგანდა და სხვა.

    1927 წელს პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე 43 წლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მარიამ ვარდოსანიძეს იუბილე გადაუხადეს და შრომის გმირის საპატიო წოდებაც მიანიჭეს.

    ვალმოხდილი პედაგოგი 1943 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-)

Bibliography


Share: