The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი

კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი
Date of birth:1874
Date of death:1955  (at 81 years)
Burial location:ქალაქი გორი
Category:Medical Doctor, Educator, Public Figure

Biography

   კონსტანტინე ელიოზიშვილი დაიბადა 1874 წელს მალხაზ ელიოზიშვილისა და მარიამ (მართა) ერისთავის ოჯახში გორის მაზრის სოფელ ნიქოზში.

   1894 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და იმავე წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1899 წელს დაამთავრა და ჯერ ერევნის გუბერნიის, ხოლო შემდეგ ქალაქ არტაშაკში სასოფლო-საექიმო პუნქტის გამგედ დაინიშნა. მოგვიანებით იგი თბილისში მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად გადმოიყვანეს.

   1902 წლიდან კონსტანტინე ელიოზიშვილი გორში გადავიდა და ოთხი წლის განმავლობაში გორისა და დუშეთის მაზრების სასოფლო-საექიმო პუნქტებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში იგი რამდენჯერმე მივლინებით იმყოფებოდა პეტერბურგის წმინდა ელენეს სახელობის კლინიკურ ინსტიტუტში მეცნიერული და პრაქტიკული საქმიანობისთვის.

   ელიოზიშვილი წლების განმავლობაში სათავეში ედგა გორის მაზრის ჯანმრთელობის საქმეებს. 1935-1939 წლებში  იგი ხელმძღვანელობდა  საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გორის ფილიალს.  იყო ქალაქ გორის საქალაქო ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე და გორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

   1902 წლიდან ელიოზიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში, ხოლო 1910 წლიდან ამ საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრი.

   პირველ მსოფლიო ომში კონსტანტინე ელიოზიშვილი ფრონტზე სამხედრო ექიმად მსახურობდა.

   1939 წელს ელიოზიშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ქვემო ნიქოზში, ძველ სახლს ჩაუტარდა აღდგენა-რესტავრაცია და გაიხსნა საექიმო პუნქტი. მისივე ინიციატივით ამ სოფელში სამშობიარო სახლიც აშენდა.

   1940 წელს კონსტანტინე ელიოზიშვილმა გორის სახელმწიფო პედაგოგირ ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე „ადამიანის ნორმალური ანატომიის“ კურსის კითხვა დაიწყო.

    ელიოზიშვილს ეკუთვნის რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი თერაპიის აქტუალურ საკითხებზე. მის მიერ შედგენილია: „ადამიანის ნორმალური ანატომიის“ სახელმძღვანელო სამედიცინო სკოლებისთვის და დამხმარე სახელმძღვანელო ექიმთათვის - „პირველადი დახმარება უბედური შემთხვევებისა და უეცარი დაავადების დროს“. ავტორია სამედიცინო სახელმძღვანელოებისა ანატომიაში, ჰიგიენასა და ფიზიოლოგიაში. მისი წერილები მედიცინის საკითხებზე ხშირად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო კონფერენციებში. იყო მრავალმხრივი პრაქტიკოსი ექიმი და წარმატებით მკურნალობდა სხვადასხვა დაავადებებს.

   კონსტანტინე ელიოზიშვილი დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით. იგი გახლდათ გორის საქალაქო საბჭოს ორგზის მოწვევის დეპუტატი.

   კონსტანტინე ელიოზიშვილი გარდაიცვალა 1955 წელს. გორის საზოგადოებამ ქალაქ გორის ერთ-ერთ ქუჩას კონსტანტინე ელიოზიშვილის სახელი უწოდა.

Member of Organizations

  • გორის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, გორის ფილიალის ხელმძღვანელი
  • საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, სატერმინოლოგიო კომისიის წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1914)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Awards and Honors

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1948 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1945 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი და მედალი

Bibliography


Share: