The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ (ლადი) იესეს ძე გაგუა

ვლადიმერ (ლადი) იესეს ძე გაგუა
Other name:ხაკო უჩარდია  (Pseudonym)
Date of birth:1864
Date of death:25 July, 1944  (at 80 years)
Burial location:სენაკის რაიონი, სოფელი კოტიანეთი
Category:Educator

Biography

   ვლადიმერ გაგუა დაიბადა 1864 წელს ახალსენაკის მაზრის სოფელ კოტიანეთში. მარტვილის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, მაგრამ იქ გამეფებულ რეჟიმთან შეუგუებლობის გამო სასწავლებელი დატოვა და ხონის საოსტატო სემინარიაში ჩააბარა, რომლის კურსი 1884 წელს დაასრულა.

   1884 წელსვე ლადი გაგუა სოფელ ნორისის დაწყებით სკოლაში ინიშნება მასწავლებლად, სადაც მოსწავლეთა სიყვარული და ხალხის დიდი პატივისცემა მალევე მოიპოვა. ორმოც წელზე მეტ ხანს იმუშავა ვლადიმერ გაგუამ სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში და ყველგან დაუღალავად იბრძოდა ქართველი პატრიოტების აღსაზრდელად. სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა ნოსირში, კვათანაში, წალენჯიხაში, ხობში, ყულევში, ფოთში და სხვაგან. შავრაზმელმა დეკანოზმა ვოსტორგოვმა გადაწყვიტა სამრევლო სკოლები სამწლიანის ნაცვლად ოთხწლიანი გაეხადა და მოითხოვა ყველა საგნის სწავლება რუსულ ენაზე ყოფილიყო. ცხადია ეს პროექტი გულისხმობდა სკოლებიდან ქართული ენის განდევნას. მოწინავე ქართული საზოგადოება იაკობ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით წინ აღუდგა ამ პროექტს. ლადი გაგუას სწორედ ამ "უკუღმართობასთან" უხდებოდა ფარული თუ აშკარა ბრძოლა ყველა იმ რაიონში, სადაც კი მოღვაწეობდა. იგი განსაკუთრებული ენერგიით იცავდა ქართული ენის უფლებებს იმდროინდელ სამეგრელოს სკოლებში.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან ვლადიმერ გაგუა აქტიურად ჩაება ახალი სკოლის მშენებლობის საქმეში როგორც ხელმძღვანელი და გამოცდილი პედაგოგი, რომელსაც სამაზრო სკოლების ინსპექტორობა ჰქონდა დაკისრებული.

    ვლადიმერ გაგუა იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და სხვადასხვა წლებში იყო ამ განყოფილების გამგეობის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი და თავმჯდომარე.

    1929 წელს სენაკის მაზრის ხელმძღვანელმა ორგანიზაციებმა და განათლების მუშაკებმა ვალმოხდილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს მისი 45 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად იუბილე გადაუხადეს.

    ვლადიმერ გაგუა გარდაიცვალა 1944 წლის 25 ივლისს და დაკრძალულია სენაკის რაიონის სოფელ კოტიანეთში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარე (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910-)

Bibliography


Share: