The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე გივის ძე ამილახვარი (თავადი)

ივანე გივის ძე ამილახვარი
Date of birth:26 January, 1829
Date of death:29 August, 1905  (at 76 years)
Burial location:თბილისი, ქაშუეთის ტაძარი
Category:Military Person

Biography

    ივანე ამილახვარი დაიბადა 1829 წელს ქვემო ჭალაში, კასპის რაიონი. იგი იყო სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, 1879 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი, არაერთი ბრძოლის მონაწილე, სადაც არაჩვეულებრივი სამხედრო ნიჭით და სიმამაცით გამოირჩეოდა, რუსეთის იმპერატორებთან დაახლოებული პირი.

    ივანე ამილახვარი 1850 წლიდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853 წლიდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. 1853–1856 წლებში ყირიმის ომის დროს ამილახვარი კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფელ ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 

     ივანე ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1877–1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა.

    1883 წელს ამილახვარმა  მიიღო გენერალ-ლეიტენანტის და 1896 წლიდან კავალერიის გენერლის ჩინი, ხოლო 1901 წელს გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893–1897 წლებში იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური, მრავალჯერ ასრულებდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოვალეობას.

      ივანე ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები ჟურნალ „Кавказский сборник“–ში. ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების - კ. მამაცაშვილის, გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანების, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

    ივანე ამილახვრის პიროვნებაში უმტკივნეულოდ იყო შერწყმული რუსეთის საიმპერატორო ტახტის ერთგული ქვეშევრდომი და ქართველი პატრიოტი. იგი იყო დიდი ქველმოქმედი, მრავალი სიკეთის გამკეთებელი თანამემამულეებისთვის, მათ შორის, მშობლიური გორის მაზრის გლეხობისთვის. ამასთანავე ივანე ამილახვარი ზრუნავდა ქართული სიძველეების განახლება-რესტავრაციაზე და ამ საქმეზე არ ზოგავდა არც დროს და ენერგიას, არც ფულსა და შეძლებას. მისი განახლებულია სამთავისის ტაძარი, გორიჯვრის ციხე და ეკლესია, მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში ააგო წმ. მარინეს სახელობის ეკლესია და ა.შ. 

   ივანე ამილახვარი გარდაიცვალა 1905 წელს თბილისში. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში, რომლის მშენებლობაშიც ორგანიზაციულად თუ მატერიალურად მას არსებითი მონაწილეობა ჰქონდა მიღებული.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1905)

Awards and Honors

  • ოქროს ხმალი „მამაცობისათვის“

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: