The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სვიმონ პავლეს ძე გოგლიჩიძე

სვიმონ პავლეს ძე გოგლიჩიძე
Date of birth:1863
Date of death:1933  (at 70 years)
Category:Singer, Educator, Folklorist

Biography

    სიმონ გოგლიჩიძე დაიბადა  1863 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გოდოვანში. მუსიკალური ფოლკლორით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, რასაც ოჯახის გარემოცვამაც შეუწყო ხელი. ამ ოჯახში ყველა მღეროდა და ბავშვსაც ამღერებდნენ. განსაკუთრებით ხშირად იმერულ-რაჭული სიმღერების ჰანგები ესმოდა, რომელიც მან ძლიერ შეიყვარა.

   1887 წელს ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს იმერეთში, სოფლის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სკოლის საგნების გარდა, წარმატებით ასწავლიდა სიმღერა-გალობასაც, რაშიც დიდად გამოადგა თავისი მასწავლებლების რაჟდენ ხუნდაძისა და ანდრია ბენაშვილისგან მიღებული მუსიკალური განათლება. სიმონი კარგად ფლობდა ფორტეპიანოსაც, რომლის საშუალებითაც ბავშვებს გასაგებად გადასცემდა ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს.

   1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ გოგლიჩიძე გორის სასულიერო სასწავლებლის დაწყებით კლასებში პედაგოგად დაინიშნა და მასვე დაევალა სიმღერა-გალობის მასწავლებლობაც. გორის სემინარიაში სიმონი 15 წელი განაგებდა ორკლასიან სანიმუშო სასწავლებელს. გორში მან მოსწავლეთა საკმაოდ მოზრდილი გუნდი ჩამოაყალიბა და სასწავლებლის კედლებშივე ხშირად მართავდა საჯარო კონცერტებს. მის გუნდში წარმატებით გამოდიოდა ჯერ კიდევ ჭაბუკი სანდრო კავსაძე, რომელიც ძალიან უმადლოდა თავის მასწავლებელს და რომელიც, ბოლო კლასებში, მას ლოტბარობასაც აკისრებდა. გოგლიჩიძისგან გაიგო სანდრომ ნოტების რაობაც და მისი დახმარებით გორელმა მოწაფემ მრავალი სიმღერა ნოტებზე გადაიღო. ეს იყო სანდროს „პირველი“ კონსერვატორია. კავსაძესთან ერთად გუნდში მღეროდნენ მოწაფეები: სოსო ჯუღაშვილი (სტალინი), გიორგი გიგიტაშვილი, დავით კასრაძე და სხვები. თედო რაზიკაშვილის ქალიშვილი ეთერი იგონებდა: „ბიძაჩემის ვაჟას სტუმრობა ჩვენს ოჯახში დღესასწაულს უდრიდა. მამაჩემიც მაშინვე შეატყობინებდა თავის ყოფილ მასწავლებლებს ნიკო ლომოურსა და კოტე გარაყანიძეს, მათთან ერთად აუცილებლად წამოვიდოდა სიმღერის მასწავლებელი სიმონ გოგლიჩიძე“.

   1921 წლიდან სიმონ გოგლიჩიძე თბილისის პირველ გიმნაზიაში სიმღერა-გალობის მასწავლებლად გადაიყვანეს. იმ დროისათვის გიმნაზიის გუნდი და მათი კონცერტები კარგად იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. ამის შემდეგ სიმონი რკინიგზის სასწავლებელში და თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლაში მოღვაწეობდა, სადაც გარდაცვალებამდე განაგრძობდა მასწავლებლობას. ხალხური მუსიკის მოყვარულთ მრავალჯერ მოუსმენიათ სკოლის მოწაფეთა გუნდის მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სიმღერები. ძალიან ხშირად, ზაფხულობით, თბილისის ახლომდებარე აგარაკებში (კოჯორი, კიკეთი, მანგლისი, წყნეთი) საბავშვო ბაღებსა და სახლებში, საზოგადოებრივ საწყისებზე, ბავშვთა გუნდებს აყალიბებდა და ამღერებდა  როგორც თავისი მასწავლებლის, ანდრია ბენაშვილის, ასევე საკუთრივ მის მიერ შექმნილ საბავშვო სიმღერებს. იგი მთელი არსებით გრძნობდა ბავშვის სამყაროს და ამიტომ საყმაწვილო თამაშობებს მუსიკის თანხლებას უძებნიდა. ასე შეადგინა მრავალი საბავშვო სიმღერა-თამაშობა.

   სიმონ გოგლიჩიძე წარმატებით ათავსებდა პედაგოგობასა და საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გორის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. ღარიბ მოწაფეებსა და მოქალაქეებს ხელს უწყობდა სხვადასხვა ორგანიზაციების შექმნაში. მან მონაწილეობა მიიღო გორში სახალხო თეატრის დაარსების საქმეში და რამდენიმე წელი სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა სცენაზე.

   1921 წლიდან, თბილისის განათლების მუშაკთა სახლის დაარსებისთანავე, სიმონი მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ. მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან და ხშირად აქვეყნებდა სხვადასხვა მეთოდურ წერილებს. სასწავლო საგნებთან ერთად, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლის პროცესში სიმღერა-მუსიკის ჩართულობას. მან პირველმა შეადგინა მოთხრობებად საბავშვო თამაშობანი და რითმული მოძრაობანი სიმღერებითა და მუსიკალური დრამატიზაციით - „პირველი ცდა. საბავშვო მოძრავი თამაშობანი სიმღერებით და მოთხრობებით“, რომელიც განათლების სახალხო კომისარიატის მიერ მოწონებული იქნა და 1923 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ ცალკე წიგნად დაბეჭდა კიდეც.

   სიმონ გოგლიჩიძე გარდაიცვალა 1933 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1911)

Bibliography


Share: