Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დიმიტრი კონსტანტინეს ძე ემხვარი![]()
Biographyარზაყან ემუხვარი დაიბადა 1881 წლის 13 აპრილს (ძვ. სტ.) სოხუმის ოლქის სოფელ ჩხორთოლში (რეფი-შეშელეთი) მართლმადიდებელი მშობლების თავად ყიზილბაქ (კონსტანტინე) მურზაკულის ძე ემუხვარისა და ბზიფელი ხიმზადა ომარის ასულ მარღანიას ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ და არზაყანი, დედმამიშვილებთან ერთად, ძიძის ოჯახში იზრდებოდა. 1890 წელს დაამთავრა ოქუმის დაწყებითი სასწავლებელი და სწავლა განაგრძო სენაკის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1896 წელს დაამთავრა და ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სემინარიაში სწავლის დროს ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ თვითგანვითარების წრეში და დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს. სწავლის პერიოდში რედაქტორობდა არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალ „რიჟრაჟს“. 1902 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ, მოახერხა და თავი აარიდა სამხედრო სამსახურში გაწვევას, უარი თქვა, როგორ ოფიცრის კარიერაზე, ასევე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე და დაბრუნდა სამურზაყანოში, სადაც და-ძმებთან ერთად ცხოვრობდა და ცდილობდა ადგილობრივი საზოგადოებას განათლებასა და განვითარებაში დახმარებოდა. პარალელურად ჩაბმული იყო აფხაზეთში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში. არზაყან ემუხვარი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის ხელმძღვანელი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ ამ ჯგუფმა რეალურად აიღო ხელში ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. მათ ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, დაყვეს ქალაქი უბნებად და ბოიკოტი გამოუცხადეს ქალაქის თვითმმართველობას. რევოლუციის დამარცხების შემდეგ არზაყან ემუხვარი სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს და 1908 წლის 28 აპრილს თბილისის სასამართლო პალატამ მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა საზოგადოებრივ და პარტიულ საქმიანობას აფხაზეთში, იყო თავად-აზნაურთა კურიის თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო აფხაზეთის კომისარიატის თავმჯდომარე, ხოლო 1919 წლის 12 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. ამავე წლიდან გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ არზაყანმა მეუღლე და შვილები ქუთაისში სიმამრთან გახიზნა. თვითონ კი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად სამშობლო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. 1921-1922 წლებში სტამბოლში ცხოვრობდა შემდეგ კი პრაღაში გადავიდა და იმ დღიდანვე დაიწყო საქართველოში დარჩენილი ოჯახისთვის წერილების, ღია ბარათებისა და ვიზების გაგზავნა. 1927 წლიდან პრაღის ქართველთა კოლონიას ხელმძღვანელობდა. მეგობრების თხოვნით, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა განმანთავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობას და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღო, არზაყანი პარიზს გაემგზავრა. არზაყან ემუხვარის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ცხოვრება ძალიან გაუჭირდა საქართველოში დარჩენილ მის ოჯახს. მისი უფროსი ვაჟი - ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარი 1937 წლის საბჭოთა ტერორის მსხვერპლი გახდა. არზაყან ემუხვარი 1939 წლის 24 მარტს პარიზში, კლოდ-ბერნარის საავადმყოფოში მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ იგი ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს. 27 მარტს არზაყან ემუხვარი ლევლილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |