თა თე თვ
თან თაო

თაობა ჰიპოთეზური

E. Hypothetical cohort
Rus. Гипотетическое поколение
ადამიანთა პირობითი ერთობლიობა, რომელთა სიცოცხლის მანძილზე (ან მათი რომელიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში ყოფნისას) დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობა ყოველ ასაკში შეესაბამება მოცემულ კალენდარულ პერიოდში არსებულს. ამასთან, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ კალენდარულ პერიოდში, განიხილებიან როგორც ერთი და იგივე თაობის წარმომადგენლები. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა დავახასიათოთ დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობა, მოცემულ კალენდარულ პერიოდში, მაჩვენებელთა იმ სისტემით, რომელიც თითქოს ასახავს ამ თაობის რაოდენობის ან შემადგენლობის ცვალებადობას სიცოცხლის მანძილზე მოცემული პროცესის გავლენით კრებსითი მონაცემები ასეთი ერთობლიობისათვის გამოიყენება თაობისათვის მთლიანობაში, თაობა ჰიპოთეზურის მაჩვენებლები გაგებულ უნდა იქნას როგორც ამ პროცესის მიმდინარეობის შედეგი რომელიმე წარმოსახვით კოჰორტაში. თაობა ჰიპოთეზურის კრებსითი დემოგრაფიული მახასიათებლები (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო და ნეტო კოეფიციენტები და ა.შ.) განისაზღვრება დემოგრაფიული პროცესების ასაკობრივი საზომით მოცემული პერიოდისათვის თაობა ჰიპოთეზურის წარმომქმნელი ერთდროულად მცხოვრები რეალური თაობის მიერ. ამასთან მიიჩნევა, რომ დემოგრაფიული მახასიათებლები რჩება კალენდარული პერიოდის დონეზე თაობის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თაობა ჰიპოთეზური წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ცნებას განივი ანალიზისას. თაობა ჰიპოთეზურის საფუძველზე აგებული დემოგრაფიული მაჩვენებლები იძლევიან საჭირო ინფორმაციას არსებული დემოგრაფიული ვითარების შესახებ, მაგრამ მათი დინამიკა განიცდის გავლენას რეალურ თაობებში მიმდინარე პროცესების ინტენსივობის ცვალებადობასთან ერთად.

თაობა ჰიპოთეზურის ცნების ელემენტები ჯერ კიდევ XVII ს. გამოჩნდა. მისი ჩამოყალიბება XIX ს. მოხდა, თუმცა დასრულებული სახით თაობა ჰიპოთეზური XX ს. 40-50-იან წწ. წარმოდგა, მას შემდეგ, რაც პ. უელპტონის, ლ. ანრისა და სხვების მიერ მოხდა განივი ანალიზის ინტენსიური დამუშავება.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9