ეგ ევ ეთ ეკ ემ ენ ეპ ერ ექ
ეთნ

ეთნიკური ერთობა

E. Ethnic unity
Rus. Этническая общность
ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობილია ტომის, ეროვნების, ერის და სხვა წარმონაქმნის სახით. ეთნიკური ერთობის წარმოქმნის მთავარი პირობა იყო საერთო ტერიტორია, როგორც ადამიანთა გაერთიანების ბუნებრივი ბაზა და საერთო ენა. რიგ შემთხვევაში, მაგ., ამერიკის ერების ჩამოყალიბებისას, მათი ენების ერთიანობა გამომუშავდა ეთნიკური ერთობის სხვადასხვაენოვან კომპონენტებში სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტაქტების განვითარების პროცესში. ეთნიკური ერთობის ეთნოგენეზის პროცესში ყალიბდება თითოეული ეთნოსისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები როგორც მატერიალურ და სულიერ კულტურაში, ისე ყოფასა და ფსიქიკაში. ყოველივე ამასთან ერთად იქმნება ეთნიკური თვითშეგნება ამა თუ იმ ეთნიკური ერთობის საერთო წარმომავლობასა და ისტორიულ ბედ-იღბალზე. საერთო ტერიტორიასა და ენასთან ერთად ეთნიკური ერთობის თითქმის ყველა ეს ელემენტი შეიძლება ჩაითვალოს მის ნიშან-თვისებად. ეთნიკური ერთობის ფორმირებას ზოგჯერ ხელს უწყობს საერთო რელიგია და აგრეთვე რასობრივი ნიშნების სიახლოვე. ფორმირებული ეთნიკური ერთობა სოციალური ორგანიზმია, რომელიც საკუთარი თავის აღწარმოებას ახდენს და ამასთან ახალ თაობას მშობლიურ ენას, კულტურას, ტრადიციებს, ეთნიკურ ორიენტაციასა და სხვ. გადასცემს. უფრო მყარი არსებობის უზრუნველყოფის მიზნით, ეთნიკური ერთობა ცდილობს შექმნას სოციალურ-ტერიტორიული ორგანიზაციები (სახელმწიფო). დროთა ვითარებაში ამა თუ იმ ეთნიკური ერთობის წევრები შეიძლება ერთმანეთისაგან ტერიტორიულად გათიშული აღმოჩნდნენ, გამოიცვალონ ენა, კულტურა, მაგრამ ვიდრე მათ შემონახული აქვთ მთავარი ეთნიკური მსაზღვრელი - ეთნიკური თვითშეგნება, ისინი მაინც თავიანთი ღვიძლი ეთნიკური ერთობის წევრებად ითვლებიან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9