ობ ოვ ონ ორ ოჯ
ოჯა

ოჯახი

E. Family
Rus. Семья
ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერითა და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს ქორწინება და შობადობა წარმოადგენს. მათი და ნათესაობის გათვალისწინებით ოჯახი სოციობიოლოგიურ ინსტიტუტს შეიძლება მივაკუთვნოთ. ამასთან ოჯახი საზოგადოების სპეციფიკური ქვესისტემაა, რომელიც ურთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია საზოგადოების სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფასები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა. ოჯახის მნიშვნელობა გამომდინარეობს მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან, რომლებიც მთელი საზოგადოების თუ პიროვნების მოთხოვნილებების განვითარების კვალდაკვალ იცვლება. ერთი რიგის ფუნქციები თითქმის მუდმივად ინარჩუნებენ ძირითადობას (შთამომავლობის შექმნის, აღზრდის და სხვა), მეორენი სხვადასხვა კულტურულ-ისტორიული თუ სოციალურ-ეკონომიკური წყობის პირობებში, სხვადასხვა ძალით მოქმედებენ (მაგ., მეურნეობრივი), სუსტდებიან (ეკონომიკური) ან ქრებიან (მწარმოებლური). მესამენი კი თანდათან მზარდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას იძენენ (სოციალიზაციის, ოჯახის წევრთა ემოციური ურთიერთობის განხორციელების, დასვენების ორგანიზაციის და სხვა ფუნქციები). თანამედროვე პირობებში ოჯახის სიმტკიცე სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანია – სახელმწიფო ახდენს მისი შექმნის თუ დაშლის, ქორწინების, განქორწინების ფიქსაციას.

ოჯახი აღმოცენდა პირველყოფილ საზოგადოებაში (შუა პალეოლითი) ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის, წარმოშობის კვალდაკვალ. ქორწინებისა და ოჯახის პირველი ფორმა იყო წყვილადი ოჯახი (ერთი წყვილის არა მარტო სქესობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კავშირი, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული ჯგუფობრივი სქესობრივი ურთიერთობა). მაგრამ წყვილადი ოჯახი მტკიცე არ იყო და ადვილად იშლებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის განვითარების ამ საფეხურზე ადამიანთა შრომითი და ყოფა-ცხოვრებითი ერთობის ფორმას, ძირითად სოციალურ ორგანიზმს, გვარი წარმოადგენდა.

როგორც მყარი სოციალური და მწარმოებლური ჯგუფი. ოჯახი ჩამოყალიბდა გვიანდელი ნეოლითის ეპოქაში გვაროვნული წყობის დაშლის, კერძო საკუთრებისა და კლასების წარმოშობასთან ერთად. ეს არის მონოგამიური ოჯახი რომლის ჩამოყალიბება განაპირობა კერძო საკუთრების დაგროვებამ და პირდაპირი მემკვიდრისთვის მისი გადაცემის მოთხოვნამ. წყვილადიდან მონოგამიურზე გარდამავალ ფორმას წარმოადგენდა პატრიარქალური ოჯახი, რომელიც მკაცრად მონოგამიური მხოლოდ ქალისათვის იყო. მისი განვითარების გვიანდელ საფეხურზე შექმნილმა საოჯახო თემმა საზოგადოების ცხოვრების განმსაზღვრელი ხასიათი მიიღო. ეს იყო მშობლებისა და მათი დაოჯახებული ვაჟიშვილების ინდივიდუალური ოჯახებისაგან შემდგარი მრავალრიცხოვანი სოციალური ერთეული, რომელიც ხასიათდებოდა შრომის ორგანიზაციის შიგაოჯახური ურთიერთობების განსაზღვრული სქესობრივ-ასაკობრივი დიფერენციაციით და იერარქიით, ოჯახის უფროსი მამაკაცის ავტორიტარულობით. ოჯახის ეს ფორმა დაშალა კაპიტალისტურმა ურთიერთობამ. მან დაარღვია ადრინდელი ეპოქებისათვის დამახასიათებელი კავშირი ოჯახსა და წარმოებას შორის. დიდი ოჯახი დაიშალა მხოლოდ მშობლებისა და შვილებისაგან შემდგარ პატარა, ნუკლეარულ ოჯახებად. ამაში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ცვლილებებთან ერთად, დიდი როლი ითამაშა წარმოებაში ქალის ჩაბმამ და მის მიერ სამოქალაქო უფლებების მოპოვებამ. აღმოცენდა ოჯახი, რომლის სრულ განვითარებას ხელს უწყობდა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების არსებობა. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში შექმნილმა პროგრესულმა ტენდენციებმა შემდგომში სრული განვითარების შესაძლებლობა მიიღეს.

ოჯახის შეისწავლის მრავალი მეცნიერება – სოციოლოგია, ეკონომიკა, ეთნოგრაფია, სამართალი, ფსიქოლოგია, დემოგრაფია და სხვა. დემოგრაფიაში ოჯახი შეისწავლება მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის რეპროდუქციულ ფუნქციას, რომელიც სხვა ფუნქციებთან ურთიერთკავშირში განიხილება. ამავე დროს შესწავლის ობიექტს წარმოადგენს თვით ოჯახების წარმოქმნისა და განვითარების პროცესი. ამასთან, განიხილება ოჯახის შემადგენლობის ცვალებადობა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის აღწარმოებაზე: დაქორწინება, ბავშვების გაჩენა, განქორწინება ან ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილი, ახალგაზრდა ოჯახის წარმოქმნა. ვითარდება რა, ოჯახი გაივლის რიგ ეტაპებს, რომელთა თანმიმდევრობა ოჯახის სიცოცხლის ციკლს წარმოქმნის.

ტერმინი „ოჯახი“ თურქული წარმოშობისაა. თავდაპირველად ქართულში მის ნაცვლად გამოიყენებოდა ტერმინი „სახლი“ და „კომლი“.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9