XX ს–ის საერთაშორისო სისტემის ბიპოლარული დაყოფის ერთ–ერთი სახე, რომელიც განვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებსა და მესამე სამყაროს განვითარებად ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღნიშნავდა. ჩ.–ს–ის დიქოტომია დეკოლონიზაციის პროცესის შედეგად გაჩნდა. ჩ.–ს–ის დაპირისპირების თავდაპირველი მიზეზი პოლიტიკური იყო. სამხრეთის (მესამე სამყაროს) ქვეყნებმა მიუმხრობლობის მოძრაობის საშუალებით სცადეს თავი დაეღწიათ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ზეგავლენისაგან და ყოფილი მეტროპოლიების მხრიდან ინტერვენციისაგან მოგვიანებით, ჩ.–ს–ის დაპირისპირების წინა პლანზე ეკონომიკურმა საკითხებმა წამოიწია, რაც ვაჭრობასა და ფინანსებში სამხრეთის ქვეყნების ჩრდილოეთის ქვეყნებზე დამოკიდებულებამ განაპირობა. სამხრეთის ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის) გამოყენებით ცდილობდნენ ეიძულებინათ ჩრდილოეთი მეტი ყურადღება მიექცია სამხრეთის პრობლემებისათვის. სამხრეთის ქვეყნების ყველაზე წარმატებული შეთანხმებული ქმედება ჩრდილოეთის წინააღმდეგ ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოების ორგანიზაციის, „ოპეკის“ დაარსება აღმოჩნდა, რამაც ჩრდილოეთის ქვეყნებს თავდაპირველად სერიოზული ენერგეტიკული პრობლემები შეუქმნა. სამხრეთის ეკონომიკური მოთხოვნები XX ს–ის 70–იან წლებში ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის იდეოლოგიის სახით ჩამოყალიბდა. ცივი ომის დასრულებამ ჩ.–ს–ის ურთიერთობებზე შედარებით ნაკლები გავლენა მოახდინა. სამხრეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ჩრდილოეთის ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების ერთ–ერთი ბერკეტი დაკარგეს. ამჟამად სამხრეთის ბლოკში პოლიტიკური სოლიდარობა თითქმის დაკარგულია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]