ბრიტანული სოციალურ–ანთროპოლოგიური სკოლის წარმომადგენლების, ანუ ადრეული (XX ს–ის 20–იანი წლები) ფუნქციონალისტების (რადკლიფ–ბრაუნი, მალინოვსკი) მიერ ჩამოყალიბებული სამი ძირითადი პოსტულატი: 1. საზოგადოების ფუნქციური ერთიანობის პოსტულატი – სოციალური (კულტურული) სტანდარტები (მოვლენები) ფუნქციურია მთელი სოციალური ან კულტურული სისტემისათვის; 2. უნივერსალური ფუნქციონალიზმის პოსტულატი – ყველა სოციალური ან კულტურული ელემენტი ასრულებს პოზიტიურ ფუნქციას; 3. აუცილებლობის პოსტულატი – პოზიტიური ფუნქციის შესრულებასთან ერთად სოციალური ან კულტურული მოვლენები აუცილებელია (შეუცვლელია) მოცემული სისტემისათვის. მერტონი აკრიტიკებს ამ პოსტულატებს და მიიჩნევს, რომ ისინი ვალიდურია მხოლოდ პრიმიტიურლი, დამწერლობამდელი საზოგადოებების მიმართ და არ გამოდგება თანამედროვე საზოგადოებების ანალიზისათვის. მერტონი ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა (ინსტიტუტი, სტრუქტურა) შეიძლება ფუნქციური მნიშვნელობის მქონე იყოს სოციალურ ერთეულთა განსაზღვრული ერთობლიობისათვის, ხოლო დისფუნქციური – სხვა ერთობლიობის მიმართ. გარდა ამისა, ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება შესრულდეს ალტერნატიული სოციალური სტრუქტურების მიერ, ე.ი. ესა თუ ის სტრუქტურა არ არის შეუცვლელი ამა თუ იმ ფუნქციის შესასრულებლად. ასე შემოაქვს მერტონს დისფუნქციის და ფუნქციური ეკვივალენტების ცნებები, როგორც ფ.ა.პ–ის კრიტიკის მთავარი კონცეპტუალური იარაღი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]