1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

E EA ED EF EG EH EL EM EN EO EP EQ ER ES ET EU EV EX
ERG ERO ERR

ERGA OMNES

(ლათ., ნიშნავს: ,,ყოველთა შორის“) - საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა (იხ. სუბიექტები საერთაშორისო სამართლისა) ვალდებულება, დაემორჩილონ საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითად მორალურ-პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავენ და ცალკეული სახელმწიფოების, თუნდაც მათი ჯგუფების, ინტერესებზე მაღლა დგანან. ასეთი ვალდებულების დარღვევისათვის სახელმწიფო (სახელმწიფოები) პასუხს აგებს მთელი თანამეგობრობის წინაშე, რომლის ყოველ წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართალში ან პოლიტიკურ ორგანოებში (მაგ., გაეროში). საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ხელშეკრულებათა ბათილად გამოცხადებას ეხება, ვალდებულება EO არ არის შეზღუდული მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებით, მას ექვემდებარება, აგრეთვე, სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კონკრეტული ქმედებები, რომლებიც არღვევენ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის EO-ის ხასიათის მქონე ნორმებს. მაგალითად, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 1970 წელს ერთ-ერთი საქმის (,,Barcelona Traction Case”) განხილვისას დაადგინა: ,,არსებითად უნდა განვასხვავოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური დაცვის სფეროში. პირველი მათგანი თავისი არსით ეხება ყველა სახელმწიფოს. ამ უფლებათა მნიშვნელობის გამო უნდა ითქვას, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს მათი დაცვის სამართლებრივი ინტერესი; ეს არის ვალდებულება Erga omnes. მაგალითად, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი ვალდებულებები გამომდინარეობს აგრესიის აქტის კანონგარეშედ გამოცხადებიდან, გენოციდის აკრძალვიდან, აგრეთვე იმ პროცესებიდან და ნორმებიდან, რომლებიც ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, მონობისა და რასობრივი დისკრიმინაციისაგან დაცვის ჩათვლით. დაცვის ზოგიერთი სათანადო უფლება შევიდა საყოველთაო საერთაშორისო ჩვეულებით სამართალში, ხოლო სხვები აღიარებულია უნივერსალური და თითქმის უნივერსალური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამ დასკვნამ დიდი როლი შესარულა EO-ის პრინციპის განვითარებაში.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9