1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ

კანონი

  1. E. Law
    სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული იურიდიული აქტი, ან ხალხის ნების უშუალოდ გამოხატვის შედეგად (მაგალითად, რეფერენდუმის გზით) ძალაში შესული და სახელმწიფოს უფლებამოსილებით მხარდაჭერილი ნორმა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. კ. სახელმწიფო სამართლის სისტემის საფუძველია. ის, როგორც წესი, უკვე არსებულ, მნიშვნელოვან ნორმებს აწესრიგებს.
    სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებთან შედარებით კ-ს უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს. კ-ს მიღებისათვის დამახასიათებელია სპეციალური კანონშემოქმედებითი პროცედურა, რომელიც რამდენიმე სტადიად იყოფა: საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მისი მიღება და გამოქვეყნება. შინაარსის მნიშვნელობის მიხედვით კ-ები იყოფა: საკონსტიტუციო, ორგანულ და ჩვეულებრივ კ-ებად.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. მოვლენებს შორის არსებითი, აუცილებელი, მყარი და განმეორებადი კავშირურთიერთობების ფორმა. პოლიტიკურ ურთიერთობებში კ–ებს ნორმატიული ხასიათი აქვს. სახელმწიფოებისათვის უმაღლესი კ. არის კონსტიტუცია, რომელსაც მოსდევს რანგით უფრო დაბალი, კონსტიტუციით განსაზღვრული წესით უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სამუშაო რეჟიმში მიღებული ნორმატიული აქტები. ვიდრე ნორმატიული აქტი კ–ის სტატუსს მიიღებდეს, რასაც, როგორც წესი, ეძღვნება საპარლამენტო დებატების დიდი დრო, ის მხოლოდ კანონპროექტია. ყოველი კანონპროექტი ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს და მისი შემუშავება ხდება შესაბამის (ვთქვათ, განათლების ან სოციალური უზრუნველყოფის) საპარლამენტო კიმიტეტში ან ქვეკომიტეტში, რის შემდეგაც ხდება მისი გატანა საპარლამენტო განხილვაზე. ქვეყნებში, სადაც უმაღლესი კ. კონსტიტუციაა, ყველა სხვა კანონი მას უნდა შეესაბამებოდეს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. law, act
    Gk. kanon სწორი ჯოხი, წესი, მითითება
    1. საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება; კანონზომიერება, მაგ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი;
    2. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი ყველასათვის სავალდებულო წესი, მაგ. საარჩევნო კანონი, კანონთა კრებული;
    3. საეკლესიო წესი ან დოგმატი, დადგენილი უმაღლესი იერარქის მიერ;
    4. სახოტბო საეკლესიო გალობა წმინდანთა სადიდებლად;
    5. (მუს.) პოლიფონიურ ნაწარმოებში: ერთი და იმავე მელოდიის თანამიმდევრობით გამეორება ყველა ხმის მიერ;
    6. სიმებიანი საკრავი, რომელსაც აჟღერებენ თითებზე ჩამოცმული სპეციალური პლექტრებით; გავრცელებულია სომხეთში, აგრეთვე შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9