საუბარი ევროპის პოლიციის სამსახურის შექმნის შესახებ პირველად 1991 წელს დაიწყო. მაშინდელი გეგმის მიხედვით უნდა შექმნილიყო ახალი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა წევრ სახელმწიფოებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. კონვენციას ევროპოლის შექმნის შესახებ 1995 წელს მოეწერა ხელი, ძალაში კი 1998 წელს შევიდა. საპოლიციო თანამშრომლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავით. მის დებულებათა განსახორციელებლად 1995 წელს შეიქმნა ევროპოლის ნარკოტიკების დროებითი განყოფილება. ამ განყოფილების მთავარი მიზანი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მოგვიანებით მისი მოქმედების სფერო გაფართოვდა და რადიაქტიული და ბირთვული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის, უკანონო საიმიგრაციო ქსელების, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობისა და კრიმინალურ ქმედებებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა მოიცვა, რასაც, მოგვიანებით, ადამიანებით ვაჭრობაც დაემატა. ევროპის პოლიციის სამსახურმა ევროპოლის ნარკოტიკების განყოფილება 1999 წლის 1 ივლისიდან შეცვალა. ევროპოლის შტაბბინა მდებარეობს ჰააგაში.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]