საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების თეორია დ.მ –ის თეორიის მიხედვით, რეჟიმის ტიპი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელია, ამიტომაც დემოკრატიები ერთმანეთს არ ეომებიან. ეს თეორია კანტის ნაშრომის „მარადიული მშვიდობის“ (1795) მოსაზრებებს ეფუძნება. დ.მ–ის თეორია თანამედროვე ლიბერალური და ნეოლიბერალური თეორიების ერთ–ერთი საფუძველია. ამ თეორიის მიხედვით, დ.მ–ს ინსტიტუციური და ნორმატიული შეზღუდვები განაპირობებს. ერთი მხრივ, დემოკრატიულ ქვეყნებში ელექტორატი, რომელიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენს, ცდილობს თავიდან აირიდოს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც მოსახლეობისათვის უბედურება მოაქვს. მეორე მხრივ, დემოკრატიული ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ნორმატიული შეზღუდვა სხვა დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მსგავსი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის არჩევის მოლოდინში ვლინდება. შესაბამისად, ომის თავიდან არიდების სტრატეგია და მსგავსი სტრატეგიის მოლოდინი სხვა დემოკრატიული ქვეყნებისგან დემოკრატიული მშვიდობის საფუძველს ქმნის. თავის მხრივ დემოკრატიულ მშვიდობას უსაფრთხოების თანამეგობრობების შექმნამდე მივყავართ. დემოკრატიული მშვიდობის თეორიის ემპირიულ საფუძველს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დემოკრატიულ ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის არარსებობა წარმოადგენს. ნეორეალისტები დ.მ–ის თეორიას აკრიტიკებენ. ერთი მხრივ, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ დემოკრატიის განსაღვრებას. მეორე მხრივ, ნეორეალისტებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის მიზეზთა საკუთარი ახსნა აქვთ. ეს მოსაზრებები ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის, როგორც მშბვიდობის განმსაზღვრელის ფუნქციას და, სამაგიეროდ, გვთავაზობს მშვიდობის გაგების (ახსნის) სხვა ვერსიებს, როგორიცაა დასავლურ სახელმწიფოებს შორის კულტურული ერთგვარობა, ალიანსი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ და, ბოლოს შემთხვევითობა. ამ კრიტიკის მიუხედავად, დემოკრატიული მშვიდობის თეორია დღეს დასავლეთში საგარეო პოლიტიკური აზროვნების ერთ–ერთი საფუძველია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]