მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი ფორმა, რომელიც წესდება შვიდი წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვებზე, აგრეთვე, პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო. მეურვეობა უწესდება ბავშვს, რომელიც მშობლების გარდაცვალების, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით დარჩა მშობლების მეთვალყურეობის გარეშე. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს მეურვეობა უწესდება, რადგანაც მას არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. ბავშვზე მეურვეობა ეკისრება განათლების, ხოლო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირზე - ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანოს. მეურვე ინიშნება მხოლოდ მისი თანხმობით და ამ მოვალეობას იგი ასრულებს უსასყიდლოდ. მეურვე მოვალეა იზრუნოს სამეურვეო პირის რჩენისათვის, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. სულით ავადმყოფის მეურვე მოვალეა, აგრეთვე, თვალყური ადევნოს სამეურვეო პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას. მეურვე განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოშიც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1275-1276, 1287-1289).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]