1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იდე იდი

იდენტურობა

  1. E. Identitit, Identitas
    ლათ. „იგივე და იგივე“, ერთი და იგივე - ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ რეალობასა და ინდივიდუალობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს (ნაწილობრივ გაცნობიერებულად და ზოგ შემთხვევებში ქვეცნობიერადაც) ამა თუ იმ ტიპოლოგიურ კატეგორიებთან (როგორიცაა სოციალური სტატუსი, სქესი, ასაკი, ჯგუფი, კულტურა). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ იდენტურობას, კულტურულ იდენტურობას, ეთნიკურ იდენტურობას, ჯგუფურ იდენტურობას... იდენტურობა (მისი შეგრძნება) ყალიბდება ადამიანის ინდივიდუალური განვითარების კვალდაკვალ და სოციალიზაციის, იდენტიფიკაციის, პიროვნული ინტეგრაციის შედეგია. ინდივიდის მიერ სოციალურ-კულტურული ნიმუშების, ნორმების, ღირებულებების ათვისება და გაზიარება, საკუთარი თავის, ადგილის მიკუთვნება არა არის ერთგვაროვანი პროცესი და ხასიათდება გარკვეული ცვლილებებითაც; ძირითადად ეს პროცესი ახალგაზრდობის დროს სრულდება. მეცნიერები ასევე გამოყოფენ იდენტურობის დაკარგვის, შელახვის შესაძლებლობასაც, რომელიც ძირითადად ინდივიდის ასაკობრივი, ფსიქოლოგიური კრიზისის ან სოციალურკულტურული გარემოს მკვეთრად შეცვლის შემთხვევაში რეალიზდება. მაშასადამე, იდენტურობის დაკარგვა თანამდევია ისეთი მოვლენებისა როგორიცაა გაუცხოება, დეპერსონალიზაცია, ანომია, პიროვნული დისორიენტაცია, სოციალური იზოლირება, გაორება (მარგინალიზაცია), ფსიქოლოგიური პათოლოგია. სოციალურ-კულტურული კულტურული ცვლილებების დროს იდენტურობის კრიზისმა შეიძლება ფართო, საყოველთაო მასშტაბები მიიღოს, თუმცა მას ზოგჯერ დადებით რეზულტატამდეც მივყავართ (როგორიცაა ცვლილებებისადმი ადაპტაცია, სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.). იდენტურობის მექამიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში. მრავალი მეცნიერი უპირატესობას ანიჭებს ტერმინს „იდენტიფიკაცია“, ვიდრე „იდენტურობა“. პირველი თავად პროცესსაც გულისხმობს და არა მარტო მოვლენას. ტერმინი პირველად ხმარებაში ფსიქოანალიზმის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო. მისი სკოლა იდენტიფიკაციას „მეს“ თვითგანვითარების მთავარ, ცენტრალურ მექანიზმად მოიაზრებს. იდენტიფიკაციის ცნებას ასევე აქტიურად იყენებენ სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევრები როგორც სოციალიზაციის, სოციალური როლების, ადაპტაციის, მიღების, სოციალურ-კულტურული მოდელების ათვისების მთავარ ელემენტს.
    Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. სიტყვა „იდენტურობა“ მოდის ლათინური ფრაზიდან Idem et Idem, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „იგივე და იგივეს“ ანუ „ერთსა და იგივეს“. იდენტურობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა. შ.). თავად პროცესის, დინამიკის აღსანიშნავად ამჯერად უფრო მოსახერხებელი იქნება გამოვიყენოთ ტერმინი „იდენტიფიკაცია“, რომელიც ხმარებაში პირველად ფსიქოანალიტიკურმა სკოლამ შემოიტანა. დღეს სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარები „იდენტიფიკაციაში“ გულისხმობენ ინდივიდის სოციალიზაციას, სოციალური როლების მიღებასა და ადაპტაციას, სოციალურ-კულტურული მოდელების ათვისების პროცესს.
    Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9