1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შაქ შახ

შაქრიანი დიაბეტი

დაავადება, რომელიც განპირობებულია ინსულინის შედარებითი ან აბსოლიტური უკმარისობით, რის შედეგადაც ვითარდება ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლა: ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინების, წყალ-მარილოვანი ცვლის. განასხვავებენ ინსულინდამოკიდებულ (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1) და ინსულინდამოუკიდებელ (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2) შაქრიან დიაბეტს. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში 30 წლამდე, მაგრამ შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. მისთვის დამახასიათებელია ინსულინის აბსოლიტური დეფიციტი, რის შედეგადაც სისხლში იზრდება გლუკოზის დონე და ვითარდება მძიმე მეტაბოლური დარღვევები. თუ ავადმყოფი არ იტარებს ადექვატურ ინსულინოთერაპიას, ვითარდება კეტოაციდოზური კომა. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის პათოგენეზში მთავარია პანკრეასის ბეტაუჯრედების დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში, ეს დაზიანება აუტოიმუნური ხასიათისაა. ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური რეაქციის ინდუცირება ინსულარული აპარატის წინააღმდეგ - შაქრიანი დიაბეტის I ტიპის მიმართ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში, ან უშუალოდ დააზიანოს ინსულარული აპარატი. დაავადება იწყება მწვავედ. კლინიკური სურათი გამოხატულია მკვეთრად: წყურვილი, გაძლიერებული შარდვა, სისუსტე, წონაში კლება. ავადმყოფები საჭიროებენ მუდმივ ინსულინოთერაპიას. ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი - ეს არის ინსულინორეზისტენტობით და ინსულინის შედარებითი უკმარისობით განპირობებული რამდენიმე დაავადების საერთო დასახელება. ინსულინორეზისტენტობის მიზეზი შეიძლება იყოს ინსულინის რეცეპტორების გენური მუტაცია, სიმსუქნე და სხვ. პათოგენეზში, ერთდროულად, რამდენიმე მექანიზმი მონაწილეობს. შაქრიანი დიაბეტის II ტიპის ფორმები პოლიგენური წარმოშობისაა. ავადდებიან 40 წელს გადაცილებული პირები, მაგრამ ბოლო წლებში გახშირდა ახალგაზრდებში და ბავშვებშიც კი. დაავადება ვითარდება თანდათანობით. დამახასიათებელია პირის სიმშრალე, წყურვილი, გაძლიერებული შარდვა, წონაში კლება, სისუსტე, კანის ქავილი, ხშირი ინფექციური დაავადებები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება. გამოკვლევისას ვლინდება გლუკოზის რაოდენობის მომატება სისხლსა და შარდში. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მატება, რაც ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებისა და პროგნოზისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების, ნერვული ქსოვილის, თვალის ბროლის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და თვალის ბადურა გარსის დაზიანება. ვითარდება სიბრმავე, ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების განგრენა და სხვ. დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, ავადმყოფები ხშირად ავადდებიან ტუბერკულოზით და სხვა ინფექციური დაავადებებით. პროგრესირებადი კარიესი და ღრძილების დაავადება, შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის პირველი ნიშანი. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ეყრდნობა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას. ნორმაში გლუკოზის დონე სისხლში უზმოზე არის 3.3-5.5 მმოლ/ლ. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს: დიეტას, დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას, მედიკამენტოზურ მკურნალობას (ინსულინი და შაქრის დამწევი აბები), დიაბეტის გართულებების მკურნალობას.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9