1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაი ვაკ ვალ ვან ვარ ვაუ ვაშ ვაჭ ვაჰ

ვარდების რევოლუცია

2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი, მაგრამ არაკონსტიტუციური გზით. მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, გადადგომით დაგვირგვინდა. პროტესტი გამოიწვია დარღვევებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის. ხელისუფლების შეცვლის ეს ეპიზოდი ,,ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა „ვარდების რევოლუცია” ჩათვალა მნიშვნელოვან ნიშანსვეტად, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისაკენ შებრუნებას მოასწავებდა. სამოქალაქო საზოგადოების წვლილი „ვარდების რევოლუციაში” რამდენიმე მიმართულებით შეიძლება ჩამოყალიბდეს: ● სამოქალაქო საზოგადოებამ დიდად შეუწყო ხელი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დელეგიტიმაციას და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. სსო-ებში მოხდა მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსების კონცენტრაცია, რის გამოც მათ - განსაკუთრებით სექტორის ცნობილი, პოპულარული წარმომადგენლების სახით - შეეძლოთ საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების თანამშრომლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტული კომენტარის წყაროდ ყველაზე ხშირად ,,მესამე სექტორის” წარმომადგენლებს იწვევდნენ. ყველაზე აქტიურ სსო-თა წრე რეგულარულად ახდენდა რეაგირებას ხელისუფლების არამართლზომიერ ქმედებებზე და ამკვიდრებდა აზრს კონკრეტული დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაზე. ამდენად, სსო-ებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს იმ დისკურსზე, რაც ,,ვარდების რევოლუციას” დაედო საფუძვლად. ● საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებული და მშვიდობიანი ხასიათი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა დაახლოებით ათწლიანი მეცადინეობით ქვეყანაში გავრცელდა სამოქალაქო აქტივობის გარკვეული ფორმები, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს და ინსტიტუტებს უკავშირდებოდა. ამ საქმიანობის გარშემო ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა დემოკრატიული აქტივისტების ქსელი. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში და უშუალოდ ნოემბრის პროტესტების დღეებში ეს ქსელი ადამიანური და ინსტიტუციური რესურსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. მისმა არსებობამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ საპროტესტო მოძრაობის მობილიზაციას, არამედ მის მდგრად, ორგანიზებულ, კონტროლირებად და მშვიდობიან ხასიათს. ● არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობის დასაბუთება. თუმცა, „ვარდების რევოლუციის“ ზოგად წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის უუნარობა გადაეწყვიტა საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემები, რევოლუციის უშუალო გამომწვევი მიზეზი იყო კონკრეტული დემოკრატიული ინსტიტუტის - არჩევნების - დაცვა ხელისუფლების მიერ მათი გაყალბების მცდელობისგან. სწორედ ამან განსაზღვრა რევოლუციის დემოკრატიული ლეგიტიმურობა. მართალია, წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საქართველოს არჩევნები მასობრივად ყალბდება, მანამდეც იყო გავრცელებული, მხოლოდ 2003 წლის არჩევნებზე მოხერხდა იმის დამაჯერებელი საბუთების მოპოვება, რომ გაყალბების მასშტაბი ეჭვის ქვეშ აყენებდა მთლიანად პროცესის ლეგიტიმურობას. ეს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ არასამთავრობო სექტორის დამსახურება იყო. უკვე ნახსენები საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით მოხდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ეგზიტპოლების ორგანიზებაში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მათი შედეგების ლეგიტიმაციაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა და არჩევნების გაყალბების განსაკუთრებით ძლიერი საბუთი შექმნა. როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო 2 ნოებრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები პარტიული სიების ნაწილში, ის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ საბუთებს ეყრდნობოდა.
Source: ნოდია გია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები: სტრატეგიის განაცხადი / გია ნოდია; მშვიდ., დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, სამოქ. ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ., 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9