1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბრა ბრბ ბრე ბრი ბრუ ბრძ

ბრეტონ-ვუდსის სისტემა

სისტემის ისტორია იყოფა ორ პერიოდად: დოლარის ნაკლებობის პერიოდი და დოლარის სიჭარბის პერიოდი. პირველი პერიოდი გაგრძელდა 1958 წლამდე, მეორე კი - 1971 წლამდე. 1950-1956 წლებში დიდი სესხები არ გაცემულა. პირველ პერიოდში, რომელსაც ხშირად აშშ-ის ერთპიროვნული მენეჯმენტის პერიოდსაც უწოდებენ, როგორც ვთქვით, აღინიშნებოდა დოლარის, როგორც მსოფლიოს ძირითადი ვალუტის, ნაკლებობა. თავად აშშ-ში ვაჭრობა გამალებით იზრდებოდა და სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა იწყებოდა. მაგრამ იმისათვის, რომ სისტემას ემუშავა, საჭირო იყო ეს პროცესი ევროპაშიც დაწყებულიყო და მომხდარიყო დოლარის გადინება. დოლარის გადინება მოხდა აშშ-ის დახმარების პროგრამებით: ტრუმენის გეგმა საბერძნეთისა და თურქეთის დასახმარებლად, დახმარება განვითარებად სახელმწიფოებს და, ყველაზე მნიშვნელოვანი, მარშალის გეგმა, რომლის ფარგლებშიც თექვსმეტმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო დახმარება 1948-1952წწ. 17 მილიარდი დოლარის ოდენობით. ქვეყნიდან გასული ფული ნაწილობრივ კვლავ ქვეყანაში ბრუნდებოდა ამერიკული საქონლისა და სერვისის შეძენის გზით. სისტემა მუშაობდა. ევროპისა და იაპონიის ეკონომიკები აღორძინდა. 1950 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც ფაქტიურად უმოქმედო იყო აშშის ერთპიროვნული მენეჯმენტის პერიოდში, დაიწყო უფრო აქტიური როლის შესრულება. 1958 წლიდან იწყება დოლარის სიჭარბის, ანუ ბრეტონ-ვუდსის მეორე პერიოდი, რომელსაც ხშირად უწოდებენ მრავალმხრივ მენეჯმენტს აშშ-ის ლიდერობით. დოლარი აღარ იყო ერთადერთი ძლიერი ვალუტა. ევროპა და იაპონია თანმიმდევრულად ვითარდებოდნენ და 1959 წლის ბოლოსთვის მათი რეზერვები აშშ-სას მიუახლოვდა. აშშ-ის ოქროს მარაგმა დაიკლო 24,4 მილიარდი დოლარიდან 1948 წელს 19,5 მილიარდ დოლარამდე 1959 წლის ბოლოსთვის. უცხოეთში აკუმულირებული დოლარის მარაგი გაიზარდა 7,3 მილიარდიდან 1948 წელს 19,4 მილიარდამდე 1959 წელს. 1960 წლის ნოემბერში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეკულანტებმა დოლარი გადაახურდავეს ოქროზე. ეს არ ნიშნავდა დოლარის გაუფასურებას. ამერიკა კვლავ ლიდერი იყო და მისი ეკონომიკა ჯანმრთელი, თუმცა ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ამერიკას აღარ შეეძლო ერთპიროვნულად ემართა საფინანსო სისტემა და საჭირო გახდა სხვა წევრების აქტიური ჩაბმა. ჯერ ევროპული ვალუტების გაძლიერებამ, შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, 1964 წელს, იაპონიის ვალუტის გამყარებამ და კონვერტაბელურად გადაქცევამ დაბადა ამ ქვეყნებში სურვილი, რომ მათთან აღარ აკუმულირებულიყო აშშ დოლარი. ამიტომ ამ ქვეყნებმა ინტენსიურად დაიწყეს დოლარისგან გათავისუფლება. ამას თან დაერთო ვიეტნამის ომი და ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის ჩამოყალიბება. ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტიურად ვეღარ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს. 1968-1971 წლებში საერთაშორისო სავალუტო სისტემა და მისი მენეჯმენტი პარალიზებული იყო. 1971 წლის 15 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა, საერთაშორისო სავალუტო სისტემის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად გამოაცხადა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა: შეჩერდა დოლარის კონვერტაცია ოქროსთან მიმართებაში. ეს ფაქტიურად ბრეტონ-ვუდსის დასასრული იყო. 1976 წელს კინგსტონში (იამაიკა) შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გაცხადდა ბრეტონ-ვუდსის სისტემის დასასრული. როგორც გილპინი აღნიშნავს, ბრეტონ-ვუდსისა და ფიქსირებული გაცვლითი კურსის დე ფაქტო დამთავრება დე იურე გახდა იამაიკის კონფერენციაზე (Robert Gilpin, The Political Economy of International Relations, p. 140). კონფერენციაზე ქვეყნები შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:
● მოხდა მცურავი გაცვლითი კურსების ლეგალიზაცია;
● ოქროს, როგორც რეზერვის, როლი შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქროს რეზერვის ერთი მეექვსედი დაუბრუნდა წევრ სახელმწიფოებს ყოფილ ოფიციალურ ფასში მათი კვოტების პროპორციულად. კიდევ ერთი მეექვსედი გაიყიდა ღია ბაზარზე და მიღებული თანხა სესხად გაიცა განვითარებად ქვეყნებზე;
● საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვოტები გაიზარდა, განსაკუთრებით ოპეკის ქვეყნებისთვის;
● გაიზარდა დაფინანსება ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის და ამით, მეცნიერთა აზრით, გაიზარდა განვითარებადი სახელმწიფოების დამოკიდებულება;
● ქვეყნებს თავად უნდა განესაზღვრათ თავისი ვალუტების პარ ვალუ. ამგვარად, ეროვნულ მთავრობებს თვითონ უნდა მოეწესრიგებინათ თავიანთი საფინანსოსავალუტო სისტემები საერთაშორისო წესრიგში შესვლამდე. კონფერენციაზე, მართალია, ოფიციალურად დადასტურდა არსებული სისტემის დაშლა, მაგრამ ახალი არ შექმნილა. სთივენ გილისა და დევიდ ლოს აზრით,ბრეტონ-ვუდსის სისტემა ბოლომდე არ დასრულებულა, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი (ბრეტონ-ვუდსის საფინანსო ინსტიტუტები) დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საერთაშორისო ეკონომიკაში. ხოლო, რაც შეეხება, აშშ დოლარს, იგი კვლავაც რჩება მსოფლიოს ლიდერ ვალუტად, რომელსაც მრავალი ქვეყანა უფარდებს თავიანთ ვალუტებს, განსაკუთრებით ლათინური ამერიკა და სხვა განვითარებადი სახელმწიფოები.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9