1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლტო

ლტოლვილთა უფლებები და 1951 წლის კონვენცია

ლტოლვილი ადამიანი გაერო-ს უმთავრესი საზრუნავი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მისთვის იყო განკუთვნილი 1951 წელს მიღებული კონვენცია ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც ძირითადი დოკუმენტია ლტოლვილის სტატუსის, მისი დაცვისა და უფლებათა განსაზღვრისათვის. ის მოქმედი საერთაშორისო სამართლის მეტ კონსოლიდაციასა და გაფართოებას ისახავს მიზნად და ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ევროპაში 1951 წლის 1 იანვრამდე განვითარებული მოვლენების შედეგად გახდნენ ლტოლვილები. კონვენცია შეიქმნა იმისათვის, რომ დასახლებაში დახმარებოდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად სამშობლოდან გადახვეწილ და მიმოფანტულ ადამიანებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლტოლვილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, საერთაშორისო საზოგადოებამ 1967 წელს მიიღო კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელმაც გააფართოვა კონვენციის სამოქმედო საზ ღვრები და შეეხო ყველას, ვინც ექცეოდა თავდაპირველი კონვენციით განსაზღვრულ ადამიანათა რიცხვში თარიღის მითითების გარეშე. ლტოლვილი არის პირი, რომელსაც „საფუძვლიანი შიში აქვს, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, იმყოფება იმ ქვეყნის გარეთ, რომლის მოქალაქეც არის, და არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს, გამოიყენოს ქვეყნის მფარველობა; ან არ გააჩნია გარკვეული მოქალაქეობა და აღნიშნული მოვლენების გამო იმყოფება ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს უკან დაბრუნება“ (მუხლი 1ა (2)). ლტოლვილის სტატუსი შეიძლება გაუქმდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი ნებაყოფლობით ხელახლა გამოიყენებს თავისი მოქალაქეობის ქვეყნის მფარველობას, მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და ამის გამო ისარგებლებს ამ ქვეყნის მფარველობით ან ხელახლა დაფუძნდება ნებაყოფლობით იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა (მუხლი 1გ). ამას გარდა, კონვენციის მოქმედების ფარგლებს გარეთ რჩებიან ის ადამიანებიც, რომლებიც მხილებულნი არიან სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ან სხვა ქმედებებში, რაც წინააღმდეგობაში მოდის გაერო-ს მიზნებთან და პრინციპებთან (მუხლი 1(ვ)). ლტოლვილებს უფლება აქვთ იმავე ხარისხის დაცვაზე, რაც უცხოელებს აქვთ სახელმწიფოში (გადახედეთ მე-2 თავს). ლტოლვილს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს (მუხლი 16), დაკავდეს ანაზღაურებადი საქმიანობით (მუხლი 17), მიიღოს განათლება, ჰქონდეს საცხოვრებელი და საკვები იმავე საფუძველზე, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობას ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უფლება საკვებზე განპირობებულია თანაბარი ნორმის მიღების უფლებით, რადგან იმ დროისთვის, როცა კონვენციის პროექტი მუშავდებოდა, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში საკვები და პირველადი მოხმარების საგნები ნორმირებული იყო. სტატუსის დადგენის გასაადვილებლად მასპინძელმა სახელმწიფომ უნდა გასცეს ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმომები (მუხლი 27), ლტოლვილის გაძევება უნდა დარეგულირდეს კანონით (მუხლი 32) და „შეძლებისდაგვარად სწრაფად“ სახელმწიფომ უნდა დააჩქაროს ლტოლვილთა ასიმილაციისა და ნატურალიზაციის პროცესი (მუხლი 34). როგორც სტანდარტის დამდგენი, კონვენცია დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ მნიშვნელობას, ხოლო ნორმების გეოგრაფიული სივრცე მის მნიშვნელობას უფრო აძლიერებს. დღეისათვის კონვენციას 142, ხოლო ოქმს 141 მონაწილე სახელმწიფო ჰყავს. კონვენციის 50 წლისთავის აღსანიშნავად 2001 წლის 12-13 დეკემბერს ჟენევაში ჩატარდა ლტოლვილებისადმი მიძღვნილი პირველი მსოფლიო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, რუუდ ლუბერსმა განაცხადა, რომ კონვენციამ მილიონობით ლტოლვილს გაუწია დახმარება ბოლო 50 წლის მანძილზე, მაგრამ დასძინა, რომ ის 22 მილიონი, რომელსაც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დღეს უწევს დახმარებას, „პოლიტიკური შეცდომების მსვერპლნი არიან“. ამას მოჰყვა გადაადგილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა. შეხვედრა მიმდინარეობდა ავღანელ ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობის ფონზე. ამ უდიდესმა კრიზისმა 2001 წლის ბოლოს კვლავ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება. საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა კონვენციისა და ოქმისადმი თავისი ვალდებულების შესახებ. დღეისათვის მიმდინარეობს შეხვედრები მსოფლიო მასშტაბის კონსულტაციების ფარგლებში, სადაც იკვლევენ დოკუმენტების განხორციელების გაუმჯობესების გზებს, ლტოლვილთა დაცვის უკეთეს მექანიზმებსა და, საერთოდ, ლტოლვილთა პრობლემების მოგვარების უცვლელ, მდგრად მეთოდებს. ამ ნაშრომის შექმნის დროს არეულობა იყო ავღანეთში, ერაყში, უგანდასა და ჰაიტიზე, რასაც ლტოლვილთა ახალი ტალღები მოჰყვა. სხვა დანარჩენ საერთაშორისო დოკუმენტებსაც დამატებითი სარგებლობა მოაქვთ ლტოლვილებისათვის. მაგალითად, ჟენევის მე-4 კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ, რომელიც შეიცავს ლტოლვილთა და სხვა გადაადგილებულ პირთა დაცვის ნორმებს. ეს უკანასკნელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, როცა ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა დაცვა ევროპისთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა. გაერო-ს ორი მომდევნო კონვენცია ეხება მოქალაქეობის არმქონე პირებს. განსაზღვრის მიხედვით, ბევრი ადამიანი, რომელსაც მოქალაქეობა არა აქვს, ამავდროულად ლტოლვილიც არის. 1954 წლის კონვენცია მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ ეხება მათ, ვინც არ ითვლება მოქალაქედ სახელმწიფოს მიერ. კონვენციის მიზანია, მოქალაქეობის არმქონე ადამიანებს მისცეს მათი ამ ქვეყანაში ცხოვრების გარკვეული ასპექტების ლეგიტიმაციის გარანტია და უსაფრთხოება და ამ გზით მიანიჭოს მათ მასპინძელ ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება. ამ კონვენციას მოჰყვა 1961 წლის კონვენცია მოქალაქეობის არქონის, როგორც მოვლენის, შემცირების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, მოქალაქეობით უზრუნველყოს ყველა, ვინც მონაწილე სახელმწიფოში დაიბადა, და, აგრეთვე, დაარეგულიროს ის შემთხვევები, როცა სახელმწიფოს ექნება მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება. მსოფლიოში ბევრი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, მაგალითად, გოლანის მაღლობებში მცხოვრები დრუზეს ხალხი, რომელსაც არც ისრაელისთვის განუცხადებია ერთგულება და არც სირიისთვის ხანგრძლივი ტერიტორიული დავების დროს. მომთაბარენიც ალბათ მოქალაქის უფლებათა გარეშე დარჩებიან, რადგან შეიძლება ვერც ერთ იმ სახელმწიფოში, სადაც ცხოვრობენ და ადრე უცხოვრიათ, მოქალაქეობა ვერ მიიღონ. ამ პრობლემის სიმწვავე მაშინ გამოჩნდა, როცა მკვიდრი ხალხების საერთაშორისო წლის აღსანიშნავად კონფერენციას აწყობდნენ 1993 წელს და პასპორტები და ვიზები დასჭირდათ მასში მონაწილეობის მსურველი მკვიდრი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. არც ერთ ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ეს ხალხი ლტოლვილი არ არის. მაგრამ ჩამოთვლილი დოკუმენტები შეიძლება გამოადგეთ იმათ, ვისაც მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს. გაერო-ს კიდევ ერთი, 1967 წლის დეკლარაცია ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ გამოდგება ქმედით დოკუმენტად, თუმცა ჯერ მან სავალდებულო კონვენციის სახე უნდა მიიღოს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9