1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარშალის გეგმა

  1. ევროპაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ე.წ. „მარშალის გეგმის“ ფარგლებში, რომელსაც ეს სახელი აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად დაერქვა. ოფიციალურად მას როგორც „ევროპის აღდგენის პროგრამას“ მოიხსენიებდნენ. მისი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო 1947 წლის ივლისში და განისაზღვრა 4 ფისკალური წლით. გარდა ეკონომიკური განვითარებისა, მის დამატებით მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა კომუნიზმის მოგერიება ევროპის მასშტაბით.ამ გეგმის ფარგლებში, 17 ევროპულმა სახელმწიფომ, რომელიც გაერთიანდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD), 13 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება მიიღეს (130 მილიარდი დოლარი 2006 წლის ფასებში). მ.შ. დასავლეთმა გერმანიამ, მეორე მსოფლიო ომის წამომწყები ქვეყნის უდიდესმა ნაწილმა, მიიღო დახმარების სიდიდით მესამე პაკეტი (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდეგ) – 1 448 მილიონი დოლარი.იმავე წლებში, იმავე მოსაზრებებიდან გამომდინარე, აშშ უწევდა დახმარებას იაპონიასაც, რომლის მიმართ დამოკიდებულება აშშ-ს საზოგადოებაში, სხვათა შორის, ბევრად უფრო ნეგატიური იყო, ვიდრე გერმანიის მიმართ. 1946-1951 წლებში იაპონიამ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. საინტერესოა, რომ ამ დახმარების შედეგად, ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია სწორედ ამ ორმა ქვეყანამ, რომელთა ეკონომიკა ომის შედეგად ფაქტიურად მთლიანად მოშლილი იყო. იგივე დიდ ბრიტანეთს, რომელმაც გერმანიაზე 2.3-ჯერ მეტი დახმარება მიიღო, მისი პოზიტიური შედეგები ფაქტიურად არ შეტყობია. მთლიანად, მარშალის გეგმისა და იაპონიის დახმარების რეალიზაცია შესაძლებელი გახდა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, რომელსაც საფუძვლად ედო საბჭოთა ექსპანსიის (რეალურისა თუ მოჩვენებითის) მოგერიების აუცილებლობა, და რომელიც აშშ-ს პოლიტიკის გლობალიზაციის უმნიშვნელოვანეს საწყის ელემენტს წარმოადგენდა. შედეგი, რომელიც მათ გამოიღეს, ბევრად უფრო მრავალმხრივი გამოდგა, ვიდრე ეტყობა ამას ამ პოლიტიკის ავტორები ელოდნენ.
    Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ოფიციალურად წამოყენებული იყო აშშ სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის მიერ 1947 წელს, როგორც ომის შემდგომი ევროპის აღორძინებისა და განვითარების გეგმა. მისი განხორციელება დაიწყო 1948 წელს და დასრულდა 1949 წელს. იგი ითვალისწინებდა ამერიკის მიერ ევროპისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევას. გეგმის წევრი იყო ყველა ევროპული სახელმწიფო, საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოების გარდა. დახმარების გარეშე დარჩა, აგრეთვე, ესპანეთი, ფრანკოს რეჟიმის გამო, და დასავლეთ გერმანია. ეს უკანასკნელი 1949 წელს გახდა მარშალის გეგმის წევრი. გეგმის განხორციელებაზე კონტროლი დაეკისრა ამისათვის სპეციალურად შექმნილ ამერიკულ ორგანიზაციას - ეკონომიკური თანამშრომლობის ადმინისტრაციას მარშალის გეგმის ფარგლებში აშშ-მა გამოყვეს 12 მილიარდი დოლარი. როგორ ისარგებლა ამ გეგმით ამერიკამ? აშშ-ში სერიოზულად ეშინოდათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაბრუნებულიყო 30-იანი წლების შიმშილი და უმუშევრობა. მარშალის გეგმის ერთ-ერთი მიზანი იყო ამერიკის ეკონომიკის შენარჩუნება. იმდროინდელ ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებულია სტატია ამერიკელი ბიზნესმენებისათვის: ,,მარშალის გეგმა არის ბიზნეს-გეგმა... ეს არის საოფისე და საწარმოო და სასაწყობო სამუშაო. მარშალის გეგმა ნიშნავს სამუშაოს, და თქვენ იქნებით მასში მომუშავეები”. (Kiplinger Magazine, Washington D.C., May 1948). მარშალის გეგმის განხორციელების პერიოდში ფული, რომელიც ევროპულმა სახელმწიფოებმა მიიღეს, დაიხარჯა აშშ-ის მიერ წარმოებულ სურსათსა და საქონელში. ამერიკის ეკონომიკა აყვავდა. თუ თავდაპირველად მარშალის გეგმის ლოგო იყო ,,ევროპის აღორძინებისათვის - აშშსგან”, 1955 წლიდან ის შეიცვალა და გახდა ,,სიძლიერე თავისუფალი მსოფლიოსათვის - აშშსგან”. ეს უკანასკნელი კარგად გამოხატავდა მარშალის გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - თავისუფალი და მაღალგანვითარებული ეკონომიკა და მსოფლიო დაეპირისპირებინა კომუნიზმისათვის. მარშალის გეგმა თავიდანვე სერიოზულად იყო გაკრიტიკებული სსრკ-ს მიერ. იგი განიხილავდა მარშალის გეგმას როგორც იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად აქტს, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკული მონოპოლიების მიერ ევროპის ეკონომიკების ექსპანსიასა და აგრესიული სამხედრო ბლოკების სისტემის შექმნას. მისი მიზანი იყო, აგრეთვე, შეენარჩუნებინა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დასავლეთ ევროპაში კაპიტალიზმის შერყეული პოზიციები, გაეძლიერებინა ევროპის დამოკიდებულება ამერიკაზე და წინ აღდგომოდა პროგრესულ სოციალურ ცვლილებებს. (Дипломатический словарь, Издательство политической литературы, том II, Москва 1971).
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9