1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კოლიზია

ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შეჯახებას. ეს ტერმინი ატარებს პირობით ხასიათს. კოლიზიური პრობლემაა სამართლის არჩევის საკითხის გადაწყვეტა. კოლიზია შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას ე.წ. კოლიზიური ნორმების გამოყენების გზით. კოლიზიური ნორმების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ აქ ადგილი აქვს განსხვავებაა ცალკეულ სახელმწიფოთა მართლწესრიგს შორის. აღნიშნულ ნორმათა დანიშნულებაა, გადაწყვიტოს კოლიზია ორ ან მეტ კონკურენტ სახელმწიფოს შორის და ,,ურთიერთობა’‘ დაუქვემდებაროს იმ მართლწესრიგს, რომელიც მეტად შეესაბამება ასეთი ურთიერთობის არსს ან უფრო მჭიდროდ კავშირშია მასთან. თავად კოლიზიური ნორმა არ წყვეტს მოცემულ საკითხს, იგი მიუთითებს მატერიალურ ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტულ წესებს და სწორედ ამ წესებზე დაყრდნობით ხდება საკითხის გადაწყვეტა. კოლიზიური ნორმებით ხელმძღვანელობა შეიძლება იმ მატერიალურსამართლებრივ ნორმასთან ერთად, რომელზედაც ის მიუთითებს. მატერიალურსამართლებრივ ნორმებს შეიძლება შეიცავდეს კოლიზიური ნორმით მითითებული სახელმწიფოს მართლწესრიგი, როგორც საერთაშორისო შეთანხმებებში, ისე შიდა საკანონმდებლო აქტებში. თუმცა არსებობს საერთაშორისო ელემენტებთან კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. საქართველოს მაგალითზე ეს ასე გამოიყურება: საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები; საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული უცხო ინვესტიციების სხვადასხვა საწარმოებთან სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი ნორმები; საქართველოს ორგანიზაციების საინვესტიციო რეჟიმის, საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმები საზღვარგარეთ; უცხო მოქალაქეებისა და ორგანიზაციების უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმები საქართველოს სამოქალაქო და პროცესუალური სამართლის სფეროში. მოცემული ნორმების პირდაპირ დანიშნულებაა - საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეთა შორის ურთიერთობებში მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. ყოველი კოლიზიური ნორმა შედგება ორი ნაწილისაგან - მოცულობა და მითითება. პირველში საუბარია იმ კონკრეტულ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც ექვემდებარება ერთი, რომელიმე სახის ურთიერთობისათვის გამოყენებას. არ არის გამორიცხული კოლიზიური ნორმა შეიცავდეს მითითებას ორ სახელმწიფოს სამართალზე. აქ დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შანსი აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი (ალტერნატიული მითითება). გვხვდება ძირითადი და დამატებითი კოლიზიური ნორმებიც, მათ შორის დამატებითი გამოიყენება მხოლოდ ძირითადი მითითების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში. კოლიზიური ნორმები შეიძლება ატარებდნენ იმპერატიულ და დისპოზიციურ ხასიათს. დისპოზიციური კოლიზიური ნორმა მხარეებს საშუალებას აძლევს შეთანხმდნენ იმ მართლწესრიგზე, რომელსაც დაექვემდებარება მათ შორის შემდგარი ურთიერთობა. სამართლის არჩევის საკითხისათვის კოლიზიური ნორმებს დისპოზიციური ხასიათი აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, სპეციალიზაციასა და კოოპერირებაში, სამონტაჟო და სხვა კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებში. იმპერატიული კოლიზიური ნორმები გამოიყენება ერთობლივი წარმოების ხელშეკრულების მიმართ, რომლის მონაწილენი არიან ადგილობრივი და უცხო პირები. ამ შემთხვევაში მიმართავენ იმ ქვეყნის სამართალს, რომელშიც ერთობლივი წარმოება დაწესდა. გარდა ამისა, აუქციონსა და ბირჟაზე, კონკურსის წესით დადებული სავაჭრო ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება იმ სახელმწიფოს სამართალი, სადაც წარმოებდა აუქციონი, ბირჟა, კონკურსი.
Source: გაბიჩიძე შორენა. სამართლის არჩევის საკითხი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9