1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰობ ჰოვ ჰოკ ჰოლ ჰომ ჰოპ ჰორ ჰოს ჰოტ

ჰობსი თომას (1588-1679)

  1. მალმსბერიში დაიბადა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ჰობსი ინგლისში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად მოგზაურობდა ევროპაში. იცნობდა თავისი დროის გამოჩენილ მოაზროვნეებს, ურთიერთობა ჰქოდა გალილეისთანაც. პარიზში ყოფნისას გაიცნო დეკარტის დიდი მეგობარი მამა მერსენი და მისი მეშვეობით ჩაება ფრანგ ფილოსოფოსთან კამათში. პარიზში გატარებულ უკანასნელი პერიოდში (1640-1651 წწ.) ჰობსმა ჩაიფიქრა სამი ნაწილისაგან შემდგარი ფილოსოფიური ტრაქტატი, რომლის ნაწილებიც შესაბამისად სხეულის, ადამიანისა და სახელმწიფოს პრობლემებს ეხებოდა. ამ შრომის მეორე და მესამე ნაწილი ხელნაწერის სახით გავრცელდა, 1642 წელს კი ჰობსმა გამოაქვეყნა მესამე, პოლიტიკური ნაწილი სახელწოდებით elementorum philosophiae sectio tertia de cive; შემდგომში ჰობსი დაუბრუნდა ამ შრომას და 1651 წელს გამოაქვეყნა თავისი ძირითადი ნაწარმოები, „ლევიათანი“, რომელშიც საეკლესიო და სამოქალაქო სახელმწიფოს მატერიას, ფორმასა და ძალაუფლებას იკვლევს. მოგვიანებით ფილოსოფოსმა elementa philosophae-ს დარჩენილი ორი ნაწილიც გამოაქვეყნა: de corpore (1655 წ.) და de homine (1658 წ.).elementa philosophae-ს სამი ნაწილი (სხეული, ადამიანი, სახელმწიფო) თვალსაჩინოდ ასახავს ინგლისელი ფილოსოფოსის მიერ არჩეულ გზას: საწყის წერტილად ჰობსი სხეულებრივ რეალობას იღებს, შემდეგ მასში ადამიანს ათავსებს, ამ კონცეფციის მეშვეობით კი სახელმწიფოს დოქტრინას აყალიბებს. ჰობსი, მართლაც, ძალიან იყო გატაცებული სახელმწიფოს პრობლემით. სხვა დანარჩენ პრობლემებს ის ამ პოლიტიკური კონცეფციის წინაპირობათა შესაქმნელად იყენებს. ჰობსისთვის მთელი რეალობა მატერიაა, სხეული, ანუ რეალობა, რომელსაც განფენილობა ახასიათებს. ეს ან ბუნებრივი სხეულია, რომელსაც ბუნების ფილოსოფია შეისწავლის, ან ხელოვნური სხეული, ანუ სახელმწიფო, პოლიტიკური ფილოსოფიის შესწავლის საგანი. სხეულს მიღმა მხოლოდ მოძრაობა არსებობს, რომელიც არსებითად სხეულებრიობასთან არის დაკავშირებული. ჰობსის მეტაფიზიკა, ანუ მთელი რეალობის მისეული კონცეფცია მკაცრი მექანიცისტური მატერიალიზმია. სული მისთვის უფაქიზესი სხეულია, რომელსაც ჩვენი გრძნობის ორგანოები ვერ შეიგრძნობს; სუბსტანცია იგივე განფენილი რეალობაა, რის გამოც სუბსტანცია, რომელიც არ არის განფენილი, წინააღმდეგობაა.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი; სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში ჰობსმა უარყო საზოგადოების ღვთაებრივი წარმოშობის თეორია და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია დაიცვა. ჰობსს სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად აბსოლუტური მონარქია მიაჩნდა, მაგრამ მისი იდეა იყო არა მონარქიული, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდული პრინციპი. ჰობსის ძირითადი თხზულებებია: „მოქალაქის შესახებ მოძღვრების ფილოსოფიური ელემენტები“ (1642), „ლევიათანი“ (1655). ფრაზა „ჰობსიც ამავე აზრისაა“ - სწორედ „ლევიათანში“ გამოთქმულ შეხედულებას გულისხმობს.
    Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
  3. ინგლისელი ფილოსოფოსი, თომას ჰობსის შეხედულებები ითვლება რეალიზმის ფუნდამენტად. თავის „ლევიათანში,“ ფილოსოფიური დედუქციის საშუალებით ჰობსი ცდილობს ახსნას პოლიტკური სინამდვილის ბუნება. შესავალშივე ჰობსი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მხოლოდ უფრო დიდი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის უსაფრთხოებისა და დაცვისათვისაც არის იგი შექმნილი. ამ დიდ მანქანას ჰობსი უწოდებს ლევიათანს, რომელიც მისი თქმით, არის იგივე თანამეგობრობა, იგივე სახელმწიფო. მისი ნაშრომის მიზანია ახსნას ამ ხელოვნური ადამინის, სახელმწიფოს, ბუნება. რისგან შედგება და რას წარმოადგენს იგი. როგორია სუვერენის უფლებები, სამართალი და ხელისუფლება. რა შლის და რა ასაზრდოებს სუვერენიტეტს. იმისათვის, რომ გაიგოს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი ჰობსი წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო. იგი ამ მდგომარეობას უწოდებს „ბუნებრივ მდგომარეობას“ (state of nature). მისი აღწერილობით, ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის მხრიდან. ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ჰობსი აღწერს როგორც ,,ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,” ბუნებრივი მდგომარეობაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.“ ამ „ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,“ სიტუაციიდან ჰობსი ხედავს ერთადერთ გამოსავალს, რაც არის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა და ამოქმედება. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ასეთ ცივილურ პირობებში რომელსაც ჰობსი „მშვიდობასა და წესრიგს“ უწოდებს ადამაინები თავისუფლდებიან შიშისგან და აქვთ საშუალება იღვაწონ ბედნიერებისათვის. სახელმწიფოს შექმნა მართალია ადამიანებს აძლევს გამოსავალს ბუნებრივი მდგომარეობიდან, მაგრამ წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პრობლემას სახელმწიფოთა დონეზე. ერთი სიტყვით, ბუნებრივი მდგომარეობა პიროვნული დონიდან გადადის სახელმწიფოთა დონეზე და წარმოიქნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა რაც გამოწვეულია საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით. ფაქტიურად, სახეზე გვაქვს ფენომენი, რომელიც პოლიტიკაში ცნობილია როგორც „უსაფრთხოების დილემა.“ ჰობსი ამბობს, რომ ერთი უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრით ადამიანები ძალაუნებურად იწვევენ მეორეს ამ უსაფრთხოების დილემიდან გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან არ არის საშუალება იმისა, რომ შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. სუვერენულ სახელმწიფოებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ რომ თავიანთი დამოუკიდებლობა დათმონ სხვა, გლობალური მთავრობის სასარგებლოდ. ამ სიტუაციას ჰობსი იმით ხსნის, რომ ბუნებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე არ არის ისეთი საშიში და მუქარის მომგვრელი როგორც პიროვნულ დონეზე. სახელმწიფოებს უფრო ადვილად შეუძლიათ ერთმანეთი დაიცვან გარეშე საფრთხისგან, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ. ბოლო სურათი რასაც ჰობსი აღწერს არის საერთაშორისო ანარქია, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოებზე. რადგანაც სუვერენიტეტს დაცვა სჭირდება, ავტომატურად ანარქიული სისტემა გულისხმობს ფაქტობრივ, ან პოტენციური ომის მდგომარეობას. ჰობსი ამბობს, რომ ომი არის უკანასკნელი საშუალება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეაჯერონ შეუთანხმებელი პრობლემები.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9