1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ომბ ომი

ომბუდსმენი

  1. სიტყვა „ომბუდსმენი” მოდის სკანდინავიური სიტყვიდან „ომბუდ” რაც ნიშნავს ელჩს, დელეგატს ან წარგზავნილს. ის აღნიშნავს პიროვნებას, რომელიც განიხილავს გარკვეული ჯგუფისაგან მიღებულ საჩივრებს, ლაპარაკობს ამ ჯგუფის სახელით და ცდილობს გააუმჯობესოს პირობები ჯგუფის წევრებისათვის ისევე როგორც მთლიანად ჯგუფისათვის.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. სახალხო დამცველი: ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 ,

  3. სახალხო დამცველი საქართველოში პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს 1996 წლის 16 მაისის ორგანული კანონით „სახალხო დამცველის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  4. შვედური სიტყვაა და ,,ინტერესების დამცველს” ნიშნავს. მისი ძირითადი დანიშნულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაა. ომბუდსმენდს საქართველოში ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. ომბუდსმენი მმართველობის აპარატის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს და ადამიანებს ადმინისტრაციის არასამართლებრივი, უკანონო მოქმედებისაგან იცავს. იგი რეგულირებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ის განიხილავს საჩივრებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თანამდებობის პირების მიმართ და შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით. უფლება აქვს აწარმოოს გამოძიება, გასცეს რეკომენდაციები და გამოაქვეყნოს საანგარიშო მოხსენებები. საქართველოში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში. კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მისი წარდგენის ვადა კანონით დაკონკრეტებული არ არის. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე და კენჭისყრა ფარულია. ყოველ მათგანს სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღეში იგი ხელახლა ჩატარდება. ერთი და იგივე ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოში ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, მაგრამ პარლამენტს უფლება აქვს ომბუდსმენი ვადამდე გადაირჩიოს, თუ ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; უკავია სახალხო დამცველისათვის შეუფერებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში ომბუდსმენის ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციითა და 1996 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონით დაინერგა. იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და ალბათ მრავალი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ ქმედით და ეფექტურ სისტემას დაემსგავსოს, როგორიც დღეს მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს. თუმცა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მას ამისათვის საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია.
    Source: ბაქაქური ნინო. ომბუდცმენის ინსტიტუტი და მისი ქართული სახესხვაობა //ალმანახი №6,–[ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (1)].–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 1998.
  5. ნ. ხამანაევას თანახმად, „მოქალაქის თვალსაზრისით, ომბუდსმენი წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა თანამდებობის პირს, რომელსაც შეიძლება მიმართო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, მისი მიღების პროცესის, აგრეთვე, სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა მოქმედებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში. „ომბუდსმენის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე კონტროლისაკენაა მიმართული. მისი საქმიანობა ფართო ხასიათს ატარებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებათა დაცვაზე თვალყურის დევნებით. ომბუდსმენი კონტროლს ახორციელებს შესაბამის სახელმწიფოში მთლიანად ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რომელთაგან, ბევრი შეიძლება ქვეყნის ძირითად კანონში მოხსენიებული არც იყოს, მაგრამ თანამედროვე ქართული კონსტიტუციის სტილში რომ ვთქვათ, „... თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“ (მ.39). ომბუდსმენი, ერთი მხრივ, თითოეული დარღვევის ფაქტზე რეაგირებით, ხოლო მეორეს მხრივ ყოველწლიურად პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებით და შესაბამისად სიტუაციის პოზიტივიციისაკენ მიმართული წინადადებების წარდგენით, სახელმწიფოში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობაზე კონტროლს ახორციელებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე კომპლექსურად. ამ უკანასკნელში კი ნათლად იკვეთება ის, თუ რა მიზანი აქვს ომბუდსმენის საქმიანობას. ეს კი უკვე ერთაზროვნად შეიძლება ითქვას, რომ პიროვნების სრულფასოვანი სამართლებრივი მდგომარეობისაკენ მიმართული მოღვაწეობაა, რამეთუ სწორედ სამართლებრივად ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ინდივიდი არის სამართლებრივი სახელმწიფოს მყარი ფუნდამენტი. სახელმწიფო კი მხოლოდ სამართლებრივი შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მხოლოდ სახელმწიფოს უბრალო განსახიერება და ფიქცია იქნება, სადაც დემოკრატიულ რეჟიმზე საუბარიც საფუძველს მოკლებული იქნება. ამდენად, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ომბუდსმენი ერთსახოვანი იურიდიული ბუნების მატარებელი ორგანოა. ომბუდსმენი, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოში მოქმედი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცავ ორგანოთა შორის ბოლო რგოლია და შესაბამისად მასთან მიმართვა ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ ხდება. „მთლიანობაში კი, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში ომბუდსმენი მკვიდრდება და ვითარდება როგორც სამართლებრივი კონტროლის პერსპექტიული სახე.“ ყურადსაღებია აგრეთვე ის, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ზოგიერთ ქვეყანაში ერთპიროვნულ ხასიათს ატარებს (მაგ. დანია, ფინეთი, რუსეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო და ა.შ.); მთელ რიგ სახელმწიფოებში, ძირითადად ადამიანის უფლებათა თვისობრივი გადანაწილებით, რამდენიმე დარგობრივ ომბუდსმენს ვხვდებით. ასე მაგალითად, დღეისათვის, შვედეთში ცხრა ომბუდსმენი ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვას.
  6. მისი ძირითადი დანიშნულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაა. ომბუდსმენის ინსტიტუტის წარმოშობა მის სამშობლოში, შვედეთში, აბსოლუტური მონარქიის ხანას უკავშირდება. ისტორიულმა მოვლენებმა, რომლებიც წინ უძღოდა ამ ქვეყანაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესს, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი არსი და უფლებამოსილებათა სფერო. კერძოდ, იმ ფაქტმა, რომ აბსოლუტური მონარქიის პერიოდში მეფე თანაბრად აკონტროლებდა როგორც სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების, ისე მოსამართლეთა საქმიანობას, შემდგომში განაპირობა ომბუდსმენის მოღვაწეობის წარმართვა ამ ორი ძირითადი მიმართულებით. ომბუდსმენის ინსტიტუტის წინამორბედს ჯერ კიდევ XVI საუკუნეში არსებული მთავარი სენეშალის (,,drotsen”) პოსტი წარმოადგენდა, რომლის მოვალეობებშიც მეფის უზენაესი ხელისუფლების სახელით სახელმწიფოში სამართალწარმოების პროცესზე ზედამხედველობა შედიოდა. ეს ზედამხედველობა არ იყო აბსოლუტური და ხორციელდებოდა მხოლოდ ზემოაღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის თაობაზე მონარქის ინფორმირების ფორმით. ნებისმიერ ქვეყანაში ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია, მაგრამ არ არის პასუხისმგებელი საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე და მის მიერ გაწეულ საზედამხედველო საქმიანობათა შესახებ პერიოდულად მოეთხოვება საანგარიშო მოხსენებების წარმოდგენა. უმეტეს სახელმწიფოში ომბუდსმენს ირჩევს პარლამენტი, თუმცა, არსებობს ქვეყნები (მაგალითად: საფრანგეთი, ინგლისი), სადაც სახალხო დამცველს ნიშნავს მთავრობა ან სახელმწიფოს მეთაური, ხშირად საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციით.
    Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998
  7. ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საზოგადოებრივ ადმინისტრირებაზე და ეხმარება მათ იმის დარწმუნებაში, რომ ეს უკანასკნელი იცავს მართვის შესაბამის პრინციპებს და მეთოდებს, დაკავებულია რა საზოგადოების მხრიდან შემოსული საჩივრების განხილვით საზოგადოების ადმინისტრირების დროს მიღებული გადაწყვეტილებების, ქმედებებისა და ადმინისტრირების დროს დაშვებული შეცდომების შესახებ.
    Source: სახელმძღვანელო პრინციპები სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ: [სახელმძღვ. / თარგმ. და გამოსცა ასოც. “სამართალი და თავისუფლება” - თბ., 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9