1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა

რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს იურიდიულ ლიტერატურაში «შერეულ რესპუბლიკასაც» უწოდებენ, რადგან მასში თავმოყრილია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები, საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნების უპირატესობით. რესპუბლიკური მმართველობის ამ ფორმას, ზოგადად, შემდეგი ნიშნები ახასიათებს: პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს პირდაპირი არჩევნების გზით და იღებს ისეთივე ლეგიტიმაციას, როგორსაც პარლამენტი. პრეზიდენტი, არის რა სახელმწიფოს მეთაური, არა მარტო ასრულებს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელ ფუნქციებს, არამედ აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებით სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი ნიშნავს მთავრობას და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. მთავრობა პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე და შეიძლება პრეზიდენტის მიერ მთავრობა მთლიანად იქნეს გადაყენებული. ეს ზემოთ ჩამოთვლილი საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნიშნებია, მაგრამ, განსხვავებით საპრეზიდენტო რესპუბლიკისაგან, მთავრობა პასუხისმგებელია არა მარტო პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშეც და პარლამენტსაც, უნდობლობის გამოცხადების გზით, შეუძლია მისი გადაყენება. ამის საპირისპიროდ პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დაშლის უფლება. მმართველობის ეს ფორმა შეიცავს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშნებს, მაგრამ მას ახასიათებს ისეთი ნიშნებიც, რომლებიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი და ინდივიდუალური და არ ახასიათებს რესპუბლიკის არც ერთ სხვა სახეს. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ორმაგი პასუხისმგებლობა მთავრობისა, რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებელია როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის წინაშე. ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ინდივიდუალურ ნიშნად შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისიც, რომ აღმასრულებელი (სამთავრობო) ხელისუფლება დუალისტური – ორსახოვანია, რადგან რეალური მმართველობითი ფუნქციებით ორი თანამდებობის პირია აღჭურვილი, პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი, რომელთაგანაც უპირატესობა ენიჭება პრეზიდენტს (მაგ., საფრანგეთში მთავრობის უფლებამოსილება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ თავმჯდომარეობს მის სხდომას, პრეზიდენტი თუ პრემიერ–მინისტრი. რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილება უფრო ფართოა). იურიდიულ ლიტერატურაში ხშირად არა მარტო ნახევრადსაპრეზიდენტო, არამედ ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკებსაც მოიხსენიებენ შერეული რესპუბლიკის ცნების ქვეშ, იმის მიხედვით, თუ რომელი ნიშნები მძლავრობენ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკისა (მაგრამ უფრო ხშირად ტერმინი “ნახევრადსაპრეზიდენტო” გამოიყენება). ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა პირველად დაფუძნდა საფრანგეთში 1958 წლის კონსტიტუციით. აგრეთვე, მმართველობის ამ ფორმას მიეკუთვნება ფინეთი და პორტუგალია. მიჩნეულია, აგრეთვე, რომ დსთ–ის ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა, შერეული რესპუბლიკებია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის ამ სახის წარმოშობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს იმ უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც დამახასიათებელია საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკისათვის. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ მმართველობის ეს ფორმაც არ ყოფილა სრულყოფილი და მისი ეფექტურობა დამოკიდებულია მთავრობის საპარლამენტო მხარდაჭერაზე და სასურველია, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტში არსებულ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის დიდი პოლიტიკურ–მსოფლმხედველობრივი განსხვავება არ იყოს. ასე მაგალითად: 1986 წელს საფრანგეთში, როცა პრეზიდენტი სოციალისტი ფ.მიტერანი იყო, პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევნების შედეგად უმრავლესობით მოვიდნენ მემარჯვენეები, რომელთა წევრებიდანაც დაკომპლექტდა მთავრობა. ამ პარლამენტმა ნახევარი წელი იარსება და დათხოვნილი იქნა პრეზიდენტის მიერ. ახალმა არჩევნებმა შესაძლებელი გახადა მთავრობის დაკომპლექტება სოციალისტებისაგან. ისმის კითხვა: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში ისევ მემარჯვენე პარტიები გაიმარჯვებდნენ? ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ან უნდა წასულიყო ჩრდილში, ან გადამდგარიყო, ანდა დაეშალა პარლამენტი, რაც, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ არ იმოქმედებდა. 1993 წლის არჩევნებზე ისევ მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ პრეზიდენტს რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია, რადგან მისი ვადა მალე იწურებოდა და იგი შეეგუა არასასურველ მთავრობას . ასეთმა შემთხვევებმა, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძლებს მიეკუთვნებიან და ასე აგრძელებენ საქმიანობას, ლიტერატურაში «თანაცხოვრების» სახელი მიიღო . ასეთი «თანაცხოვრების» მდგომარეობა წარმოიშვა 1997 წლის არჩევნების შედეგად, მაგრამ ახლა პრეზიდენტი მემარჯვენე ჟაკ შირაკი იყო, ხოლო პრემიერ–მინისტრი (მას შემდეგ, რაც სოციალისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს პარლამენტის ქვედა პალატაში) გახდა სოციალისტი ლიონელ ჟოსპენი.
Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9