1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

ჩამოყალიბდა ეკლესიათა მსოფლიო ასამბლეაზე ამსტერდამში 1948 წელს. ერთ-ერთ პირველ სხდომაზე დაამტკიცეს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (თავი 1), ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს) არის თანამეგობრობა იმ ეკლესიებისა, რომლებიც აღიარებენ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად. მისი ფუნქციებია (თავი 3): ხელი შეუწყოს აღმსარებლობებს შორის არსებული ბარიერების დაძლევას, კონტაქტებს, თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად, სწავლაგანათლებას, ქველმოქმედებას, მოსახლეობის ევანგელიზაციას, ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მორწმუნეების უფლებათა დაცვას, საყოველთაო მშვიდობას, თანასწორობას, იმ იდეალების განხორციელებას, რასაც ისახავს ორი მსოფლიო მოძრაობა – „რწმენა და წესრიგი“, „სიცოცხლე და შრომა“. 1961 წელს კონსტიტუციის პრეამბულა განივრცო და ასე ჩამოყალიბდა: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არის თანამეგობრობა ეკლესიათა, რომლებიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად საღვთო წერილის მიხედვით, იღვწის, რათა აღასრულოს მოწოდება ერთი ღმერთის – მამის, ძისა და წმიდა სულის – განსადიდებლად“. ამჟამად ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შედის თითქმის ყველა მართლმადიდებელი, ლუთერანული, რეფორმატორული, პრესვიტერიანული, კონგრეგაციონალისტური, ანგლიკანური, ბაპტისტური, მეთოდისტური, ძველკათოლიკური ეკლესიები, კვაკერები. 1961 წელს მისი წევრი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, 1962 წელს – საქართველოს მართლმადიდებელი და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები. რომის კათოლიკური ეკლესია წევრობაზე ჯერჯერობით თავს იკავებს. იგი მხოლოდ მეთვალყურეებს გზავნის სხდომებზე სიტყვის უფლებით. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, 2008 წლის მონაცემების მიხედვით, აერთიანებს 200 ქვეყნის 500-მდე სხვადასხვა ქრისტიანულ რელიგიურ გაერთიანებას. რეზიდენცია მდებარეობს ჟენევაში. ჰყავს გენერალური მდივანი და ერთდროულად ექვსი პრეზიდენტი, რომელთაც ირჩევენ 4 წლის ვადით. ქრისტიანული ეკუმენური დიალოგის გვერდით უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს, ე.წ. პანეკუმენური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული ეკლესიებისა და დიდი მსოფლიო რელიგიების: ისლამის, ბუდიზმის, იუდაიზმისა და ინდუიზმის მრავალმხრივი დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს. დღესდღეობით, მსოფლიოში რამდენიმე პანეკუმენური ფორუმი მოქმედებს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9