საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსული შედარებით ახალი კონცეპტი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა შეიძლება გულისხმობდეს როგორც ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკის, პოზიციისა და პროგრამების ცვლილებას, ისე - იდეების შემუშავებას ამ ინტერესების დასაცავად, ან მათ შეთავაზებას საზოგადოებისათვის. ამას გარდა - საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მხრივ ხმის ამაღლებას, მნიშვნელოვანი საკითხებისათვის თვალყურის დევნას და გადაწყვეტილებების მიმღებთაგან შესაბამისად გადაჭრის მოთხოვნას.
Source: სოციალური პოლიტიკა საქართველოში №1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
კამპანია ან ქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სოციალური ჯგუფის ინტერესთა ან უფლებების დაცვისაკენ. ადვოკატირების კამპანიის ზემოქმედების ობიექტს წარმოადგენს ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა – სახელმწიფო ჩინოვნიკები (გადაწყვეტილების მიმღები პირები); ზემოქმედების მიზანია გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების მიღწევა (მაგალითად, კანონების მიღება) იმ ჯგუფთან მიმართებაში, რომლის ინტერესებზეც მიღებული გადაწყვეტილება მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას. ადვოკატირების მიზანია უფლებათა დაცვა და არა შეხედულებების გავრცელება, როგორც მაგ. პროპაგანდის დროს.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34