1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჟა ჟე ჟი ჟუ
ჟენ ჟეს

ჟენევის დიპლომატიური კონფერენცია

1949 წელს მიღებულ იქნა ოთხი კონვენცია, მათ შორის ,,კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ.” [...] IV კონვენციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მტრის ხელში მყოფი პირების დაცვას. ისინი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: სამოქალაქო პირები, რომლებიც მტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ომის დაწყების წინ პირები შეიძლება აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დიპლომატიური და საკონსულო დაცვის გარეშე. იმისათვის, რომ მათი უფლებები არ იქნას დარღვეული, კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა უნდა დაიცვან კონვენციით გათვალისწინებული წესები; კერძოდ, თუ უსაფრთხოების წესები არ კრძალავენ, მტრის ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო პირებს შეუძლიათ დატოვონ ეს ტერიტორია. თუ ისინი ვერ წავიდნენ, მაშინ მათ ისევე უნდა მოექცნენ, როგორც სხვა ნებისმიერ უცხოელს, ხელისუფლებამ მათ უნდა შეუქმნას მინიმალური დაცვის გარანტიები. ამ პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იშოვონ ანაზღაურებადი სამუშაო, მიიღონ დახმარების ამანათები, ისარგებლონ სამედიცინო დახმარებით და ა.შ. ამ სახელმწიფოს უფლება აქვს მიიღოს აუცილებელი ზომები მათზე კონტროლის განსახორციელებლად, ან გადასცეს ისინი მესამე სახელმწიფოს იმ პირობით, თუ ისინი IV კონვენციის მონაწილენი გახდებიან. ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა სარგებლობს IV კონვენციის ყველა მუხლით, აგრეთვე, 1907წ. ჰააგის დებულებებით ისინი მთლიანად დაცული არიან საერთაშორისო სამართლით. მათი სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება შეიცვალოს იმ სახელმწიფოს ცალმხრივი აქტის მეშვეობით, რომელმაც მისი ოკუპაცია მოახდინა. სამხედრო ოკუპაციის დროს შენარჩუნებულ უნდა იქნას ამ ტერიტორიის ადრინდელი მდგომარეობა (status quo ante), ამიტომ არ შეიძლება ადრინდელი კანონმდებლობის გაუქმება. მაგრამ მას მათ წინააღმდეგ მიმართული მტრული აქციებისაგან დასაცავად შეუძლია სპეციალური კანონები გამოსცეს. სახელმწიფო ოკუპანტი ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა მოსახლეობამ ნორმალური ცხოვრება განაგრძოს. სახელმწიფო ოკუპანტს არ შეუძლია მოახდინოს იმ პირთა ძირითადი უფლებების იგნორირება, რომლებიც საერთაშორისო სამართლით დაცული არიან. მაგალითად, აკრძალულია მოსახლეობის დეპორტირება, მათი სხვა ადგილას იძულებითი გადაყვანა (IV კონვენცია, მუხლი 49). ასევე, დამპყრობ სახელმწიფოს არა აქვს უფლება ამ ტერიტორიაზე გადმოასახლოს თავისი მოსახლეობა. მოსახლეობის იძულებითი შრომა ისეთი სახით, როგორც ეს II მსოფლიო ომის დროს იყო, არ დაიშვება. მათი შრომაში ჩაბმა მკაცრად განსაზღვრულ ინსტრუქციებს უნდა ექვემდებარებოდეს. დამპყრობმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს: ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მოსახლეობის საკვებით მომარაგება, ჰუმანიტარული ტვირთის შემოსვლა და ტრანსპორტირება. ეს წესები უნდა ექვემდებარებოდეს შუამავალი სახელმწიფოს ან წჯსკ-ს კონტროლს. მტრის ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირები და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით. ისინი უფლებამოსილი არიან დაიცვან საკუთარი ღირსება, ოჯახური უფლებები, რელიგიური შეხედულებები, მრწამსი, წეს-ჩვეულებები. მათ ნებისმიერ დროს უნდა მოეპყრან ჰუმანურად, მათ მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული იძულებითი ღონისძიებები. მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად მიმართოს დახმარებისათვის შუამავალ ქვეყნებს, წჯსკ-ს, ან იმ ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებს, რომლის ტერიტორიტორიაზეც იმყოფებიან. შუამავალი სახელმწიფოების და წითელი ჯვრის ორგანიზაციების წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან მოინახულონ ისინი თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
Source: ხუჯაძე ვალერი, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა საომარი მოქმედებების დროს //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9