1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბეა ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბერკლი ჯორჯ

(1685-1753 წწ.) - მისი ემპირიზმი არსებითად უკავშირდება არამატერიალიზმს, როგორც მატერიის არსებობის უარმყოფელ კონცეფციას. ბერკლი ირლანდიაში, დისერტში, წარმოშობით ინგლისელების ოჯახში დაიბადა. სწავლობდა დუბლინის უნივერსიტეტში (ტრინიტი კოლეჯი), სადაც რამდენიმე წელი პროფესორის რანგშიც გაატარა. ღრმად განათლებული ბერკლი (მისი ბიბლიოთეკა 20.000-მდე ტომს მოიცავდა) ფილოსოფიისკენ მიდრეკილებას მოციქულის მოწოდებასავით აღიქვამდა. 1713 წელს ის ლონდონს გაემგზავრა „თავისუფალ მოაზროვნეებთან“ (ანუ ათეისტებთან, რომლებიც თავს თავისუფლად მოაზროვნეებს უწოდებდნენ) შესარკინებლად. ბერკლი, როგორც პროტესტანტი მღვდელი, ათეიზმსა და ურწმუნობაში ევროპის სულიერი მომავლისთვის დიდ მუქარას ხედავდა. რელიგიურმა შემართებამ მას ამერიკაში მისიონერად წასვლისკენ უბიძგა, იქ ბერკლი 1728-1731 წლებში მოღვაწეობდა. ირლანდიაში დაბრუნებული ბერკლი კლოინის ეპისკოპოსად აკურთხეს. ამის შემდეგ მან მთლიანად საეპისკოპოსო მოვალეობათა შესრულებას მიუძღვნა თავისი ცხოვრება, თუმცა არც „თავისუფალი აზროვნების“ წინააღმდეგ ბრძოლა შეუწყვეტია. 1752 წელს ოქსფორდში დამკვიდრდა და ერთი წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა.ბერკლის შრომები მისი აზროვნების ორ ფაზას წარმოგვიდგენენ. პირველ ფაზაში ემპირიულ იდეალიზმს ვხედავთ, რომელიც უფრო ცნობილია ფილოსოფიის ისტორიაში, მეორე ფაზაში ბერკლი ნეოპლატონისტური ფილოსოფიისკენ იხრება. ბერკლის პირველი შრომაა „შენიშვნების წიგნი“ (Commonplace book); შენიშვნები მოაზროვნემ პედაგოგიური მოღვაწეობის პირველ წლებში გააკეთა, მაგრამ ეს შრომა წიგნად მხოლოდ 1871 წელს გამოიცა. თავად ავტორის მიერ გამოქვეყნებული პირველი ნაშრომია „ნარკვევი ხედვის ახალი თეორიის შესახებ“ (1709 წ.). 1710 წლით თარიღდება ბერკლის მთავარი შრომა „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“, 1713 წელს გამოქვეყნდა „სამი დიალოგი ჰილასსა და ფილონუსს შორის“ (მატერიალისტსა და სპირიტუალისტს შორის), რომელიც გამარტივებული სახით გადმოგვცემს ბერკლის დოქტრინას. ამერიკაში ყოფნისას ბერკლიმ გამოაქვეყნა თავისუფალ მოაზროვნეთა წინააღმდეგ მიმართული შვიდი დიალოგი, სახელწოდებით „ალციფრონი“. 1744 წელს გამოქვეყნდა მოაზროვნის უკანასკნელი წიგნი „სირისი“, რომელიც ბერკლის ფილოსოფიის ახალ, ნეოპლატონისტურ მიმართულებას გვაცნობს.ბერკლისთვის ფილოსოფია, თუნდაც ყველაზე ამაღლებული, რელიგიური მსახურების საშუალებად რჩება. მისი იდეალია მისიონერი, რომელიც მოქცევასა და გაქრისტიანებას ემსახურება. ათეიზმის გავრცელების საფრთხე არწმუნებს ბერკლის, რომ მხოლოდ ქადაგება არ კმარა, საჭიროა ასევე წერა, წმინდა ფილოსოფიური კვლევის წარმართვა. აზროვნების ასპარეზზე ათეიზმის დასამარცხებლად ბერკლი ჟურნალისტად და ფილოსოფოსად იქცევა. მისი აზრით, ათეიზმის საფუძველი ჰედონისტური მატერიალიზმია, რომელიც ადამიანებს დედამიწასთან აკავშირებს. გულმართალ და მიამიტ ბერკლის მიაჩნია, რომ მთელი ბრძოლა მატერიის კონსისტენციის შესახებ დისკუსიით შემოიფარგლება; ამით აიხსნება მატერიალისტურ დოქტრინებზე მისი შეტევები. დეკარტისა და ლოკის მსგავსად, ბერკლისთვისაც „იდეა“ ზოგად (სამკუთხედის იდეა და ა.შ.) ან ცალკეულ (პეტრეს ან ამ კატის, ამ ვარდის და ა.შ.) „წარმოდგენას“ უტოლდება. ლოკი აღიარებს ცალკეულ იდეებსა და ზოგად იდეებს, (ეს უკანასკნელნი აბსტრაგირების გზით მიიღება). ბერკლი მხოლოდ ცაკეულ იდეებს (არსებულ რეალობათა აღმნიშვნელ ხატებებს) აღიარებს და უარყოფს ლოკისეულ ზოგად, ანუ აბსტრაქტულ იდეებს. იგი დარწმუნებულია, რომ მატერიის დაშვება, აქედან გამომდინარე, მატერიალიზმითურთ ლოკის აბსტრაქტულ იდეებს უკავშირდება და თავდაუზოგავად აკრიტიკებს ამ იდეებს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9