1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უნა უნე უნი

უნივერსალური ცივილიზაცია

ტერმინი ვ.ს.ნაიპოლს ეკუთვნის.ნაიპოლის იდეა ზოგადად გულისხმობს კაცობრიობის კულტურულ გაერთიანებას, მთელი მსოფლიოს ხალხების მიერ საერთო ფასეულობების, რწმენა-წარმოდგენების, ორიენტაციების, ტრადიციებისა და ინსტიტუტების გაზიარებას. ყველა საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული ძირითადი ღირებულებანი - როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობის ბოროტებასთან გაიგივება; საერთო საბაზო ინსტიტუტები - მაგალითად, სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ოჯახის ინსტიტუტი. საზოგადოებათა უმრავლესობას ერთმანეთის მსგავსი „მორალური კოდექსი“ აქვს - ელემენტარული ზნეობრივი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ „უნივერსალური ცივილიზაციის“ ცნებაში ეს აზრია ჩადებული, იგი ღრმა და მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, ეს არც ახალია და არც აქტუალური. ის ფაქტი, რომ ადამიანებს აქვთ რამდენიმე საერთო ფუნდამენტური ღირებულება და ინსტიტუტი მთელი ისტორიის განმავლობაში, შეიძლება გვიხსნიდეს ადამიანის ქცევის გარკვეულ კონსტანტებს, მაგრამ მას არ ძალუძს შუქი მოჰფინოს ან ახსნას ისტორია, რომელიც სავსეა ადამიანის ქცევაში მომხდარი ცვლილებებით. ვაცლავ ჰაველი, ამტკიცებდა, რომ „ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ერთ გლობალურ ცივილიზაციაში“ და რომ იგი სხვა „არაფერია, თუ არა თხელი საბურველი“, რომელიც „ფარავს ან მალავს კულტურათა, ხალხთა, რელიგიათა სამყაროების უდიდეს მრავალფეროვნებას, ისტორიულ ტრადიციებსა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ შეხედულებებს; ყველაფერი ეს, გარკვეული აზრით, მის საფარქვეშაა მოქცეული“. გასათვალისწინებელია, რომ „უნივერსალური ცივილიზაცია“ შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ელემენტების აღსანიშნავად, რომელთა არსებობა დამახასიათებელია ცივილიზებული საზოგადოებებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ქალაქები და განათლებულობა - ის, რაც განარჩევს მათგან პირველყოფილ საზოგადოებებსა და ბარბაროსებს. ეს, ცხადია, ტერმინის მეთვრამეტე საუკუნისეული გაგებაა, რომელიც ცივილიზაციის მხოლობით რიცხვს გულისხმობს და რომლის მიხედვით, უნივერსალური ცივილიზაცია პერსპექტივის საქმეა, ანთროპოლოგებისა და პირველყოფილი საზოგადოებების ბედით შეწუხებული ხალხის საუბედუროდ. ამ გაგებით, ცივილიზაცია, კაცობრიობის ისტორიის მსვლელობის კვალობაზე, თანდათანობით ფართოვდებოდა და მისი (მხოლობით რიცხვში) გავრცელება თავსებადი იყო სხვადასხვა ცივილიზაციის (მრავლობით რიცხვში) არსებობასთან. ტერმინი „უნივერსალური ცივილიზაცია“ შეიძლება აღნიშნავდეს წარმოდგენებს, ფასეულობებსა და დოქტრინებს, რომლებიც საერთოა ბევრი ადამიანისათვის დასავლურ ცივილიზაციაში და ზოგიერთებისათვის - სხვა ცივილიზაციებში. მეოთხე, მიღებული აზრია, რომ დასავლურ წარმოდგენათა სისტემებისა და პოპულარული კულტურის საყოველთაო გავრცელება მთელს მსოფლიოში უნივერსალურ ცივილიზაციას ქმნის. ეს მოსაზრება არც ღრმაა და არც მნიშვნელოვანი. კულტურული სიახლეები ცივილიზაციიდან ცივილიზაციას გადაეცემოდა მთელი ისტორიის მანძილზე. ერთი ცივილიზაციის წიაღში გაჩენილ ინოვაციას, როგორც წესი, მეორე ცივილიზაცია ითვისებს. XIX საუკუნეში დასავლეთის კულტურული სიახლეები პოპულარული გახდა ინდოეთსა და ჩინეთში, რადგან იქ შეიმჩნეოდა დასავლეთისადმი ლოიალურობა. მოსაზრება, თითქოს პოპულარული კულტურისა და სამომხმარებლო საქონლის მთელს მსოფლიოში გავრცელება დასავლური ცივილიზაციის ტრიუმფია, აუფასურებს კიდეც თავად დასავლურ კულტურას.დასავლური კულტურის არსია Magna carta (თავისუფლების დიდი ქარტია), და არა Magna Mak (დიდი სენდვიჩი). ამერიკის გავლენა მსოფლიო კინოზე, ტელევიზიასა და კონოპროდუქციაზე აღემატება კიდეც ამერიკის პოზიციებს საავიაციო მრეწველობაში. გლობალური კავშირის საშუალებები დასავლური გავლენის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე გამოხატულებაა. თუმცა, ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს არადასავლურ საზოგადოებათა პოპულისტ პოლიტიკოსებს, ლანძღონ დასავლური კულტურული იმპერიალიზმი და დარაზმონ თავიანთი საზოგადოებები გაქრობის პირას მყოფი საკუთარი კულტურების ერთიანობის დაცვისა და გადარჩენისათვის. გლობალურ კომუნიკაციათა სფეროში დასავლეთის გავლენის მასშტაბები დასავლეთისადმი არადასავლურ საზოგადოებათა მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების მთავარ წყაროდ (მიზეზად) გვევლინება. მეტიც, 1990-იანი წლების დასაწყისში არადასავლურ საზოგადოებათა მოდერნიზაციამ და ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა ადგილობრივი და რეგიონული მედიაინდუსტრიის გაჩენა, რომლის მუშაობა გათვლილი იყო იქაური საზოგადოებების გემოვნებაზე. რონალდ დორს მოყავს დიპლომატიურ წრეებსა და საზოგადო მოღვაწეებში გლობალური ინტელექტუალური კულტურის გაჩენის შთამბეჭდავი მაგალითი, თუმცა საბოლოოდ მიდის ავტორიტეტულ დასკვნამდე, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციების ინტენსიფიკაციის გავლენასთან: „როგორც წესი [ხაზგასმა ავტორის], კომუნიკაციების შემჭიდროებამ და დახვეწამ უნდა უზრუნველყოს საფუძველი ურთიერთობათა დათბობისათვის ნაციებს შორის, სულ ცოტა - საშუალო კლასებს შორის, ან, თუნდაც, დიპლომატიურ წრეებში“, თუმცა, დასძენს იგი, „წესი ყოველთვის არ წესობს.“ უნივერსალური ცივილიზაციის ცნება დასავლური ცივილიზაციის კუთვნილებაა. XIX საუკუნის იდეა „თეთრი კაცის საზრუნავის“ თაობაზე ამართლებდა არადასავლურ საზოგადოებებზე დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბატონობას. XX საუკუნის მიწურულს კი უნივერსალური ცივილიზაცია გამართლებას უძებნის სხვა საზოგადოებებზე დასავლეთის კულტურულ გავლენასა და მათ მიერ დასავლური წეს-ჩვეულებებისა და ინსტიტუტების უპირობოდ ათვისების აუცილებლობას. უნივერსალიზმი დასავლეთის იარაღია არადასავლურ კულტურებთან დაპირისპირებისათვის. როგორც ხშირად ხდება ხოლმე მარგინალური და რწმენაშეცვლილი ადამიანების შემთხვევაში, ერთიანი ცივილიზაციის იდეის ყველაზე დიდი დამცველები დასავლეთში განათლებამიღებული ხალხია, როგორიცაა ნაიპოლი და ფუად აჯამი, რომელთათვისაც ეს ცნება სავსებით დამაკმაყოფილებელი პასუხია მთავარ კითხვაზე: „ვინ ვარ მე?“ „თეთრი კაცის ნეგრი“ - ასე უწოდა ერთმა არაბმა მოაზროვნემ ასეთ მიგრანტებს. უნივერსალური ცივილიზაციის იდეა ნაკლებად იმსახურებს მოწონებას სხვა ცივილიზაციებში. არადასავლელი დასავლურს ხედავს იმაში, რასაც დასავლელი უნივერსალურად მიიჩნევს. რასაც დასავლელები ნაყოფიერ გლობალურ ინტეგრაციას უწოდებენენ (მაგალითად, მსოფლიო მედიის გავრცელება), არადასავლელები გმობენ, როგორც საძულველ დასავლურ იმპერიალიზმს. დასავლელები მსოლიოს მთლიანობაში აღიქვამენ, სხვები კი ამ მთლიანობაში საფრთხეს ხედავენ. უნივერსალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების ვარაუდი ემყარება ერთ-ერთს სამი მოსაზრებიდან იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ეს მოხდეს: პირველი უკავშირდება მოსაზრებას, რომ საბჭოთა კომუნიზმის კრახი მოასწავებდა ისტორიის დასასრულს და მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაო გამარჯვებას. ეს არგუმენტი გამომდინარეობს ცივი ომის პერიოდის მცდარი წარმოდგენიდან იმის თაობაზე, რომ კომუნიზმის ერთადერთი ალტერნატივა ლიბერალური დემოკრატიაა და პირველის კვდომა მეორის გასაყოველთაოებას იწვევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი, ნაციონალიზმი, კორპორატიზმი და საბაზრო კომუნიზმი (როგორც ჩინეთშია) უამრავი ფორმითაა წარმოდგენილი დღევანდელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო იდეოლოგიის სამყაროს მიღმა მისი უამრავი რელიგიური ალტერნატივა არსებობს. თანამედროვე სამყაროში რელიგია ხალხის ერთ-ერთი, შესაძლოა ერთადერთი მამოძრავებელი და მაკონსოლიდირებელი ძალაა. ნამდვილი ამპარტავნება იქნება იმის თქმა, რომ რადგან საბჭოთა კომუნიზმი დაეცა, დასავლეთმა მთელი მსოფლიო ხელში ჩაიგდო და რომ მუსლიმები, ჩინელები, ინდოელები და სხვები აღფრთოვანებით აიტაცებენ დასავლურ ლიბერალიზმს, როგორც ერთადერთ არჩევანს. სამყაროს ცივი ომის დროინდელი დაყოფა წარსულს ჩაბარდა. უფრო მნიშვნელოვანი - ეთნიკური, რელიგიური და ცივილიზაციური დაყოფა ჯერ კიდევ არსებობს და კონფლიქტის ახალ კერებს წარმოშობს. მეორე: გავრცელებულია მოსაზრება, რომ ხალხთა გაცხოველებული ურთიერთქმედება (ძირითადად - ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, მედია, ელექტრონული კავშირის საშუალებები) წარმოქმნის საერთო მსოფლიო კულტურას. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიურმა წინსვლამ მართლაც უფრო იოლი და იაფი გახადა ფულის მოძრაობა, ტვირთის გადაზიდვა, ადამიანების გადაადგილება, ცოდნის, იდეებისა და წარმოდგენების გავრცელება. ეჭვი არ არის, რომ არსებობს ინტენსიური საერთაშორისო მოძრაობა ამ სფეროებში, მაგრამ ეჭვს იწვევს ამ მოძრაობის შედეგები: ზრდის თუ ამცირებს იგი კონფლიქტის შესაძლებლობას? წარმოდგენა, თითქოს იგი ამცირებს ომის ალბათობას ხალხებს შორის, სულ მცირე, არ მტკიცდება, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს. საერთაშორისო ვაჭრობა გაფართოვდა 1960-იან და 1970-იან წლებში, ასევე ცივი ომის დასრულების შემდეგ ათწლეულში. მაგრამ 1913 წელს საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბებს სარეკორდო მაჩვენებლები ჰქონდა, ხოლო რამოდენიმე წელიწადში ერები ერთმანეთს უმაგალითოდ უსწორდებოდნენ. თუ საერთაშორისო ვაჭრობას აღნიშნულ სიტუაციაში არ შეეძლო ომის თავიდან აცილება, მაშ, როდის შეძლებს? ფაქტები არ მეტყველებს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ საერთაშორისო ვაჭრობა მშვიდობას უწყობს ხელს. 1990-იანი წლების შეფასება კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ აღნიშნულ იდეას. ერთ-ერთი გამოკვლევაში ასკვნიან, რომ „აქტიური ვაჭრობა შეიძლება საკმაოდ ძლიერ გამთიშველ ძალად მოგვევლინოს საერთაშორისო პოლიტიკაში“, და რომ „აქტიური საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები, თავისთავად, ვერ მოხსნის საერთაშორისო დაძაბულობას, ვერ უზრუნველყოფს სერიოზულ საერთაშორისო სტაბილურობას“. მეორე ნაშრომი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მაღალი დონე „შეიძლება იყოს მშვიდობის დამამყარებელი ან ომის გამჩაღებელი, რაც დამოკიდებულია მომავალი ვაჭრობის პერსპექტივებზე.“ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ხელს უწყობს მშვიდობას მხოლოდ მაშინ, „როდესაც სახელმწიფოები მოელიან სავაჭრო ურთიერთობების მაღალი დონის შენარჩუნებას უახლოეს მომავალში“. თუ სახელმწიფოები არ ელიან თანამშრომლობის (ურთიერთდამოკიდებულებების) პერსპექტივას, შედეგად, სავარაუდოდ, ომს ვიღებთ.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9