კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოთ კორ კოს კოფ კოწ

კორომ-და-კორომ

თვალადში ხშირად გაიგონებთ:

„კორომ-და-კორომ მორევია კლანჯა სიმინდსა“.
„კორომ-და-კორომ ასხია ვენახსა“.
„კორომ-და-კორომ გამხმარა“.

ეს ნიშნავს ჯგუფ-ჯგუფად, ადგილ-ადგილ მორევია, ასხია, გამხმარია.

ქიზიყურ ხალხურ მეტყველებაშიაც „კორუმი-ხორუმი – ერთად დაწყობილს, ერთად დაყრილს“ ნიშნავს. ქიზიყური გამოთქმებია: „ღორღის კორუმი“, „ქვიშის კორუმი“ (იხ. „ქიზ. ლექს.“).

„ხენი ჯგუფად მდგარნი“ – ასე განმარტავს კორომს საბა ორბელიანი. ამ განმარტებას იმეორებს „განმარტებითი ლექსიკონი.“ სადაც დამოწმებულია ქართული კლასიკირი მწერლობის და ახალი ყოფის ენობრივი მაგალითები („ნარგავი ტყე, – ტყე-ნერგი“.) და დამატებულია კორომის კუთხური მნიშვნელობები.

„კორომის“ უფრო ზუსტი და მრავალმხრივი მნიშვნელობებია ახსნილი ნიკო და დავით ჩუბინაშვილების ლექსიკონებში:

ნიკო ჩუბინაშვილი „ვეფხისტყოსნის“ ოთხი სტროფის დამოწმებით „ტევრს: მიიჩნევს „დიდ და ხშირ ტყედ“ და უმატებს: ხოლო კორომი არს მცირე, საშუალ მინდურისა მდგომი მრგუალად“.

კორომის ამ განმარტებაში ტევრის – როგორც „დიდის და ხშირის“ საპირისპიროდ ხაზგასმულია ის თავისებურება, რომ კორომი არის მინდვრით გარშემორტყმული მრგვალად მდგარი მცირე ტყე.

დავით ჩუბინაშვილიც ერთგან, სახელდობრ „ტევრის“ განმრტებაში ამბობს: „კორომი – მცირე ტყე საშუალ მინდვრისა“, ხოლო მეორეგან: „კორომი – შუა მდინარეზედ ჯგუფად მდგარნი: ხენი“.

ამ განმარტებაშიც კორომი „ჯგუფად მდგარნი ხენი“-ა, მცირე ტყეა, მაგრამ ხაზი აქვს გასმული იმას, რომ ეს მცირე ტყე მინდვრით ან მდინარით არის შემორტყმული, („საშუალ მინდვრისა“ და „შუა მდინარეზედ“).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9