თა თე თვ თი თმ თო თრ
თოვ თონ თოქ თოხ

თონის სპილენძი

მრთლაც, რას არ იტყვიან ეს თვალადელები!

გაჩუმებული ზიხარ და უსმენ. მეხსიერებას ძაბავ, რომ ნათქვმი არ დაგავიწყდეს. ფანქარს ყველასთან ვერ ამოიღებ. ფანქრიანი კაცი სოფელში არ უყვართ.

რამდენჯერმე გავიგონე, საუბარში უადგილო ადგილას სპილენძი ახსენეს:


„სპილენძი არ უვარგა შენს თონესა... წამტვრეული აქვს სპილენძი!.. აი ჩემი თონის სპილენძი უნდა ნახო“.
შევეკითხე, რა სპილენძზე ლაპარაკობთ-მეთქი. ქალებმა გაიცინეს.
– თონის სპილენძზე... თონის სპილენძი არ იცი, აქ დაიბადე...
– აბა მაჩვენეთ, სად არის თონის სპილენძი.
თონესთან მიმიყვანეს და ამიხსნეს:
თონის სპილენძს თონის პირს ეძახიან, თონის შიგნითა მხარეს, რაც ცეცხლის ალზე ხურდება და გამოსაცხობად პურის გუნდას აკრავენ.

რატომ ჰქვია თიხის ჭურჭლის პირს სპილენძი?

აი ის ფიქრი, რომელიც ამ გამოთქმის გაგონებისთანავე დაებადება ადამიანს... მთქმელები ვერა ხსნიან, უკეთ რომ ვთქვათ, ამ გამოთქმის არაბუნებრივობას ვერ ამჩნევენ.

იქნებ ფერის მიხედვით შეერქვა ეს სახელი?

მართლაც, მოუკალავ სპილენძს თითქოს გამომწვარი თიხისფერი დაჰკრავს... ან იქნებ იმის გამო. რომ ძველად ქართლელი გლეხის ოჯახსი თითქმის ყველა ჭურჭელი სპილენძისა იყო. სპილენძისა იყო საარყე ქვაბი, ღვინის საწყაო, დიდი და პატარა თუნგები. მრავალგვარი ჯამები და სინები და სხვანი. იქნებ ამიტომაც „სპილენძი“ ჭურჭლის ზოგად სახელად იქცა და თონეზეც გავრცელდა.

მაგრამ, რატომ „ქვევრის სპილენძს“ (საინტერესოა, რომ ამგვარი გამოთქმა „სპილენძ-ჭური“ ძველ ქართულში მართლაც არსებობს, მაგრამ სხვა მნიშვნელობით („სპილენძ-ჭური, დიდი ნაღარა“. საბა). საბას სხვა განმარტებით სპილენძ-ჭური ქოსი და სპერმურია. სპერმური სპილენძ-ჭური (ნაღარასავით რომ არი)... ქოსი სხუათა ენაა, ქართულად სპილენძ-ჭური ჰქვიან“. ქოსი და სპერმური საბას დამოწმებული აქვს „ქართლის ცხოვრების“ ტექსტით! „ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილათა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შვება...“ როგორც ჩანს, სპერმური და ქოსი სამხედრო-საზეიმო საკრავები ყოფილა და მათ ქართულად „სპილენძ-ჭური“ რქმევიათ.) არ ამბობენ? იქნებ ამბობენ და მე არ შემინიშნავს?

არა, არა... უფრო ფერთა მსგავსების გამო დაერქმეოდა: ნახმარი, გაპრიალებული თონის პირი მართლაც სპილენძისფერია.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9