აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
ან ანა ანგ

ანაგული

საუკეთესო, თავანკარი, გულის გული, შუაგული, – ასე განმარტავენ თვალადელები „ანაგულს“.

ამ სიტყვას ზედსართავად ხმარობენ და ყველაფერს ურთავენ რაც კარგი და გამოსარჩევია (გარდა ცალკეული შემთხვევბისა, რაზეც ქვემიოთ გვექნება საუბარი).

ანაგული კაცი „ქართული, ანაგული კაცია...“

ანაგული მიწა მიწის სიღრმე, შუა მიწა. „სადამდისაც არ ჩასულა არც ბარის, არც გუთნის პირი“.

ანაგული მამული თავანკარი, საუკეთესო მამული.

ანაგული მთა შუა მთა.

ანაგული რქა ვაზის თამამი რქა.

ანაგულზე დგომა ვინც კარგ მამულზეა დასახლებული, ეტყვიან, „შენ რა გიშავს, ანაგულზე დგეხარო“.

„ანაგული“ უდავოდ კარგის მნიშვნელობით გვხვდება ხალხურ „ეთერიანში“
ეთერო, ანა ქალაქი, ანაგულით აგებული...
არ მინდა ანა ქალაქი, ანაგულით აგებული.

მაგრამ არის შემთხვევები, როცა ანაგული კარგსა და თავანკარას კი არა, უხეიროს ნიშნავს: ერთხელ ანაგული ნიორიც გავიგონე, ჩავიწერე, გამოვიკითხე და გამოვარკვიე: ანაგული ნიორი ნივრის თავის შუაგულია, მაგრამ უვარგისია.
შუაგული, ანაგული და უვარგისი?

საქმე ის ყოფილა, რომ ნივრის შუაგული თურმე სათესლედ არ ვარგა: თუ დასთეს, აღმოცენდება უკბილო ნიორი („ობოლი თავი“)... (გვალვაში კარგ თესლზე ამოსული ნიორიც „ობოლ თავს“ იკეთებს). ანაგული ყოველთვის კარგსა და საუკეთესოს არ ნიშნავს.

ამის გამორკვევამდე ჩემთვის გაუგებარი იყო საბას განმარტება: „ანაგული მატყლის ანაჩეჩია“-ო... ხალხური „ანაგული კარგს, თავანკარსა და საუკეთესოს ნიშნავს, მაშ რატომ ამბობს ქართული ენის გულ-ღვიძლის მცოდნე საბა მატყლის უვარგის ანაჩეჩზე – ანაგულიაო? ან რატომ განმარტავენ სხვა ლექსიკოგრაფები ანაგულს ამგვარად:
ნ. ჩუბინაშვილი: „ანაგული გაჩეჩისაგან დანარჩენი რიოში მატყლისა, ანაჩეჩი, вычески”.
დ. ჩუბინაშვილი: „ანაგული, ანაგვი, ნაგავი, მონაცოცხი, сор”.

ან რატომ განმარტავენ თანამედროვე ლექსიკოგრაფები ანაგულს ადრე შექმნილი ტრადიციის მიხედვით:
ალ. ნეიმანი „ნაძენძი, ანაძენძი, ნაჩეჩი... ანაგული, ჩლა, ჩენჩო“.
ქ. დათიკაშვილი: „очёски“ (ანაძენძი ანაჩეჩი)“.

როდესაც თვალადური ანაგულის მნიშვნელობას და ამ განმარტებებს ერთმანეთს ვადარებდი, კარგახანს ვფიქრობდი, რომ საბას მატყლის ანაჩეჩი უხეირო მატყლის მნიშვნელობით კი არა, საჩეჩელის კბილებში გამოვლილი, გსუფთავებული და დაფთილავებული მატყლის შინაარსით ჰქონდა ნაგულისხმევი.

ჯერ თვალადური „ანაგული ნივრის“ და შემდეგ ხევსურულ დიალექტში დღესაც ცოცხალი“ნაგულას“ გამოჩენამ „ანაგულის“ მნიშვნელობის საკითხი ჩემთვის უფრო ცხადი გახადა.

ხევსურეთში „მატყლის ნაგულას“ არსებობაზე პირველად მიმითითა ს. ქეთელაურმა. „მატყლის ნაგულას“ მნიშვნელობა და საერთოდ, მატყლის ჩეჩვის ზუსტი დახასიათება მთქმელების დამოწმებით მოცემული აქვს ალ. ჭინჭარაულს თავის წიგნში „ხევსურულის თავისებურებანი“ („პირველი ჩეჩვისას საჩეჩლის კბილებში რჩება ხოლმე უხარისხო მატყლი, რომელსაც ნაგულას ეძახიან“). (იმერული „ნაგულე“ ანაჩეჩს ნიშნავს, „ნაწვერე“ კი კარგ მატყლს (ნ. ჟღენტის ცნობით).

საბას „ანაგულისა“ და ხევსურული „ნაგულას“ იგივეობამ ჩემში ეჭვები, იმის გამო, რომ საბა თავის განმარტებაში ანაგულს კარგის მნიშვნელობით გულისხმობდა, გაფანტა. ამ გარემოებამ საკითხი ამგვარად ჩამოაყალიბა:

„ანაგული ერთ შემთხვევაში ნიშნავს საუკეთესოს, კარგსა და თავანკარს (თვალადური „ანაგული კაცი“, „ანაგული მიწა“, „ანაგული რქა“, „ანაგულზე დგომა“, ეთერიანის „ანა ქალაქი... ანაგულით აგებული“, ხევსურული „გულის ყანა“).

„ანაგული“ მეორე შემთხვევაში, ძველი და ახალი ლექსიკოგრაფების განმარტებით – უხარისხო, რიოშ მატყლს, სათესლედ უვარგის ნიორს, ნაგავსა და მონაცოცხსაც კი ნიშნავს. (იმის გამო, რომ მატყლის „ანაგული“ და „ნაგული“ სხვადასხვა მეგონა, ყურადღება არ მიმიქცევია „განმარტ. ლექსიკონის“ ნაგული-სათვის, აგრეთვე ქიზიყურში ნაგილი-სათვის, რაც ხარვეზს ნიშნავს, მითითებულია აგრეთვე „ნაგულა, სიმინდის ნაქუჩი“.

რით უნდა აიხსნას ამგვარი დაპირისპირება – ერთ სიტყვაში კარგისა და ცუდი თვისების თავმოყრა?

ამ საკითხის გამოცნობა შესაძლებელი ხდება სიტყვა ანაგულის გენეზისის გარკვევით.

ანაგული „გული“-დან უნდა მომდინარეობდეს და საგნისა თუ მოვლენის შინაგან მხარეს, შინაგნობას, შინაარსს, გულს უნდა ნიშნავდეს.

მაგალითად, იმის გამო, რომ ღრმად მოხნული მიწა კარგ მოსავალს იძლევა, ქართლელი გლეხი ამგვარ მიწას „ანაგულს“ მისი შინაგანი თვისების მიხედვით ეძახის. ვაზის ძლიერ რქასაც იმიტომ ეძახის „ანაგულ რქას“. რომ საერთოდ რქის ძლიერებაზეა დამყარებული მოსავლის სიჭარბე. ასევე ხევსურის თქმით კარგი ადგილის ყანა „გულის ყანაა“. ამგვარ ყანაზე თვალადელი კაცი იტყვის, „ანაგული ყანააო“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა საგნის შინაარსი, მისი შინაგული უარყოფითი თვისებისა თუ ხარისხის გამომხატველია – სიტყვა ანაგულიც უარყოფითის გამომხატველი ტერმინია („ანაგული ნიორი“, ხევსურული „ნაგულა მატყლი“, ქიზიყური ნაგულა: ხარვეზი და სხვ.).

თვალადური „ანაგულის“ და ქართული ენის სხვა კილოების „ნაგულა-ნაგულის“-ს შედარების შედეგად შესაძლებელი ხდება იმის გამორკვევა, რომ სიტყვა „ანაგულს“ ვიწრო მნიშვნელობა არა ჰქონია. ანაგული მხოლოდ „მატყლის ანაჩეჩი“ არ ყოფილა. ანაგული საგნისა თუ მოვლენის გულის გული, მისი შინაგანი და ძირითადი თვისება, მისი შინაარსია.

 
„მიწას თავიცა აქვს, გულიცა და ანაგულიცა“.
„ფერდა მამული ფერდაა, ხრიოკი – ხრიოკია, ანაგული კი ვაკე მამულია, თავანკარი“.
„ანაგული მთა – შუა მთაა. აქეთაც ბარია, იქითაც“.
„ანაგული რქა იყო და კარგა დახარდა“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9