და დე დი დო
დიდ დილ

დიდებიანი

ეს სიტყვა გვხვდება ერთ იშვიათ ლექსიკით მდიდარ ხალხურ ლექსში და ნიშნავს დიდებულს, მშვენიერს.

ალვის ხევო და ხელვარდო, ზამბახიანო,
სათალალო და ბროლო და შუბლ სადაფიანო,
მარად დიდებიანო, ეშხით სრულო, ენატკბილო და შაქარო,
ლომო გრიმო, მარგარიტო, მზე უღრუბლოდ აღმოსრულო.

გარდა „დიდებიანო“-სა საინტერესოა „სათალალო“ და „გრიმო“, თუ ეს უკანასკნელი სიტყვა დამახინჯებული „გმირო“ არ არის. თუმცა ლექსის შინაარსი უფრო ქალისადმი მიძღვნილ ეპითეტებს გულისხმობს: „ხელვარდო“, „ზამბახიანო“... „მარგალიტო“.

ეს ლექსი შეტანილია პ. უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში“, მაგრმ ხალხური წარმოშობისა არ უნდა იყოს. ლექსის წყობა და ლექსიკა მწიგნობრულია.

შემდეგ მინაწერი: უსაფუძვლო არ გამოდგა ჩემი ეჭვი იმის გამო, რომ ზემოთმოყვანილ ლექსში „ლომო გრიმო“-ს მაგივრად „ლომო გმირო“ უნდა ყოფილიყო. პ. უმიკაშვილის კრებულში არის მეორე, მცირე ვარიაცია ამ ლექსისა, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს ქება მამაკაცისადმია მიძღვნილი:

ჩემო ძმაო, საყვარელო, ულვაშ კოკობ ამოსრულო,
ლომო, გრიმო, მარგარიტო, მზე უღრუბლოდ აღმოსრულო,
აფხანაკთა საყვარელო, ჯარშიდ ქებით გამოსულო,
მიბრძანებდე სამსახურსა, რომ შევძლებდე, ჩემო ძმაო.

„გრიმო“ კორექტული შეცდომა არ უნდა იყოს, რადგან ორივე ტექსტში ასე იკითხება. შესაძლოა, ჩამწერს უცვლელად დაეცვას მთქმელის ნათქვამი, ან ეს გაუგებარი სიტყვა სხვა რამეს ნიშნავდეს.

ორივე ლექსი ჩაწერილია დ. ბარნაბიშვილის მიერ 1871 წელს სენაკის მაზრაში და ახლავს რედაქტორის შენიშვნა: „ამ ლექსს მღეროდნენ იქ თოხნის დროს და დღესასწაულ დღეებში“.

სხვა ხალხურ ლექსში (უმიკაშვ. 88), რომელიც ჩაწერილია კახეთში, გვხვდება ასეთი ადგილი:

„...ათი ათასი ოსმალი ათ კაცზედა წამოვიდა.
გრიმი გოგია სარდალი არიგებდა თავისთავსა.
სტყორცნა და წყალში ჩაყარა...“

მწერალ ნ. აგიაშვილის ცნობით, იმერეთის სოფლებში მას გაუგონია გმირის ნაცვლად „გრინი“.

 
„შენც დიდი გრინი ვინმე ხარ“!
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9