და დე დი დო
დაგ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დატ დაუ დაქ დაღ დაც დაძ დაჯ

დარილი

„რას უდარიალებ?“
ჩვეულებრივი გამოთქმაა. რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაში დღესაც იხმარება და თვალთვალს, ზვერვას, ყურისგდებას, დარაჯობას ნიშნავს.

ვინც უდარიალებს – ვიღაცას უთვალთვალებს, ზვერავს, ჩასაფრებულსავით არის და დროს ეძებს, რომ თავისი განზრხვა სისრულეში მოიყვანოს. ეს თვალთვალი თუ ზვერვა უბრალო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი არაა. დარილს გარკვეული მიზანი აქვს.

თვალადელები დარილს ამგვრად განმარტავენ:
„უდარილა – უდროვა, „მომენტი უპოვა“, დრო უშოვა.
უდარილებს – დროს ეძებს, რომ თავისი ბოროტება მოასწროს.
უდარილებენ – უთვალთვალებენ, უდარაჯებენ, დროს უპოვნიან.

მაგლითად, თუ დედა ეზოში მოთამაშე ბავშვს უთვალთვალებს, ან თუ მეზვრე თავის ვენახს დარაჯობს, არ იტყვიან, „დედა ბავშვს უდარილებს“, ან „მეზვრე ვენახს დარილობსო“.

„დარილი“ რაღაც ფარულად განზრახულს გულისხმობს, უფრო ხშირად ცუდს, ისიც უნდა ითქვას, თანამდეროვე ქართლელი გლეხის მეტყველებაში ეს „ცუდი განზრახვა“ ზოგჯერ აღარ გამოსჭვივის, „დროს წაუღია“, მაგრამ უფრო ხშირად იგრძნობა, რომ ოდესღაც ეს ყოფილა მთავარი.

აი ხევსურული ლექსი, სადაც „დარილი“ ავი განზრახვის, მიპარვის მნიშვნელობით არის ნახმარი:

შინშო, მთას იქით დაშორდი, თორ გიპირობენ დარილსა,
შენ ჩემ უჭკოს ჭკვას უჯერე, თორ სად ხვრეტ ნიორ-მარილსა!

როგორც ჩანს, მხოლოდ უბრალო თვალთვალისა და დარაჯობის მნიშვნელობა აქვს შერჩენილი „დარილს“ ქიზიყურ მეტყველებაში. „ქიზიყურ ლექსიკონში“ შეტანილი „დარიელობა (ზ. ჭუმბურიძე მწერს: „...საინტერესოა, რომ თ. ბაგრატიონი ბროსესადმი გაგზავნილ ერთ წერილში ამ სიტყვით ცდილობდა აეხსნა გეოგრაფიული სახელი დარიალი (ცხადია, ეს ახსნა მცდარია მაგრამ თვით ფაქტი კი საყურადღებოა)“.) დარაჯობად არის განმარტებული (თუმცა ამ განმარტებას კითხვის ნიშანი უზის).

„დარილი“ საბას განმარტებით „ჟამთა ძიებაა“, ხოლო დ. ჩუბინაშვილის ახსნით „დროს შერჩევა“. ამ ორ ლაპიდარულ ახსნას, „განმარტებით ლექსიკონი“ უმატებს: „დარაჯობა, ზვერვა, თვალთვალი“ და სათანადო მაგალითების დართვით განმარტავს „დარილის“ მნიშვნელობას.

ეს განმარტება ვერ ამოსწურავს დარილის მნიშვნელობას: აკლია ის, რითაც ეს სიტყვა განსხვავდება ჩვეულებრივი „დარაჯობისა, ზვერვისა და თვალთვალისაგან“. გაუშიფრავი „ჟამთა ძიება“ და „დროს შერჩევა“ ლექსიკონის მომხმარებელს არაფერს ეუბნება. ძველ ლექსიკონებში ჩახედვა და ბეჯითი ჩხრეკვა თუ მიახვედრებს „დარილის“ კონკრეტულ მნიშვნელობას.

ეს ჩახედვა და ჩხრეკა ბევრ საინტერესო მასალას იძლევა „დარილის“ მნიშვნელობის ზუსტი დადგენისათვის.

იქ, სადაც საბა ორბელიანი „დარილს“ „ჟამთა ძიებას“ უწოდებს, იმასაც მიგვითითებს, „გულის-წყრომაში ნახეო“.

„გულის-წყრომა“ კი საბას განმარტებით სამგვარი ყოფილა: რისხვა, ბორგა და დარილი (მზერა).
„რისხვაი არს გულის-წყრომა ჯეროვანი შემცოდეთათვის“.
„ბორგა არს მიუმყოვრებელი (მიმყოვნებული) ნაღველი დ დაუცადებელი უწესო გულის-წყრომაი“.
„ხოლო დარილი არს რისხვა მეძიებელი ჟამთა ტანჯვისათვის ვისიმე, რომელ არს მზერა“.

როგორც ვხედავთ, საბას მახვილ თვალს შემჩნეული ჰქონდა სამგვარი „გულის-წყრომა“.

1. რისხვა შემცოდეთა, დამნაშავეთა მოქმედებით გამოწვეული ნორმალური, ზომიერი („ჯეროვანი“) გულისწყრომა ყოფილა.
2. ბორგა აჩქარებული („ხანდაზმული“) გულჯავრიანობა და მოუთმენარი („დაუცადებელი“) უწესო გულის-წყრომის გამომჟღავნება.
3. ხოლო ჩვენთვის ამჟამად საინტერესო „დარილი“ ყოფილა ვისიმე ტანჯვისათვის ჟამის მაძიებელი რისხვა, ანუ მზერა.

მაგრამ რა არის „მზერა“?

საბა არც მზერას ტოვებს აუხსნელად. ის ამბობს: „მზერა არს გულის-წყრომისა დამარხვა, რომელ არს დარილი“.

„გულის-წყრომის დამარხვა“ ნიშნავს ამ გრძნობის გულში ჩადებას, ფარულად შენახვას, რისხვისა და გაჯავრების გასაიდუმლოებას, ისევე, როგორც ერთ ძველ წერილშია ნათქვამი „...ყოვლის ხვაშიადისა ჩემისა დამმარხველი“ (იხ. შახნავაზის სამძიმრის წერილი საბა ორბელიანის ძმის ვახუშტის გარდაცვალების გამო. „ე. თაყაიშვილის „საქ. სიძველენი“, ტ. II, გვ. 220) – საიდუმლოს, გულისნადების შემნახავს ნიშნავს.

ცხადია, „დარილი“ მხოლოდ უბრალო დარაჯობა, ზვერვა, თვალთვალი არ ყოფილა, „დარილი“ გულში ფარულად შენახული რისხვა, გულის-წყრომა და განზრახვის შესრულებისათვის შესაფერ ჟამთა ძიებაა. (საბას თავის ლექსიკონში სხვა ასეთი განმარტებებიც აქვს: „უმზირდა მოკლედ ეძიებდა“. „მზირი ყაზახი, გინა მსტოვარი“.).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9