გა გე გვ გო გრ გუ
გაა გაბ გად გაე გაკ გამ გან გაო გაპ გარ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაწ გაჯ

გაწლობილი

ძალიან გამხდარ, გალეულ, გავწრილებულ ადამიანზე იტყვიან: გაწლობილიაო.

ამ სიტყვას ხმარობს რუსთაველი თავის პოემის ერთ სტროფში:

დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა ვითა თმასა.

(ჩემს მიერ იმის აღნიშვნა, რომ ესა თუ ის სიტყვა მავან და მავან ძეგლში გვხვდება, არ ნიშნავს, რომ უფრო ძველში, ან საერთოდ სხვაგან არ იყოს. სადაც შემხვდა, იქიდან ვიმოწმებ).

იესე ბარათაშვილის „ანდერძში“ გვხვდება „სიწლო“: „რამეთუ ვარ სიმაღლითა ასაკისთა შვიდისა ჩარექისა წყრთეული, სიწლოთა ფრიად წვლილ და მჭლე, ხელნი და ფერხნი მსუბუქ და წვლილ...“

სიწლო ქართლურ მეტყველებაში დღესაც იხმარება სიწვრილის გამომხატველად და სიმსხოს საპირისპირო შინაარსს შეიცავს (შდრ. საბას: „მოწლო ცოტად წურილი“).

ამ ორი სიტყვის დამოკიდებულების გარკვევისათვის საინტერესოა რუსთაველის ზემოთმოყვანილის მომდევნო სტროფის მეორე სტრიქონი:

მზე გამავსებს, მზევე გამლევს,
ზოგჯერ ვსხვლდები, ზოგჯერ ვწვლდები.

სიწლო გარდა ქართლურისა, იხმარება ქიზიყურ მეტყველებაშიც და სიწვრილე-სიგანეს ნიშნავს (იხ. ქიზიყ. ლექს.).

სიწლოს (სიწვრილე) და სიმსხოს (სიმსხვილე) უკავშირედება სიხშოს საკითხსაც. სიხშოს საბა ასე განმარტავს: „ესე არს ღრუბელი და ნისლი მისთანანი ზრქელად და ხშირად იყოს“.

როგორც ამ განმარტებიდან ჩანს, სიხშო არის სიხშირე და სისქელე. ამ განმარტებას აზოგადებს და უფრო მარტივად ხსნის საბას მოწაფე ნიკო ჩუბინაშვილი: „სიხშო, სიხშირე ტევრთა, ანუ სისქელე ნისლთა და ღრუბელთა“.

სიხშო, როგორც ჩანს, საგნის შინაგან თვისებაზე მიგვითითებს (სისქე, სიხშირე), ხოლო სიწლო და სიმსხო საგნის თვალით დასანახ გარეგნულ მხარეზე (სიწვრილე-სიმსხვილეზე).

 
„რამ გააწლო და გალია ეს გოგო ასე, ლამის წელში გადაიმტვრეს“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9