აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
აბა აბო

აბანოურის ხე

აბანოურის ხე გვხვდება თედო რაზიკაშილის მიერ კახეთში ჩაწერილ ხალხურ „ეთერიანში“. აბესალომის ავადმყოფობით შეწუხებული მარეხი ეუბნბა ეთერს:
...ისეთ სასახლეს აგიგებ,
სულ მარმარილოს ქვისასა,
შიგა-შიგ ფიცარს ჩაუყრი
აბანოურის ხისასა,
წინ საჩრდილობელს მოვიყვან
მაღალსა ალვის ხისასა. (იხ. „ხალხ. სიტყვიერ.“, ტ. 4, გვ. 101, მიხ. ჩიქოვანის რედაქციით).

გარდა ამ ვრიანტისა, ეს იშვიათი სიტყვა შეუნახავს პ. მირიანაშვილის გალექსილ „ეთერიანსაც“:
ისეთ სასახლეს აგიგებ,
სულ პატიოსნის თვლისასა,
შიგა-შიგ ფიცარს ჩავუყრი
აბონოურის ხისასა.

შესაძლოა პ. მირიანაშვილის „ეთერიანში“ ბევრი რამ, და „აბანოურის ხე“-ც თ. რაზიკაშვილის ვარიანტიდან მოდიოდეს, რომელიც ადრე გამოქვეყნდა (1909 წ.).

„აბანოური“ გახალხურებული ფორმა უნდა იყოს „აბანოზი“-სა.

საბა ამბობს: „აბანოზი სხვათა ენაა, ქართულად ეკალ-მუხა ჰქვინ“-ო. ეს უცხოობა თუ სხვაგნებურობა თითქოს ხლხსაც უგრძვნია და ამიტომაც გაუქართულებია („განმრტ. ლექსიკონი“ განმარტავს: „ეკალმუხა იგივეა, რაც აბანოზი“.)

ალ. მაყაშვილს ეჭვი შეაქვს საბას განმარტების სისწორეში, ეკალმუხა არ მიაჩნია აბანოზის სინონიმად. ეკალმუხას იგი სხვა შავმერქნიან მცენარედ სთვლის (იხ. ბოტანიკ. ლექსიკ. „აბანოზის“ სქოლიო).

ერთი კი ცხადია, ხალხური „აბანოურის ხე“ ძვირფასი ხე უნდა იყოს. ზემოთმოყვანილ ლექსებში იგი იხსენიება ზღაპრული მარმარილოს სასახლის დამამშვენებლად, რომლის აგებასაც მარეხი ეთერს ჰპირდება.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4 : წერილები ; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9