წა წე წვ წი წკ წო წრ წყ
წკი

წკიპარტი და წკიპურტი

წკიპარტი ჰქვია ნამგლის ერთი გამოსმით გამომკილ პატარა ხელეურს, რომელსაც პატივისცემის ნიშნად მიართმევდნენ ხოლმე სამკალში მისულ საპატიო კაცს, მებატონეს, ან ახლოს გამვლელ მგზავრს, რომელიც მკელებს თავის მხრივ ხვავიან მოსავალს, ბარაქას უსურვებდა და ფულით ასაჩუქრებდა.

დასაჩუქრებული გლეხი შემდეგ დაწნავდა პურის ჯვრას და, თუ ხელი მიუწვდებოდა, სამაგიერო საჩუქრად გაუგზავნიდა დამჯილდოებელს.

სხვა მნიშვნელობით აქვს ახნილი „წკიპარტი“ საბა ორბელიანს. მისი განმარტებით „წკიპარტი“ საბა ორბელიანს მისი განმარტებით „წკიპარტი თითის კურა“-ა (ხევსურულადაც ს. ქეთელაურის ცნობით „ისკიპარტი ჰკრა“ ნიშნავს – წკიპარტი ჰკრა). საბას მომდევნო ლექსიკოგრაფებიც ამ შინაარსით განმარტავენ წკიპარტს.

„წკიპარტი ერთი თითის მეორეზედ დასხლეტით შემოკვრა“. (ნ. ჩუბ.).

„წკიპარტი თითით წაკვრა, щелчок (აჭარულ დიალექტში „წკიპარტი“ ნიშნავს თითის კვრას (ფრიდონ ხალვაშის ცნობით). (დ. ჩუბ.).

თუ თანამედროვე ქართულ მეტყველებასა და ლიტერატურას დავაკვირდებით, დღეს თითის კვრას წკიპურტი ჰქვია და არა წკიპარტი, ასევე განმარტავს „წკიპურტს“ 1959 წელს გამოცემულ რუსულ-ქართული ლექსიკონი: „щелчок წკიპურტი, წკიპურტის კვრა, ცხვირში წკიპურტის კვრა... თითების ტკაცუნი“.

როგორც ვხედავთ, ახალმა ქართულმა მეტყველებამ ანგარიში გაუწია საბა ორბელიანსა და მისი საქმის გამგრძელებლების განმარტებას და წკიპარტი „წკიპურტით“ შეცვალა.

ქიზიყური „წკიპურტიც“ ყანის მკასთან არის დაკავშირებული და სტ. მენთეშაშვილის განმარტებით ნიშნავს „ხელეურის შესაკვრელ წველს“. რაც თავისი დანიშნულებით ქართლურ ულოს მოგვაგონებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ულოთი ძნას კრავენ, ქიზიყურ „წკიპურტს“ კი ხელეურებს „აგრეხენ“ („წკიპურტ-ნაგრეხი მუჭეულები“).

ქართულ დიალექტებში, ლექსიკონებსა და ზეპირ თუ წერილობით მეტყველებაში წკიპარტისა და წკიპურტის მნიშვნელობათა არევა გასაკვირველი არ უნდა იყოს ამ ორი სიტყვის გარეგნული მსგავსების გამო. შესაძლოა, ამის მიზეზი სხვა უფრო არსებითი რამეც იყო – სახელდობრ, მათი არქაული მნიშვნელობის იგივეობა.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9