წა წე წვ წი წკ წო წრ წყ
წია წილ წინ წის წიქ წიწ

წიწანა

„წინწანაქართან“ დაკავშირებით უნდა შევეხოთ „წიწანას“ საკითხსაც. ვასილ ბარნოვის განმარტებით „წიწანა“ – პატარა ჯამია ხისა. ამავე მწერლის თხზულებათა სრული კრებულის ახალი გამოცემის პირველი ტომის „სიტყვების ახსნაში“ კი „წიწანა“ ამგვარად არის განმარტებული: „პირველად მიღებული არაყი (ერთ ლიტრამდე)“.

უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უბრალო ლაფსუსია, რაც გამოწვეულია ამ ორი სიტყვის (წინწანაქარი და წიწანა) მსგავსებით, მაგრამ „წიწანას“ საკითხი ერთგვარ გარკვევას მოითხოვს, რომ „წიწანას“ მნიშვნელობაც დაზუსტდეს და ვასილ ბარნოვის განმარტების სისწორეც დადასტურდეს.

მიხ. ჩიქოვანის რედაქტორობით გამოცემულ „ფშაური ხალხური სიტყიერების“ მესამე ტომში მოთავსებული ლექსი „ყეინიათ ქალი“, სადაც ასეთი ადგილია:

წითელ მოის კაბა ეცვა, შეიდიშის ნიფხავია,
კარგუნელან ძუძუანი, როგორც ჩალის წიწანია,
სამჯერ ისე შემაკრთუნა, ფეხქვეშ მეძრენ მიწანია.
მაგასთანამც დამაწვინა, მამცა იმთვენ იღბალია.

ცნობილი მწერალი და ამ ლექსის ჩამწერი, შესანისნავი ლექსიკოგრაფი თედო რაზიკაშვილი „წიწანს“ ამგვარად განმარტავს: „წიწანი – პატარა ხის ჯამი. ჩალისა – ბაზარში რომ ჭრელ ჯამებს ჰყიდიან“.

ცხადია, მართალი იყო სოლ. ხუციშვილი, როცა ვასილ ბარნოვის თხზულებათა „სიტყვების ახსნის“ განმარტებას გამოეკამათა და აღნიშნა: „მგონი თვით ვ. ბარნოვის განმარტება უფრო მართებულია“-ო „ლიტ. გაზ.“ (1961, ივნისი).

ოღონდაც! ვასილ ბარნოვი ამაში არ შეცდებოდა.

ფშაურ კილოს მხარს უჭერს ხევსურულიც. წიწანი ხევსურულადაც ხის პატარა ჯამია:

„უდგამ ფურ-ს ხის პატარა ჯამით („წიწნით“) საგერებ-ს ალოკვინებენ (იხ. ამ ლექსიკონში: „მოგერისება“).

ეს სიტყვები მოყვანილია ალ. ჭინჭარაულის წიგნიდან: „ხევსურულის თავისებურებანი“, ავტორს „წიწანის“ ხმარება დამოწმებული აქვს ხევსურული ლექსითაც:

„ხოდედა რასა-ღ მიუდგამს საფერებიან წიწანსა“

(„ხევს. პოეზია, აკ. შანიძის რედ. 271)
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9