წა წე წვ წი წკ წო წრ წყ
წაგ წად წაკ წამ წან წას წაფ

წამება, გაწამება

„ვეღარა აწამა რა“-ო იტყვიან, როცა კაცი რაიმე მიზეზით უცებ შეცბება, გაჩუმდება და სათქმელს ვერ დაასრულებს, ან სრულიად არაფერს იტყვის... თქმას ვეღარ მოახერხებს.

„წამება“ თქმაა.

„წამებას“ სხვა მნიშვნელობებიც აქვს და ეს მნიშვნელობები ახსნილია საბა ორბელიანის, ნიკო ჩუბინაშვილის, დავით ჩუბინაშვილის და სხვა ლექსიკოგრფების ნაშრომებში.

მაგრამ ამ შემთხვევაში წამება ჩვენ თქმის, ან არ თქმის მნიშვნელობით გვაინტერესებს.

„წყალობა მოიღეს ჩემზედა, მარა ჯერ არს ჭეშმარიტისა წამება, რაც ზაქარია მოძღვარმა ჩემზედ კეთილი ქმნა, სხვას არავის უყოფია“-ო, ამბობს ერთგან იესე ბარათაშვილი.

ამ ნათქვამში „ჯერ არს ჭეშმარიტისა წამება“ უნდა ნიშნავდეს: „ჯერ არს ჭეშმარიტისა თქმა“.

„რომელნი იგი დუმილით წამებენ და ხმამაღლა ქადაგებენ ღუაწლთა და შრომათა მათთა“ (გიორგი მთაწმინდელი).

აქაც „დუმილით წამებენ“ დუმილით ამბობენ, დუმილით მეტყველებენ უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა, დუმილით ემოწმებიან, დუმილით ადასტურებენ უფრო გამოდიოდეს.

ხევსურულ დიალექტში, ალ. ჭინჭარაულის მოწმობით (იხ. ჟურ., „ცისკარი“ №8, 1962 წ., „ვეფხისტყაოსნის“ ზოგი ადგილის გაგებისათვის“), გაწამება „თქმას-გამხელას“ ნიშნავს. მისივე თქმით „ეს სიტყვა ქართულის მონთესავე ზანურში თავისი პირვანდელი მნიშვნელობით არის დაცული: „უწუმერს“ ნიშნავს „ეუბნება“. ეს ძირი სიტყვისა უკავშირდება ქართული და ქართველური ენების ზოგ სხვა სიტყვასაც“.

ალ. ჭინჭარაული ამ მოსაზრებით და სხვა საბუთების მოშველიებითაც ასკვნის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ 134-ე სტროფის მესამე სტრიქონში ნახმარი „გამიწამე“ – მითხარ, მიბრძანე, მიბოძეს უდრის თავისი შინაარსით.

„მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე...“

ქართლურ და საერთოდ ქართულ ზეპირ მეტყველებაზე და ზოგიერთი მხატვრული ნაწარმოების ენაზე დაკვირვებამ მაფიქრებინა, რომ „გაწამება“ გაჩუმებასაც უნდა ნიშნავდეს.

ჩვენში იტყვიან: „გაწამდა, ვეღარაფერი თქვაო“. ეს „გაწამება“ გაჩუმების მნიშვნელობისა უნდა იყოს, ისევე, როგორც ანსატასია ერისთავ-ხოშტარიას ნაწერებში ჩემს მიერ შენიშნული მაგალითები:

„ჩამოვარდა დუმილი, მაყურებლები გაწამდნენ“.
„თვალები დახუჭა და გაწამდა“.

შეიძლება დავსაკვნათ, რომ „გაწამება-წამება“ თქმას ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ გაჩუმების მნიშვნელობითაც იხმარება.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9