სა სვ სი სმ სო სუ სწ სხ
სია სილ სიმ სის სიტ

სისხვა, დასისხვა

სისხვა, დასისხვა, მოსისხვა ფრინველთა სკორეთი იატაკის, აივნის, ეზოს მოთხვრას, დანაგვიანებას, გაბინძურებას ჰქვია. ეს სიტყვა ცოცხალ საუბარში ამგვარად გაისმის:

„მერცხლებს იატაკი დაუსისხავთ... სისხავენ“. „აივნის მოაჯირი დასისხულია“. „მოსისხული ეზო“... „ნასისხარი ფანჯარა“... და სხვ.

ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით არა ჩანს ჩემს მიერ შემოწმებულ ლექსიკონებში. უპირველესყოვლისა არ არის საბა ორბელიანის ლექსიკონის იმ ბუდეში, სადაც „სკორე“-ა განმარტებული და ჩამოთვლილია სკორეს ყველა სახეობა.

ჩუბინაშვილებს აქვთ „სისხი“ ხუშტურის, სიანჩხლის მნიშვნელობით. დავითს აქვს „სისხის ბალახიც“ – Завязный корень, აგრეთვე „სისხა. სისხლზედ ყვანა“. ზ. ფანასკერტელ–ციციშვილის კარაბადინში „სისხა“ მუცელას, დიზენტერიის მნიშვნელობით გვხვდება. ამ მნიშვნელობით „სისხა“ ნახმარი აქვს რ. თვარაძეს თარგმანში; „ორმოცდასამში... ისე იყო მოჯანდაგებული, სისხა გასდიოდა“... ეს მნიშვნელობები რაღაც მსგავსებას ამჟღავნებენ თვალადურ მეტყველებაში შენიშნულთან, მაგრამ გადაჭრით არაფერი ითქმის.

ამ სიტყვის ჩხრეკვის დროს „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ წავაწყდი „სკორეს“ საეჭვო განმარტებას: „სკორე ცხოველთა განავალი, – ექსკრემენტი“.

ეს განმარტება არ არის ზუსტი და ამის გამო ახსნაც სადავო ხდება. დავას იწვევს სიტყვა „ცვხოველთა“-ს უადგილო ხმარება. საბა ორბელიანი „სკორე“-ს ამგვარად განმარტავს: „სკორე განავალი, სკორე ზოგადი სახელი არს ყოველთა განავალთა ცხოელისათა“.

„განმარტ. ლექსიკონის“ ახსნით „სკორე“ ზოგად სახელად აღარ გამოდის, რადგან „ცხოველს“ დღევანდელ ქართულ მეტყველებასა და ლიტერატურულ ენაში დაკარგული აქვს ის ზოგადი მნიშვნელობა, რაც საბას დროს ჰქონდა.

საბა ჩამოთვლის ფრინველის, ძროხათა და კამბეჩთა; თევზთა, მძრომთა, ცხვართა, თხათა და გარეთხათა, კაცთა და სხვათა სკორეთა კერძო სახელებს (ერთგან საბას „კაცის სკორეც“ აქვს ახსნილი), ადამიანსაც ცხოველებში ასახელებს და საერთოდ მისი არაერთი განმარტებით „ცხოველი“ ნიშნავს ცოცხალ არსებას, სულდგმულს, სულიერს („ცხოველი – ცოცხალი“. „ცხოველობა – სიცოცხლე“).

„ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, ესე არს. არათუ, კერპთა უსულოთა ვხადი, არამედ ცხოველსა ჩუენესა უფალსა და ცხოველსა სულსა შენსა არა დაგიტოვებ“. უფრო ნათლად გამოსჭვივის ამ სიტყვის საბასეული გაგება სხვა ადგილას: „...უფალსა და მონასაც, ყრმასა და ბერსაც, ცხოელსა და მკუდარსაც, სულიერსა და უსულოსაც“.

„ცხოელი“ აქ საბას ცოცხლის მნიშვნელობით აქვს ნახმარი („ცხოელსა და მკდუარსაც“), ამგვარადვე ფრინველის განმარტებაში საბა ამბობს: „ფრინველი არს ფრთოსანი ცხოელი“.

ახალ ქართულში „ადამიანი“ გამოცალკევდა, გამოეყო „ცხოელს“, ამას ერთი სიტყვის ახსნისას თვით „განმარტებითი ლექსიკონიც“ ადასტურებს: „მძორი – მკვდარი ცხოველის ან ადამიანის სხეული“. (მე-5 ტ. 1216 გვ.).

ნათქვამის მიხედვითვე შეიძლება დავასკვნათ:

სიტყვა სკორე „განმარტებით ლექსიკონში“ ახსნილია ჟამთა ვითარებაში მნიშვნელობაშეცვლილი სიტყვით („ცხოველთა“) და თავისთავად ასახსნელი უცხო სიტყვით (ექსკრემენიტ). პირველი გაუგებრობას იწვევს, მეორე ახსნას ართულებს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9