შა შე ში შლ შო შუ
შეკ შემ შენ შეშ შეძ შეწ შეჯ

შენობა

„შენობა“ თვალადელების თქმით „მორიდებული“ სახელია და მამაკაცის სარცხვინელ ორგანოებს ნიშნავს. ამ სიტყვას, როცა საჭიროება მოითხოვს, თავისუფლად ხმარობენ საუბარში. ამის გამო, ვინც ამ სიტყვის ფარული მნიშვნელობა არ იცის, გაოცდება – ისეთ მიმართულებას იღებს ამ სიტყვის ჩართვით ნათქვამის შინაარსი.

აი როგორ განმარტავენ ჩემი მეზობლები ამ უცნაურ „შენობას“:

„შენობა გაუსხეპავი სახელი კი არ არი, მოთვინიერებული სიტყვაა, რო პატიოსნათ ითქვას... მორიდებული სახელია“.

ჩემი თვალადელი ინფორმატორები სიტყვის ძირების მჩხრეკავი ლინგვისტები არ არიან, მაგრამ მცირე დაფიქრების შემდეგ „შენობა“-ს უყოყმანოდ აკავშირებენ „ნაშენ“-თან, „ნაშენ“-ობასთან, ჩამომავლობასთან.

„შენობა“ ამავე მნიშვნელობით უნდა გვხვდებოდეს გარეკახურსა და კახურ (თელავის რიონი) დიალქეტებშიც, აგრეთვე ჯავახურშიც (სოფ. ბალანთის საშ. სკოლის მასწავლებლის გიორგი ზედგინიძის ცნობით).

ქართლშივე „შენობას“ სხვანაირად „ჩანთა-იარაღსაც“ ეძახიან, უმთავრესად ხუმრობით.

ამ „მორიდებული გამოთქმების“ მრავალი სახეობაა გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თვით საბა ორბელიანის ლექსიკონში ფიქსირებული მამაკაცის „მორი“ და „ლართი პირუტყვთ მორი“-ც (შდრ. ლართხი – „ურემზე დაგებული ფიცარი“, აგრეთვე ფშაური „გრძელი ჯოხი“ („განმარტ. ლექსიკ.“), თვალადურად რომ ვთქვათ, „მოთვინიერებული და მორიდებული“ სახელები უნდა იყოს.

სულხან ქეთელაურის ცნობით, ხევსურულ დიალექტში ამავე მნიშვნელობით იხმარება „კისა“ (ალბათ „ქისა“-დან... შდრ, „ჩანთა-იარაღი“) ასეთი ხევსურული ლექსიც ყოფილა:

შამიხენეთ ისაკასა, ნაბღლებ ჰგავის ციცათასა.
...წყალთ კი არ ეხეთქიების, ნებას აძლევს კისათასა.

ხევსურულშივე ყოფილა „მოთვინიერებული“ გამოთქმა „დედ-მამის ტანნი“, რაც თურმე მამაკაცის სარცხვინელს ნიშნავს.

ზემო ქართლში ქალის სარცხვინელს „სახლ-კარი“ ჰქვია. სახელგატეხილ, ცუდი ყოფაქცევის ქალს „სახლკარმონგრეულს“ ეძახიან.

„ეგ კახპა, ეგ სახლკარმონგრეული, ეგა, ვეღარ დაცხრა, ვეღარ მოისვენა“.

პეტრე უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში“ არის ასეთი ლექსი:

ქალო, შენსა დერეფანსა,
ბოძ მოუდგამ, არ დავანგრევ,
მე რო შენი ქმარი ვიცი, –
შაუბერამ, გადავაქცევ.

ეს ლექსიც, რა თქმა უნდა, „მოთვინიერებული“, შეფარვით ნათქვამი პორნოგრაფიაა, (შდრ: საბას „მორი“, „ლართი“ და ლექსის „ბოძი“, აგრეთვე – ამ ლექსის „დერეფანი“ და „სახლ-კარი“.).

ზემო-იმერეთში ამგვარი მოთვინიერებული სახელი ქალისათვის ყოფილა „ავეჯი“.

ამ ტიპის სახელების არსებობა ამართლებს ჩემი თვალადელი მზობლების ნათქვამს: „შენობა გაუსხეპავი სახელი კი არ არი, მოთვინიერებული სიტყვაა, რო პატიოსნად ითქვას... მორიდებლი სახლია“-ო. ეს განმარტება შეიძლება გავავრცელოთ ყველა ჩამოთვლილი „მოთვინიერებული“ სახელის მიმართ. ეს სახელები ზრდილობის ნომრებით აკრძალული სიტყვების შინაური სახელებია.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ამ შინაურ სახელებს ხალხი არჩევდა და არქმევდა შინაარსეული (შენობა, ნაშენობა, ნაშენი) თუ გარეგნული (ჩანთა-იარაღი, ქისა, მორი) მსგავსების გათვალისწინებით.

როგორც ვხედავთ, ქართული ენის დიალექტებში სარცხვინელთა „მოთვინიერებული და გასხეპილი“ სახელების ხმარება ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. ეს მოვლენა ფიქსირებულია საბა ორბელიანის ლექსიკონშიც (მორი, ლართი), ამის შემდეგ ბუნებრივად მეჩვენება – დიდი ქართველი ლქსიკოგრაფის საბა ორბელიანის ერთ განმარტებას სხვა თვალით შევხედო და შევეცადო მის დაკავშირებას თვალადურ „შენობა“-სთან.

საბას განმრტებით „შენობა კაცრიელობაა“.

ადრე ეს განმარტება ჩემს ეჭვს არ იწვევდა და მესმოდა პირდაპირ კაცრიელის და უკაცრიელის ანალოგიით – მოშენების, ადამიანთა დასახლების შინაარსით, ისევე, როგორც კაცრიელობას განმარტავს დვით ჩუბინაშვილი: „კაცრიელობა – ადამიანობა, მოშენებულობა, ან დასახლებულობა ადგილთა“. ისე, როგორც ეს სიტყვა ნახმარი აქვს შოთა რუსთაველს:


„მაგრა დავყარებ არენი მე კაცრიელთა თემთანი“.

მაგრამ თვალადურმა „შენობამ“ და ზემოთჩამოთვლილმა მრავალმა მაგლითმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩემი შეხედულება. ჩემი ეჭვი უფრო გააძლიერა „კაცრიელობის“ და „კაც“ ფუძიდან მომდინარე სიტყვების შინაარსმა ქართლურ მეტყველებაში.

ქართლურ მეტყველებაში „საკაცე“ იგივე „შენობა“. ამავე მნიშვნელობით იხმარება „სიკაცრიელე“ და „კაცობა“. ხშირად გაიგონებთ ასეთ გამოთქმებს:

„საკაცე გაუხმეჲ მგ უნამუსოსა, ორღობეში ქალს არ გაატარებს“.
„სიკაცრიელე რო გაუქრეჲ, რაც ქვეყანაზე კაცია, მგაჲ მაინც არ...“
„საკაცეში ბიჭია...“
„კაცობა არა ჰქონია“.

ხომ არ არის საბას მიერ განმარტებული „შენობა“ თვალადურ „შენობა“-სავით ფარული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა?

შესაძლოა, საბა ორბელიანის „შენობა“ მეტ დაკვირვებას მოითხოვდეს, ხალხური „შენობისა“ და მისი მსგავსი „მოთვინიერებული და გასხეპილი“ სახელების არსებობა კი ქართული ენის რამდენიმე დიალექტში უტყუარი ფაქტია.

 
„იმ უბედურ თებრას თავის ბიჭისთვის უნებურად მდუღარე გადაუსხამ და შენობა დაუწვია“.
„სოსანაანთ ბიჭსა მდუღარე გადაჲსხმია და შენობა დაჲწვია“.
„ძაღლი შენობაში წაჲწვდომია...“
„შენობაში ფეხი ამოუკრამ...“
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9